Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუცია "ფეიკების" შედეგია, ჩალის ფასი აქვს


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება, "ფეიკების შედეგია". ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად 2012 წლიდან წარმოებს, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის - ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით არაერთ, შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს.

რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, "ის ტყუილები", რომლებიც რეზოლუციაში წერია, ქმნის უარყოფით ფონს, თუმცა იმედი აქვთ, რომ "სამართლიანი გადაწყვეტილება" იქნება მიღებული.

"სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ, ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას, მოგვენიჭოს სამართლიანი სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული", - დასძინა კობახიძემ.

დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“

ასევე ნახეთ

XS
SM
MD
LG