უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მტრის ტერიტორიაზე“ აქტიურ მოქმედებებს განაგრძობენ.
7 აპრილს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალების სარდალმა ოლქსანდრ სირსკიმ წარუდგინა მოხსენება ფრონტზე არსებული სიტუაციისა და რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების შესახებ.
„ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს საზღვრისპირა რაიონებში, მტრის ტერიტორიაზე და ეს აბსოლუტურად სამართლიანია. ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ამ მოქმედებების მთავარ მიზნად დაასახელა რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის სუმის და ხარკოვის ოლქების რაიონების დაცვა.
ზელენსკის თანახმად, კურსკის ოპერაციის წყალობით შეამცირეს ზეწოლა ფრონტის სხვა მიმართულებებზე, კერძოდ, დონეცკის ოლქში. ბელგოროდის ოლქში აქტიურ მოქმედებებზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა შეიარაღებული ძალების 225-ე მოიერიშე პოლკი და მის სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა ბელგოროდის ოლქში უკრაინელი სამხედროების ყოფნა.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს, ხოლო ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო ოპერაცია ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. უკრაინამ ამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად 18 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სცადეს ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში შეჭრა და დღის განმავლობაში ხუთი იერიში მიიტანეს.
სამინისტროს მტკიცებით, ყველა შეტევა მოიგერიეს და რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების წინ „კიევის რეჟიმის პროვოკაცია ჩაშალეს“.
18 მარტს სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის.
ფორუმი