საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის". "ინტერპრესნიუსთან" საუბრში მან განაცხადა, რომ "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".
"ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!..
გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა.
რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა...
რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - ამბობს პარლამენტის დეპუტატი.
რადიო თავისუფლება ცდილობს დიმიტრი ხუნდაძისგან დამატებითი კომენტარის მოპოვებას.
ხუნდაძის გარდა, რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი აქვს.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".