Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს [აქტივისტებმა]


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის, რომელ საათზე უნდა გამართულიყო მთავრობის სხდომა დღეს. ამ საკითხზე მას კითხვა ბრიფინგზე ჟურნალისტებმა დაუსვეს.

კერძოდ, ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა აქტივისტების ნათქვამს იმის შესახებ, რომ "მოიგებდნენ და მთავრობის სხდომა არ ჩატარდებოდა".

"არ ვიცი, საერთოდ იყო თუ არა დაგეგმილი, როდის უნდა ჩატარებულიყო - ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებას, თუ მათთან დასვამთ კითხვას... და რა, ტარდება 14:00 საათზე... რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს [აქტივისტებმა]", - უპასუხა ირაკლი კობახიძემ.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, დღევანდელი მთავრობის სხდომა იმ გამონაკლისებს შორის იქნება, რომლის დაწყების წინაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სიტყვით არ მიმართავს.

აქცია "შინ ევროპისკენ", რომლის მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა იყო, 3 ივლისს, საღამოს, პარლამენტის წინ დაიწყო და მისგან რამდენიმე ასეულ მეტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს, 4 ივლისს, დასრულდა. შეკრების დამთავრების შესახებ რამდენიმე ათასიდან ადგილზე დარჩენილ რამდენიმე ადამიანს უთხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.

"მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ღარიბაშვილს, სამაგიეროდ მათ ნაცვლად ვხედავთ ბევრ პოლიციელს - ვიყავით 100-ნი, იყო 500 პოლიციელი. ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა... დავიშალოთ, დღეს ვერ შედგა მთავრობის სხდომა", - თქვა მან.

ეს იყო მესამე აქცია, რომელიც გამართა სახალხო მოძრაობამ, "შინ ევროპისკენ". აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.

XS
SM
MD
LG