Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ევროინტეგრაციის პროცესზე ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია


საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადება "უპასუხისმგებლო და სახიფათოა".

მათი თქმით, ეს არამხოლოდ აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერცერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება და მის "სიმბოლურ" მნიშვნელობაზე აპელირება მოსახლეობაში ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • "საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას;
  • ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს;
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები".

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  2. სამოქალაქო იდეა
  3. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  4. ღია საზოგადოების ფონდი
  5. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  6. მწვანე ალტერნატივა
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  11. საფარი
  12. რონდელის ფონდი
  13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  17. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  18. უფლებები საქართველო

10 ივნისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის" და "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".

"თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აღნიშნა ხუნდაძემ.

რეზოლუცია უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

11 ივნისს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "თუ [წევრობის კანდიდატის სტატუსზე] გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ახდის".

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

XS
SM
MD
LG