საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ ეხმიანება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შექმნილ პრობლემებს. ის "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ პოსტში პასუხისმგებლობასა და კონსტიტუციის დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.
ლომჯარია სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას აზიარებს, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ამბობდა, რომ "ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა".
"საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!
ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით", - აცხადებს ლომჯარია.
ევროიტნეგრაციის პროცესში გაკეთებული განცხადების გამო გუშინ, 10 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძეც. დეპუტატის აზრით, საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, თუკი "უსამართლო ვალდებულებებს" მიიღებს.
"რაო? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?" - წერს ნინო ლომჯარია.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის" და "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".
"თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აღნიშნა ხუნდაძემ.
რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.
დღეს, 11 ივნისს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "თუ [წევრობის კანდიდატის სტატუსზე] გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ახდის".
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".