Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მუქარას უმატა, უკრაინამ - კონტრშეტევას


ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ი
ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ი

უკრაინისათვის რამდენიმე ერთეული ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემამ, რამდენიმე დღეში იმდენად გააძლიერა უკრაინის არმიის თავდაცვითი პოტენციალი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ღიად დაიმუქრა „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანების შეცვლით, თუ დასავლეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას.

ამ განცხადების ფონია უკრაინის არმიის მიერ სავარაუდოდ სწორედ HIMARS-ის რაკეტების ზემოქმედებით ხერსონის რაიონში, დნეპრზე მდებარე 1,4-კილომეტრიანი სტრატეგიული ხიდის მწყობრიდან გამოყვანა, რომლის გარეშეც რუსეთის სარდლობას გაუჭირდება სამხედრო ძალების მომარაგება ამ ოკუპირებულ რეგიონში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ დაუშვებენ, რომ "უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკი ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს", არსებობდეს შეიარაღება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიას და „იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“.

ხოლო უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც რუსეთმა 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაამყარა კონტროლი, თეთრი სახლის თანახმად, რუსეთმა დაიწყო "ანექსიის სცენარის" განვითარება: „ფიქციური რეფერენდუმების" ორგანიზებით, რუსული რუბლის მიმოქცევაში შეტანითა და ადგილობრივ მცხოვრებლებში რუსული პასპორტების დარიგებით.

სარაკეტო იერიში „გადამწყვეტი მნიშვნელობის ხიდზე“

უკრაინის სამხედროებმა 20 ივლისს დილით ცეცხლი გაუხსნეს ანტონოვკის ხიდს ხერსონის მახლობლად. ის დაზიანდა და ჩაიკეტა სატვირთო ტრანსპორტისთვის. ამის შესახებ ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი და ვლადიმირ სალდო იტყობინებიან.

სტრემოუსოვის თქმით, ხიდს ესროლეს 12 რაკეტა HIMARS-ის სისტემიდან, აქედან 11 მიზანს მოხვდა. მსხვერპლი არ არის, მაგრამ ხიდი „ძლიერ არის დაზიანებული“.

„ხიდი ძლიერ დაზიანდა. იგი რემონტს საჭიროებს, რასაც დრო დასჭირდება. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გავაჩეროთ ხიდზე მოძრაობა“, - განაცხადა მოსკოვის მიერ დანიშნულმა მოხელემ.

მდინარე დნეპრზე გადებული 1,4-კილომეტრიანი ხიდი კი არის ძირითადი კომუნიკაცია და მწყობრიდან მისი გამოსვლის შემთხვევაში რუსეთის სამხედრო სარდლობას გაუჭირდება ამ რეგიონში თავმოყრილი სამხედრო დანაყოფების მომარაგება.

თავის ყოველდღიურ ბიულეტენში ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, რომ აღნიშნული ხიდი რჩება „მნიშვნელოვან სისუსტედ“ მოსკოვისთვის, ხოლო მდინარე დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი გადამწყვეტი ფაქტორია ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლაში, რომელიც „პოლიტიკურად და სიმბოლურად“ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.

მისი მეშვეობით რუსეთს შეუძლია საკუთარი ჯარების მომარაგება ან მათი გამოყვანა დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შესაბამისად, 20 ივლისს სარაკეტო იერიშზე არც რუსეთის პასუხმა დააყოვნა.

უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე ჩასულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაჯგუფებათა სარდლებს დაავალა, რომ გაზარდონ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების ეფექტიანობა რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, ასევე აღკვეთონ უკრაინის არტილერიის მხრიდან "გათავისუფლებულ დასახლებებში" საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა.

უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე პირადად იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც არმიის სარდლობას უბრძანა, გაზარდონ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების ეფექტიანობა რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე და აღკვეთონ უკრაინის არტილერიის მხრიდან "გათავისუფლებულ დასახლებებში" საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა.

20 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას, „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები ისევ შეიცვლება და დღევანდელ ხაზს გასცდება.

ერთ-ერთ ასეთ იარაღად ლავროვმა დაასახელა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ი, რომლის პირველი პარტია უკრაინამ შეერთებული შტატებისგან რამდენიმე კვირის წინ მიიღო და წარმატებით იყენებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მათ მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ დაუშვებენ, რომ "უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკი ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს", არსებობდეს შეიარაღება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიას და „იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“.

ყირიმის სცენარით

რუსეთის მუქარაზე უკრაინის ხელისუფლებას თავისი პასუხი აქვს. კიევმა განაცხადა, რომ მისი მიზანი რუსეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაა, რისთვისაც მას დასავლეთიდან მიღებული თანამედროვე შეიარაღება უნდა დაეხმაროს.

აშშ-მა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ების მიწოდება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინის არმია აშშ-ისგან მიღებულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებსაც გამოიყენებს უკრაინული მიწების დეოკუპაციისთვის.

HIMARS-ის სისტემა მოქმედებაში
HIMARS-ის სისტემა მოქმედებაში

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ „პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში“ განახორციელებს დარტყმას ყირიმის ხიდზე. რუსეთმა ერთ-ერთ ასეთ განცხადებას „ტერაქტის ანონსირება“ უწოდა.

უკრაინას სურს ისარგებლოს დასავლური იარაღით მიღებული უპირატესობით და არ მისცეს მოსკოვს იმ სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, რაც კრემლს ჩაფიქრებული აქვს 24 თებერვლის ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თანახმად, რუსეთმა დაიწყო "ანექსიის სცენარის" განვითარება, ანალოგიური იმისა, რომელიც კრემლმა, ყირიმში ინტერვენციის შემდეგ აამოქმედა და ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. რუსეთმა უკვე დანიშნა "უკანონო რეგიონული ლიდერების" მის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, მათ შორის ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკში. გარდა ამისა, როგორც კირბიმ აღნიშნა, კრემლი აპირებს დაპყრობილ ტერიტორიებზე "ფიქციური რეფერენდუმების" ორგანიზებას, ემზადება რუსული რუბლის მიმოქცევაში შეტანისათვის და აიძულებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

"ძალისმიერი ანექსია გაეროს წესდების უხეში დარღვევაა, და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქმედება დაუსჯელი დარჩეს", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

თეთრის სახლის წარმომადგენელმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში აშშ გამოაცხადებს უკრაინისათვის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ. მოსალოდნელია, რომ პაკეტში იქნება HIMARS-ის კლასის მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები. ამ სახის შეიარაღების რამდენიმე ერთეულის გადაცემამ კიევისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის თავდაცვითი პოტენციალი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მიერ თავდაცვითი მიჯნების და პოზიციების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ის მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, HIMARS-ების დროულად მიწოდებამ და მოწინააღმდეგის მართვის პუნქტებზე, ასევე საბრძოლო მასალებისა და საწვავის საცავებზე დამიზნებით დარტყმებმა.

თუ რამდენად ეფექტიანია ბრძოლის ველზე მაღალი მობილობის ამერიკული საარტილერიო სისტემა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინაში მეომარმა ქართველმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, ვანო ნადირაძემ უამბო.

„ბოლო პერიოდში, როცა გრაფიკით დასავლეთმა მოგვაწოდა ის იარაღი, რაც შეიარაღებაში გვაქვს, განსაკუთრებით აქ HIMARS-ებზეა ლაპარაკი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და გენერალურმა შტაბმა სწორი საბრძოლო ტაქტიკა აირჩია. ანუ [ამ იარაღით] ფაქტობრივად ზურგში უნადგურებენ ლოგისტიკას. იქ საწყობებია, იქ სხვადასხვა რაღაცებია და გუშინ გვქონდა ბოლო ინფორმაცია, და სხვათა შორის ფეისბუკზეც დავდე, რომ [რუსებს] უკვე შიგნით და შიგნით გადააქვთ ეს იარაღის საწყობები. მაგრამ ეს იარაღის საწყობები კი გადააქვთ შიგნით, მაგრამ უკვე იმ ტემპით [რუსები] ვეღარ მიაწოდებენ წინა ხაზს ტყვია-წამალს. ამას ტრანსპორტი სჭირდება, სხვა ბევრი და, რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვძინავს. და პლუს, ამას ემატება, რომ სამხრეთიდან პარტიზანული დაჯგუფებები ძალიან კარგად მოქმედებენ და სწრაფად გვაწვდიან კოორდინატებს მათი გადაადგილების“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვანო ნადირაძემ, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის დაქვედებარებაში მყოფ დანაყოფს მეთაურობს.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწვდის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელშიც შევა კიდევ 4 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ი. ამის შესახებ 20 ივლისს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. ამგვარად, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემების საერთო რაოდენობა 16-ს მიაღწევს.

ასევე, ოსტინის სიტყვებით, ახალ პაკეტში შევა ადრე მიწოდებული ჰაუბიცებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჭურვები. მას არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა მათ შორის 300 კილომეტრამდე მოქმედების გრძელი რადიუსის რაკეტები. ჯერჯერობით უკრაინა იღებდა ჭურვებს, რომლებიც განკუთვნილია დაახლოებით 80 კილომეტრზე სამიზნეების გასანადგურებლად.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს გამოვიდა უკრაინასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. კონფერენცია ონლაინრეჟიმში გაიმართა. საქმე ეხება ე.წ. რამშტაინის ფორმატს - გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის სახელწოდების მიხედვით. იქ გაზაფხულზე გაიმართა იმ 40 ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან და სხვა სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევენ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დახმარების ახალ პაკეტში შევა ასევე ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი NASAMS-ი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინისთვის გადაცემული 12 HIMARS-იდან სამი გაანადგურეს. უკრაინის მხარეს არ უღიარებია არცერთის დაკარგვა. დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ არცერთი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის განადგურებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG