დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალი ისმის, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
განგაშის რუკის მიხედვით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ხერსონის რეგიონისა და დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან თავდასხმებს მოელიან, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ თეთრმა სახლმაც მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ. თეთრი სახლი უკრაინაში დარჩენას სულ უფრო სახიფათოდ მიიჩნევს.
„თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ ღირს იქ ყოფნა. თუ ვინმე დარჩა, ახლა საუკეთესო დროა, დაიწყოთ იმის დაგეგმვა, თუ როგორ დატოვებთ ქვეყანას“, – ციტირებს CNN ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის სიტყვებს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში დიპლომატიური მისიის რაოდენობაში ცვლილებას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული იერიშების გაძლიერების პოტენციური საფრთხის გამო დიპლომატები უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებენ, თუმცა ამ ეტაპზე კიევის დატოვება არ იგეგმება.