Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველა ზომა" ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის - რა შემთხვევაში ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი?


ევროპელ დეპუტატებთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაჟინებული დაპირისპირებისა და „ფარდის ახდის“ დაპირების ფონზე, ბოლო დღეებში საქართველოში ბევრმა გაიხსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.

საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა სახალხო დამცველმა, რომელიც ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ოპოზიციის მოკავშირედ მონათლა. ამავე მუხლთან შეუსაბამობებს ეძღვნება 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებაც.

78-ე მუხლი ნახსენები იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის 10 ივნისის მოულოდნელ პირდაპირ სატელევიზიო ჩართვაში, როცა ის, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებების გამო საქართველოს ევროპული ინტერესების ხელშეშლაზე ლაპარაკობდა.

  • რამდენად რელევანტურია კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოხმობა საქართველოს ევროპულ გზაზე დღეს გაღებული შესაძლებლობის ფანჯრის ფონზე?
  • რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს 78-ე მუხლი დარღვეულად და როგორ დადგება საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის საკითხი?

სიმბოლური თუ გადამწყვეტი?

ერთობლივ განცხადებაში, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამოდ ჩათვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 11 ივნისს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და რომ მისი დაკარგვით "რაღაც სასწაული" დაიკარგება.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას“; ხოლო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება“ საქართველოს მოქალაქეებში „ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს“.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ხმაურიანი განცხადების გაგრძელებად აღიქვეს. დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ 10 ივნისს თქვა, რომ „თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას".

განცხადების ხელმომწერი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ხიდაშელი რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას აცხადებს, რომ დეპუტატ ხუნდაძის განცხადებისთვის შესაძლოა ყურადღება არც მიექციათ, მას რომ პრემიერის კომენტარი არ მოჰყოლოდა და ასევე თავად ხუნდაძეს მნიშვნელოვანი როლი რომ არ შეესრულებინა, მაგალითად, პროცესში, რომელიც 2019 წლის 14 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნით დასრულდა.

„ეს (დიმიტრი ხუნდაძე) ის ადამიანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მაჟორიტარულ სისტემაზე უარის ართქმის შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა, რაც "ქართული ოცნების" ძალიან ბევრი წევრისთვის, მახსოვს, მაშინ მოულოდნელი აღმოჩნდა - ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო... ეს ადამიანი აჟღერებს ხოლმე ჯგუფის პოზიციას წინასწარ - ასე ვთქვათ, ტესტავს, ამოწმებს საზოგადოების მიმღებლობას“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამეტში, 2015-2016 წლებში, თავადაც იყო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი.

დეპუტატმა ხუნდაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, უკვე ზედიზედ მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია, 13 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აზრს ზეწოლით ვერავინ შეაცვლევინებს; ხოლო შემდეგ, გააზიარა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარი 12 ივნისის ტელეეთერიდან, რომელშიც ის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული უსამართლობით განპირობებულს უწოდებს.

13 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში დიმიტრი ხუნდაძე არ უარყოფს ევროკავშირში გაწევრიანების იდეას და მისწრაფებას. თუმცა აღნიშნავს, რომ არ აპირებს ისეთი "ევროპელობის" სანაცვლოდ "ღირსების დათმობას".
„თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე! შევთანხმდეთ ორივეზე და ქართველი ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ნანატრი სურვილი ახდება, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი, რომელიც საერთო პასუხისმგებლობას გაიზიარებს!“, - წერს ხუნდაძე.
„ქართული ოცნების“ ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა ბოლო დღეებში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც სტრასბურგში ასობით დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შეურაცხმყოფელი და უსამართლოა.
ისინი აღინიშნავენ, რომ ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ 23-24 ივნისს მიღებული „უსამართლო“ გადაწყვეტილების შემთხვევაში, ისინი „ფარდას ახდიან“ სიმართლეს და რაღაც კულუარულ ამბებსა და „პირად საუბრებს“ გამოამზეურებენ.

მანამდე სახალხო დამცველმაც

ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე მიუთითებდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელიც უკვე დიდი ხანია, და განსაკუთრებით ბოლო დღეებში - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა იერიშის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. სხვათა შორის, ომბუდსმენზე ხელისუფლების „მუდმივი იერიში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც არის აღნიშნული.

ლომჯარიამ 10 ივნისს ხუნდაძეს მიმართა სიტყვებით - „რას ბედავთ თქვენ?!“, ხოლო 11 ივნისს განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად“.

ლომჯარია წერს, რომ ახლა „ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა".

უფრო ადრე პრეზიდენტმა

78-ე მუხლი, 10 ივნისს, ახსენა სალომე ზურაბიშვილმაც - იმის ხაზგასასმელად, რომ კონსტიტუცია მასაც ავალდებულებს გააკეთოს ყველაფერი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

მოულოდნელად გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ბრიუსელიდან აღნიშნა, რომ „სახელისუფლებო გუნდიდან“ ევროპარლამენტის მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა მას ქვეყნის ევროპული ინტერესების დაცვაში შეუშალა ხელი. აქვე აღინიშნა, რომ მას მთავრობამ ისევ არ დართო ნება საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტებზე.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო პრეზიდენტის ბრალდებები ვიზიტების აკრძალვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ „ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივებში ჩაჯდა“.
ხოლო ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 12 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნააზრევის გაგება მმართველი გუნდისთვის პრობლემა იყო 2018 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც.
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კი პრეზიდენტს იმის გააზრებას ურჩევს, რომ მისი როლი მხოლოდ სიმბოლურია.

„ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტს არაერთმა ყოფილმა მხარდამჭერმა შეუტია - განსაკუთრებით არ მოეწონათ, რომ მან ერთ განცხადებაში ახსენა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილი.

ვინ და როგორ შეიძლება დაისაჯოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის გამო?

მარტივად რომ ვთქვათ, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული 78-ე მუხლის დარღვევისთვის მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი ვერ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა შეიტანს სარჩელს მეორის წინააღმდეგ.

იურისტები განმარტავენ, რომ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად არ არის საკმარისი პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც ისინი ზეგავლენას ახდენდნენ არასახარბიელო პროცესებზე და, მაგალითად, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებაზე.

„გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში საკმაოდ რთულია იმაზე მსჯელობა, დაირღვა თუ არა კონსტიტუციის 78-ე მუხლი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი და იქვე დასძენს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამობა შესაძლებელია დადგინდეს კონკრეტული ქმედებით, ანდა ოფიციალურ დონეზე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გაკეთებული განცხადებებით.

„კონსტიტუციის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს [ევროკავშირის] განაცხადის გამოტანა, ანდა განაცხადზე საჯარო უარის თქმა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ანდა საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან.

ეს სამი თანამდებობის პირია, ვენის კონვენციების თანახმად, რომელთა განცხადებებსაც საერთაშორისო სამართალში მოჰყვება სამართლებრივი შედეგი სახელმწიფოსთვის.

შეიძლება განაცხადი არ გამოიტანონ, მაგრამ თუკი ეს სამი ადამიანი რომელიმე ევროპულ სამიტზე, საერთაშორისო ფორუმზე გააკეთებენ განცხადებას, რომ უარს ვამბობთ, ვთქვათ, კანდიდატის სტატუსზე, ამას მართლაც მოჰყვება ის, რომ შეჩერდება პროცესი. ასეთი ქმედება შეიძლება განხილულ იქნას კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევად“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

მისი შეფასებით, „შანტაჟის ელემენტებს შეიცავს“ ხელისუფლების წარმომდგენელთა განცხადებები, რომ პირობების წამოყენების შემთხვევაში, ანდა წევრობის კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საზოგადოებას რაღაცას ეტყვიან და სიმართლეს ფარდას ახდიან; მაგრამ ამ ეტაპზე გაკეთებული ვერცერთი განცხადება ვერ ქმნის საფუძველს კონსტიტუციური ვალდებულების ჭრილში პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

იურისტების განცხადებით, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს იმპიჩმენტის საკითხი; თუმცა სხვა თემაა - რამდენად შესაძლებელი იქნება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა.

საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად:

  • კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით, შესაძლებელია პარლამენტში დადგეს საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის (მათ შორის - პრემიერის), უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
  • საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
  • საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
  • თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას, პარლამენტი 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
  • საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი საჭიროებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობას. მთავრობის წევრის თანამდებობიდან გადასაყენებლად კი სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
  • თუ პარლამენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში არ დააკმაყოფილა იმპიჩმენტის მოთხოვნა, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
  • ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება, გარდა მთავრობის წევრისა, შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

ამ ეტაპზე გაკეთებული განცხადებებით მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ხედავს „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ჩიტიძე. თუმცა შიშობს, რომ სიმპტომები უკვე მიანიშნებს საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის რისკებზე.

ხელისუფალთა განცხადებებით მას რჩება შთაბეჭდილება, რომ "თუკი წევრობის კანდიდატის სტატუსს უპირობოდ არ მოგვანიჭებენ", მაშინ შესაძლოა ხელისუფლებამ უარი თქვას პირობების შესრულებაზე.

"პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა, ერთნაირად თქვეს - [ევროკავშირის] გადაწყვეტილება და პირობები ისეთივე უსამართლო თუ იქნება, როგორიც ევროპარლამენტარების რეზოლუცია იყო, დავუპირისპირდებითო ფარდის ახდით...

[ევროპარლამენტის] რეზოლუციაში კი ისეთი პრობლემებია ჩამოთვლილი, რომ შესაძლოა პირობებად იქცეს...

„ფარდას ავხდით“ რას ნიშნავს, აბა?! არ გაიზიარებ და არ შეასრულებ ანუ, რასაც გეტყვიან. აბა, სხვა რისთვის, რა მიზეზით უპირისპირდები?!“, - გვეუბნება ჩიტიძე.

იურისტის განმარტებით, თუკი ვთქვათ ევროკავშირმა მიანიჭა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით - პრობლემების აღმოფხვრის დათქმით, ანდა სტატუსის მინიჭებამდე პრობლემების მოგვარება მოსთხოვა, ხოლო ხელისუფლება უარს იტყვის ამ ვალდებულებების შესრულებაზე, ასეთ შემთხვევაში „გამოვა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის 78-ე მუხლისგან განსხვავებულ რაღაცას აკეთებს“ და „ეს შესაძლოა გახდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი“.

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ამონარიდს ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელოდან (კონსტიტუციური სამართალი, 2019 წელი), სადაც ვკითხულობთ, რომ „[კონსტიტუციის] 78-ე მუხლი არ შეიცავს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვის მქონე ნორმას. არამედ მან ქმედითი სამართლებრივი დატვირთვა შეიძლება შეიძინოს. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის იმგვარი ქმედებები, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიზანს აშკარად და უშუალოდ ეწინააღმდეგება, მისი იმპიჩმენტის საფუძველიც კი შეიძლება გახდეს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG