Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი აზრი "ომში ჩართვაზე" "ქართული ოცნების" პოზიციას ემთხვევა


ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი
ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აზრი საქართველოს "ომში ჩართვასთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიციას ემთხვევა. "ომში ჩართვაზე" საუბარია წერილში, რომელიც ივანიშვილის სახელით მისი უფლებების დაცვაზე მომუშავე იურიდიულმა კომპანია MKD-მ გაავრცელა.

"საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან", - წერია გავრცელებულ წერილში.

"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" წამოსულმა მიხეილ ყაველაშვილმა კი 8 ივლისს საქართველოში აშშ-ის ელჩს მისწერა, რომ ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.

ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა საქართველოს "ომში ჩართვის" სურვილს დაუკავშირა 10 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

"შვეიცარიული ბანკი, კონკრეტული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს. ამის მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მგონია, რომ მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია", - თქვა მაშინ კობახიძემ.

ერთი თვის შემდეგ, 10 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამბობდა, რომ "ფაქტობრივი სანქციების პირობებში" მუშაობდნენ.

"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა: ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. არის ის, რომ ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში..." - თქვა ადვოკატმა.

უკვე 7 ივლისს იურიდიული კომპანია MKD აცხადებდა, რომ წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ახალ შეზღუდვებს უწესებს.

"საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება", - ეწერა ივანიშვილის დაქირავებული იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ემ-ქეი-დი“ 25 ივლისის წერილში უკმაყოფილებას გამოხატავდა იმით, რომ შვეიცარიული მედია არ დაინტერესდა 7 ივლისს მათ მიერ Credit Suisse-ის საკითხზე გამოქვეყნებული პრესრელიზით. რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. როგორც „ემ-ქეი-დი“ მიუთითებდა, ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარიულმა ბანკმა ზომები სწორედ, ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღო.

ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს განცდილი ფინანსური ზარალის გამო ედავება.

XS
SM
MD
LG