ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ღია წერილში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პირდაპირ ლაპარაკობს საქართველოს „ომში ჩათრევის“ სცენარზე, აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, შვეიცარიულ ბანკში დაბრკოლებულ ფულზე. აქებს „ქართულ ოცნებას“ და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფრთხილებისკენაც მოუწოდებს.
ბიძინა ივანიშვილის წერილში „ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის - არის მკაფიო ქვეტექსტებიც“ კულისებში მომხდარ ამბებზე და ყველაფერის თქმა ღიად არ შეიძლება, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
წერილის შინაარსი სხვადასხვანაირად იქნა აღქმული - საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ბრალდებების დადასტურებად, შანტაჟად, დათმობის გადაწყვეტილებად.
ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დადასტურებით, პრაქტიკულად ხელი მოაწერა ყველა იმ ბრალდებას, რომელიც „ოცნებიდან“ წასულმა სამეულმა, თავის ბოლო წერილში, უკვე არა მხოლოდ ელჩის, არამედ პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფოს წინააღმდეგ გააჟღერა. თუმცა განსხვავებული შეფასებით, ივანიშვილმა ამ ტრიოს მოლოდინი არ გაამართლა, ერთგვარად „ცივი წყალი გადაასხა“.
- რა თქვა და რის თქმა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს?
- რა მინიშნებები იძებნება მის ღია წერილში?
ომში ჩათრევა, შეხვედრა აშშ-ის ელჩთან
„გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია“, - წერს ივანიშვილი. ეს იგივე მესიჯია, რაც მანამდე არაერთხელ გაუხმაურებიათ „ქართული ოცნების“ გუნდის ლიდერებსა თუ პარტიის წიაღიდან „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილ დეპუტატებს. ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ივანიშვილი თავად არის მთელი ამ „აბსურდული შეთქმულების თეორიის“ ავტორიც.
იმის გამო, რომ წერილში კონკრეტულად არავინ არის დადანაშაულებული, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ცივი წყალი“ გადაასხა „ოცნებიდან“ წასული სამეულის ძალისხმევას, რომ დასახელებულიყო კონკრეტული ბრალდებული - აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.
„ახსენებს კელი დეგნანთან საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრას, მაგრამ წერილში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ელჩს ჰქონდა წინადადება საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. თუკი ინტერპრეტაციის გარეშე დავეყრდნობით ამ წერილის ტექსტს, იქ ეს არ იკითხება... ფაქტია, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა არავინ დაადანაშაულა და, ვფიქრობ, მაინცდამაინც კმაყოფილი არ უნდა იყვნენ „ოცნებიდან“ განდგომილი დეპუტატები“, - გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი.
მაშინ, როცა პარტიიდან წასულ დეპუტატებს აშშ-ის ელჩისა და ვაშინგტონის მისამართით უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბრალდებები აქვთ, აშშ-ის ელჩთან ხანგრძლივი შეხვედრის ხსენებით ივანიშვილი „ხელს აწერს“ ამ ბრალდებებზე, მიიჩნევენ ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა.
„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი ალიბი შეუქმნა დეპუტატების სამეულის ნათქვამს, რომ ისინი რასაც ლაპარაკობენ, სწორია. დაადასტურა ირიბად ყველაფერი. თან ხაზი გაუსვა, რომ ელჩთან შეხვედრა 3 საათს მიმდინარეობდა - ანუ მასშტაბური და მნიშვნელოვანი საუბარი იყო. მან არაფერი უარყო მათი ნათქვამიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
ბიძინა ივანიშვილის წერილის შინაარსი, 27 ივლისს, თავისი განმარტებებით მალევე შეავსო მიხეილ ყაველაშვილმა. „ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა... გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი - რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა“, - თქვა „ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა.
25 ივლისს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი მიძღვნილ წერილში, რომელიც კვლავ პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, „ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს - განემარტა, „გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული“.
-
"თქვენი [მიმართავენ ელჩს კელი დეგნანს - რ.თ.] განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას... თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა".
-
"თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის - ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა".
-
"როდესაც ამგვარი მიზანი [საქართველოს ომში ჩართვა] გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგს უკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო".
აშშ-ის საელჩოს ბიძინა ივანიშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია და როცა კი შეხვედრია, არასდროს უცდია „ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება“.
დეპუტატების სამეულისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ელჩის განმარტებები იმის შესახებაც, რომ აშშ-ის ინტერესი არა საქართველოს ომში ჩართვა, არამედ მშვიდობა და უკრაინაში ომის დროული დასრულებაა.
„არ დაზიანდეს“ ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან
ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ ახლა, როცა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე „ქართული ოცნების“ გუნდის სწორი მოქმედებების შედეგად „უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული“, დროა, მისმა მოწონებულმა ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზეც იფიქროს.
ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას მნიშვნელოვანი უწოდა „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ხისტი გამონათქვამებით გამორჩეულმა ირაკლი კობახიძემ და პირობაც დადო:
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“.
ივანიშვილის მოწოდება დროში ემთხვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობების უპრეცედენტოდ დაძაბვას. ვაშინგტონსა და ბრიუსელს საკუთარი ელჩების საჯარო დაცვა უწევთ, საქართველოს პრეზიდენტისთვის კი გაუგებარი გახდა - „ქართული ოცნების“ საგარეო-პოლიტიკური კურსი.
მოსალოდნელია თუ არა, რომ ამიერიდან „ქართული ოცნება“ შეცვლის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ტაქტიკას?
ამას ნაკლებად მოელის პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. ის ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ურთიერთობების დარბილების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ 12-პუნქტიანი გეგმის სრულად შესრულება მოუწევს, რაც „მის ინტერესებში არ შედის“, რადგან, თუკი ყველაფერი შესრულდება, შესაძლოა, „ოცნებამ“ მომავალ არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს.
ბიძინა ივანიშვილის წერილში ის კვლავ შანტაჟის შტრიხებს ხედავს:
„გარკვეულწილად, ეს არის შანტაჟი და თქმა იმისა, რომ თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩემს პირად ინტერესებს, დამიწესებთ სანქციებს და „ქართულ ოცნებას“ მისთვის წამგებიანი რეფორმებით და უკან დახევაზე ლაპარაკით ხელს შეუშლით 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებაში, ჩვენ შეიძლება გადავხედოთ საგარეო-პოლიტიკურ კურსს... ახლა დაელოდებიან ალბათ [„ქართულ ოცნებაში“ - რთ] - რა პასუხი მოჰყვება ამას დასავლეთისგან და ამის მიხედვით, შესაძლოა შემდეგ შანტაჟის ენა შეიცვალოს ულტიმატუმებითაც“, - ასე ფიქრობს კორნელი კაკაჩია.
ერთი მხრივ, „ივანიშვილის უვერტიურის შემსრულებლების“ მხრიდან მძიმე ბრალდებების გახმოვანება და, მეორე მხრივ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მოწოდება ერთმანეთთან შეუსაბამოა პოლიტოლოგ გია ხუხაშვილისთვის.
„რანაირად უნდა დალაგდეს ურთიერთობები ასეთი მძიმე ბრალდებების ფონზე?! სისულელეა, ცეცხლზე ნავთი ასხა და მერე კიდევ მეხანძრედ წარმოადგინო თავი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
„ორ სკამზე ჯდომის“ ტაქტიკა და საერთაშორისო პარტნიორებთან „უკან დასახევი გზის დატოვება“ - ასე უწოდა იაგო კაჭკაჭიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წერილში დაინახა „ამომრჩევლის წინაშე სახის შენარჩუნების მცდელობა“, რაც „დასავლეთთან და საქართველოს პროდასავლურ აქტორებთან გარკვეულ დათმობებს“ უსწრებს წინ.
ის არ გამორიცხავს, რომ ეს დათმობები „სააკაშვილის გადაყვანას და გვარამიას გათავისუფლებას შეეხებოდეს“ და „შესაძლოა, მოთხოვნების 12 პუნქტთან მიმართებაში უკან დახევა იყოს“.
პოლიტიკიდან გასვლა - „გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი“
ივანიშვილი წერს, რომ „პოლიტიკიდან გასვლის“ პირობა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში სრულად შეასრულა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ თვალყურს ადევნებდა, „როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი“.
თავისთავად ის, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს, როგორც თავად ამბობს, შეხვდა, ექსპერტებისთვის აშშ-ის მხრიდან მისი არაფორმალური მმართველობის პირდაპირ აღიარებას ნიშნავს.
„თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია, მას რატომ უნდა შეხვედროდა აშშ-ის ელჩი? ალბათ, ეს 3-საათიანი შეხვედრა დენდროლოგიური პარკის მოწყობაზე სალაპარაკოდ არ გაიმართებოდა. აშშ-ის ელჩი, თუკი ივანიშვილს შეხვდა, შეხვდა იმიტომ, რომ იცის, ვინ არის საქართველოში პროცესების ფაქტიური მმართველი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
დავა შვეიცარიულ ბანკთან - „მირჩევნია, ჩემ პირად პრობლემად დავტოვო“
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის მიერ მისთვის ტრანზაქციების შეფერხებას „საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს“; მაგრამ იმის გამო, რომ „საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა“, ივანიშვილის თქმით, ურჩევნია, რომ შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა თავის პირად პრობლემად დატოვოს და „ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო“.
„ან აქამდე რატომ აქცია ეს საქართველოს სახელმწიფოს საქმედ „ქართულმა ოცნებამ“? რატომ იყო [ბიძინა ივანიშვილი - რ.თ.] ჩუმად აქამდე - როცა მისი პირადი კერძო დავის საკითხი სახელისუფლებო ელიტამ აქცია მთავარ სახელმწიფოებრივ პრობლემად?!“ - კითხულობს გია ხუხაშვილი.
ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ივანიშვილი ტოლობის ნიშანს სვამს პირად და სახელმწიფოს ინტერესებს შორის.
შვეიცარიული კერძო ბანკისა (Credit Suisse) და მისი მდიდარი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ამბავი საქართველოში სახელმწიფო დონის პრობლემად მაისის შემდეგ იქცა. 18 ივლისს, ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურზულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ ღია წერილში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციას დააბრალა.
„ქართული ოცნება“ მაისში აღნიშნავდა, რომ გარკვეული ძალები შესაძლოა ტრანზაქციების შეფერხებით, ზეწოლას ახდენდნენ ბიძინა ივანიშვილზე, რათა ის დაბრუნდეს პოლიტიკაში და საქართველო ჩართოს ომში.
ბიძინა ივანიშვილმა ეს თემა აღარ განავრცო, მაგრამ მკაფიოდ თქვა, რომ შესაძლოა რაღაცები სამომავლოდ ისევ ითქვას - „შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს“.
მაისში, როდესაც ამ თემაზე "ქართულ ოცნებაში" ღიად დაიწყეს ლაპარაკი, პარტიასთან აფილირებულმა პირებმა თუ მხარდამჭერმა ჯგუფებმა პირდაპირ დაადანაშაულეს შეერთებული შტატები და მათ შორის იყო ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც.
მისი განცხადება, 27 ივლისს, ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა „POSTV“-მ გაავრცელა, სადაც ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილმა დაადასტურა მისი ვარაუდი და „თვეების მანძილზე, ხელისუფლებას უწევდა ამერიკელების უმძიმეს ზეწოლასთან დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ომი აეცილებინა თავიდან“.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილში გაკეთებულ მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ „შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხები“ „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ უნდა დაეხარჯა, იაგო კაჭკაჭიშვილმა აღიქვა ბიძინა ივანიშვილის სურვილად, ხაზი გაესვა მისი, როგორც მეცენატისა და ქველმოქმედის როლისთვის.
„ივანიშვილი მუდამ ლაპარაკობდა საზოგადოების მხრიდან ჭარბ ნდობაზე, მაგრამ ახლა ხვდება, რომ ამ ნდობას ბზარი გაუჩნდა და მისი პოზიტიური იმიჯის დეკონსტრუქცია ხდება. ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად ხვდება ამას და საკუთარ თავს წარმოადგენს ადამიანად, რომელიც პოლიტიკის ნაცვლად ქველმოქმედებით არის დაინტერესებული და საზოგადოებაზეც ზრუნავს... ამ წერილში გამოჩნდა, რომ მას საკუთარი იმიჯიც აწუხებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.