Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციის ხედვა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ივლისს


ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - „არანაირი კომისიების შექმნა და კომისიებში მუშაობა არ სჭირდება ქვეყანას“

ოპოზიციური ჯგუფები და ფრაქციები პარლამენტში დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს. მათ განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობა, რომელთა შესრულება წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია.

ოპოზიციის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მიერ დასახული პირობების შესასრულებლად რიგგარეშე სესიებზე, საკანონმდებლო ცვლილებებია მისაღები. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ დროულად არის დასაწყები მუშაობა ისეთ ცვლილებებზე, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, პროკურატურასთან დაკავშირებული კანონი, დეპოლარიზაციის მიმართულებით პოლიტპატიმრების თემა, საკონსტიტუციო ცვლილებები.

ოპოზიცია თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 1 ივლისს წარმოდგენილი გეგმა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

„კობახიძემ წარმოადგინა დროის გაყვანის და ფუჭად დაკარგვის გეგმა, რადგან არანაირი კომისიების შექმნა და კომისიებში მუშაობა არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - თქვა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ ოპოზიციამ დაიწყო მუშაობა, ეს არის პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, რომლის ბოლოსაც, უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომლის დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი, მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომელზეც კომისია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ არის გამზადებული ინიციატივები, კანონპროექტები, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს“.

წაიკითხე მეტი.

ხელისუფლების შეფასებები 3 ივლისის აქციაზე

3 ივლისს თბილისში გამართულ დემონსტრაციას („შინ ევროპისკენ“) გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი შეფასებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად იქცა.

„სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა, იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს. პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მონაწილეები არიან პოლიტიკური პროცესების“, - თქვა პაპუაშვილმა.

გუშინ 3 ივლისის აქციის შეფასებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ გამოიყენა სიტყვა „ლიბერასტები“.

„გამიჭირდება ამის შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მის დაკმაყოფილებას, არავინ არ აპირებს“, - თქვა რიჟვაძემ.

საქართველოში მოიმატა კოვიდით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კლინიკებში, კოვიდპაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. აპირებს თუ არა ხელისუფლება ინფიცირების შესამცირებლად რაიმე ტიპის რეგულაციების კვლავ შემოღებას, ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არის. ყველა რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში კოვიდინფიცირების პრევენციის მიზნით არსებობდა, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხმარების ვალდებულება, 20 ივნისიდან გაუქმდა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ კლინიკაში 30 ივნისს გადაიყვანა. ანამ კოვიდპანდემიის 5-6 ტალღა ისე გადააგორა, რომ ინფიცირებას გადაურჩა, თუმცა, ბოლო ერთ კვირაში, „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტით გამოწვეულ, ჯერჯერობით, მცირე ტალღას, ვეღარ დაუსხლტა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფრთხიდან გამომდინარე, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანას მკურნალობა კლინიკაში უნდა გაეგრძელებინა.

ანა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი პალატა პაციენტებით ერთ დღეში გაივსო.

საწოლფონდით გათვალისწინებული პაციენტების რაოდენობაზე მეტი მოგროვდა ბოლო სამ დღეში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

უკან დახევა საბედისწერო შედეგების თავიდან ასაცილებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს ლისიჩანსკი, ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდი ქალაქი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება 2014 წლიდან აკონტროლებდა.

ეს სერიოზული დანაკარგია უკრაინისათვის, მაგრამ ქალაქის შენარჩუნებისთვის ბრძოლა შესაძლოა გამანადგურებელი შედეგებით დასრულებულიყო უკრაინის არმიისთვის, რომელიც მოწინააღმდეგის მასირებული საარტილერიო და სარაკეტო იერიშების ქვეშ რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციებს ალყის საფრთხის წინაშე მდგარ ქალაქში.

„ლისიჩანსკზე, ალბათ, ყველა ძალაა გადასროლილი. ქალაქს უტევენ გაუმართლებლად სასტიკი ტაქტიკით“, - აცხადებდა 3 ივლისის დილით ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი.
„თუ სევეროდონეცკში ერთთვიანი ქალაქის ბრძოლებს რამდენიმე სახლი და ადმინისტრაციული შენობა გადაურჩა, ლისიჩანსკში დროის მოკლე მონაკვეთში ადმინისტრაციული შენობები საძირკვლამდეა განადგურებული“.

მას შემდეგ, რაც ლისიჩანსკის დაკავებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სრულად აღადგინეს კონტროლი სეპარატისტულ ლუგანსკის ოლქზე, რუსეთის არმია მთელ ძალას დონეცკის ოლქისკენ მიმართავს.
რას ამბობს დაზვერვის მონაცემები? რა საბედისწერო შედეგი აიცილა თავიდან უკრაინამ უკან დახევით? წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

NAEC-ი ერთიანი ეროვნული გამოცდების პოლიტიზებას დაუშვებლად მიიჩნევს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) განცხადებას ავრცელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

4 ივლისს, გამოცდის შემდეგ ერთ-ერთმა აბიტურიენტმა „მთავარ არხს" უთხრა: „ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა მოვიდა „ამაყი". თავგანწირვაზე იყო, როგორ შეიძლება ადამიანმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინოს რთულ პერიოდშიც კი, როცა მარცხისთვის შეიძლება იყოს განწირული მისი ეს ქმედება“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. NAEC-ი დაუშვებლად მიიჩნევს საკითხის პოლიტიზებას.

წაიკითხე მეტი.

უშუქოდ და უიმედოდ - მიტოვებულები შატილში

უკვე ერთი კვირა და ერთი დღეა, რაც შატილი უშუქოდაა დარჩენილი. ჰესი, რომელიც სოფელს ელექტროენერგიით ამარაგებს, ისევ დაზიანდა. ჯერ არავინ იცის, როდის აინთება სოფელში სინათლე.

შატილში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი, მარგარეტ დაიაური და გიორგი ჭინჭარაული, თითქმის ყოველდღე ითხოვენ დახმარებას სოციალურ ქსელში და მთავრობას მოუწოდებენ, შატილს მოხედონ - ხან დანგრეული კოშკების გადარჩენაზე წერენ გულისტკივილით, ხან უშუქობასა და ჩაშლილ ტურისტულ სეზონზე, ხან ადიდებული მდინარისგან წაღებულ საფეხმავლო ხიდზე ჰყვებიან, რომელიც კოშკებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა... ოღონდ ეს მაშინ, როგორც კი ტელეფონების დატენას მოახერხებენ ხოლმე რომელიმე ადგილობრივის კუთვნილი გენერატორის დახმარებით.

შატილი ჩაბნელებულია. კოშკები ინგრევა. ამბულატორია არ მუშაობს. ხოლო როცა შუქი ქრება, ტელეფონიც ითიშება და ბართან კონტაქტი საერთოდ წყდება.

რას ჰყვება შუქის მოლოდინში მთაში დარჩენილი წყვილი? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

„ვთქვათ, შენ ხარ მფრინავი. დაფრინავ ცაში. ვიღაც სულელი გიცდის სახლში, გიშლის ხელს“. ტაქსი, საბავშვო მედიცინა... დადა დადიანი. მუსიკოსი. საქართველო 30 წლის წინ და 30 წლის შემდეგ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG