Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინას კიდევ ოთხ HIMARS-ის სისტემას გადასცემს


შეერთებული შტატები უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწვდის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელშიც შევა კიდევ 4 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ი. ამის შესახებ 20 ივლისს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. ამგვარად უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემების საერთო რაოდენობა 16-ს მიაღწევს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, HIMARS-ი არის „მოწინავე სარაკეტო სისტემები, რომლებსაც უკრაინელები უკვე იყენებენ ძალზე ეფექტიანად და რომლებმაც უკვე საგრძნობლად შეცვალა სიტუაცია ბრძოლის ველზე“. ასევე, ოსტინის სიტყვებით, ახალ პაკეტში შევა ადრე მიწოდებული ჰაუბიცებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჭურვებს. მას არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა მათ შორის 300 კილომეტრამდე მოქმედების გრძელი რადიუსის რაკეტები. ჯერჯერობით უკრაინა იღებდა ჭურვებს, რომლებიც განკუთვნილია დაახლოებით 80 კილომეტრზე სამიზნეების გასანადგურებლად. HIMARS-ების გამოყენებით უკრაინის სამხედროებმა უკანასკნელი კვირების განმავლობაში რამდენიმე დარტყმა მიაყენეს რუსეთის ჯარების ზურგს. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები არ ხორციელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინისთვის გადაცემული 12 HIMARS-დან სამი გაანადგურეს. უკრაინის მხარეს არ უღიარებია არცერთის დაკარგვა. დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ არცერთი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის განადგურებას.

„ახლა ამ კონფლიქტის კრიტიკული ფაზაა. და უკრაინისადმი ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელია. რუსეთი მიიჩნევს, რომ შეძლებს უფრო დიდხანს გაძლოს, ვიდრე უკრაინა და ჩვენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მისი შეცდომების სერიაში,“ თქვა ოსტინმა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა კორექტირებულ იქნება იმისთვის, რომ კიევს ყოველივე აუცილებელი მოეპოვებოდეს აგრესიის მოსაგერიებლად.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს გამოვიდა უკრაინასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. კონფერენცია ონლაინრეჟიმში გაიმართა. საქმე ეხება ე.წ. „რამშტაინის ფორმატს“ - გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის სახელწოდების მიხედვით. იქ გაზაფხულზე გაიმართა იმ 40 ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან და სხვა სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევენ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დახმარების ახალ პაკეტში შევა ასევე ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი NASAMS-ი.

XS
SM
MD
LG