რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას, „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები ისევ შეიცვლება და დღევანდელ ხაზს გასცდება.
ერთ-ერთ ასეთ იარაღად ლავროვმა დაასახელა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ი, რომლის პირველი პარტია უკრაინამ შეერთებული შტატებისგან რამდენიმე კვირის წინ მიიღო და წარმატებით იყენებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მათ მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც.
კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების Russia Today-ს მთავარ რედაქტორთან, მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში, რომელიც დღეს, 20 ივლისს გამოქვეყნდა, ლავროვი ამბობს, ამჟამად „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიაა არა მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“, არამედ ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები და ზოგიერთი სხვა ტერიტორიაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ დაუშვებენ, რომ "უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკი, ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს", არსებობდეს შეიარაღება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიას და „იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის მარტიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიც, სადაც კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ "რეფერენდუმებს" ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.