Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციას მიიღებს


ევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები

დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხვალ, 9 ივნისს კი, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციის ტექსტს, რომელიც კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.

რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი. რეზოლუცია ეხება პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც.

ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.

"ევროპის სახალხო პარტია" [EPP] რეზოლუციის პროექტს უერთდება, თუმცა ასევე წარმოადგენს საკუთარ წინადადებებს, რომელსაც 9 ივნისს ცალკე ეყრება კენჭი და რომელიც მოიცავს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებასაც. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

ევროპარლამენტის შეთანხმებული რეზოლუციის ტექსტი მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე

რეზოლუციის პროექტის ტექსტი სრულად (არაოფიციალური თარგმანი):

რეზოლუციაში გათვალისწინებულია საქართველოსთან დაკავშირებული წინა წლების ანგარიშები და რეზოლუციები, მათ შორის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ;

საქართველოში ეუთოს წარმომადგენლის ბოლო ვიზიტის გათვალისწინებით მედიის თავისუფლების საკითხების შესახებ არსებული ანგარიში (2022 წლის 28-29 აპრილი);

2021 წელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება;

2014 წლის 30 აგვისტოს, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმება;

ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, 2021 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი.

  • ვინაიდან საქართველო და ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც ძალაშია 2016 წლის 1 ივლისიდან, ვალდებულნი არიან განავითარონ პოლიტიკური დიალოგი დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლების პატივისცემის გაძლიერების მიზნით;
  • ვინაიდან საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა, რითაც გამოხატა საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფება, რაც ფართო მხარდაჭერით სარგებლობს საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციის ჩათვლით;
  • ვინაიდან გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება აქტიური დემოკრატიის არსებითი ელემენტებია და ხელისუფლების მიერ მათი დაცვა დემოკრატიის კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია; ვინაიდან პლურალისტური, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ფუნდამენტური ქვაკუთხედი და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი;
  • ვინაიდან 2021 წელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმებაში ხაზი გაესვა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის აღმოფხვრის საჭიროებას, მათ შორის სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმის მიღებითა და განხორციელებით, რომელიც ზრდის სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას;
  • ვინაიდან 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტს, მედიის წარმომადგენელსა და მშვიდობიან დემონსტრანტს, "თბილისი პრაიდის" გაშუქებისას, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა, ძალადობრივად დაესხნენ თავს, ძირითადად ულტრამემარჯვენე აქტივისტები. ვინაიდან „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ამ თავდასხმიდან მალე გარდაიცვალა, მიყენებული დაზიანებების გამო;
  • ვინაიდან საქართველოში მედიაგარემო, რომელიც ბოლო წლებში უმჯობესდებოდა, სწრაფად გაუარესდა უკანასკნელ წლებში და 2021 წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშის" წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი ძალადობის შემდეგ, საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმის უპრეცედენტოდ ბევრი შემთხვევა მოხდა. რამაც გამოიწვია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთების გამომხატველი განცხადება მედიის თავისუფლების დასაცავად და საქართველოს მნიშვნელოვანი დაქვეითება მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში (2021 წელს 71.36 ქულით მე-60 ადგილიდან, 2022 წელს 59.9 ქულით 180-დან 89-ე ადგილზე);
  • ვინაიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე ცილისწამების შესახებ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობა იზრდება, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მხრიდან; ვინაიდან, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, სასამართლო პრაქტიკის ცვლილება მტკიცების ტვირთს აკისრებს ჟურნალისტებს, მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა დებულებისა; ვინაიდან ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაარხებიდან, უჭირთ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
  • ვინაიდან გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობამ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირებში დაუსჯელობის აღქმა გააჩინა;
  • ვინაიდან 2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ აქციაზე ორ ოპერატორსა და ჟურნალისტზე ძალადობრივი თავდასხმისთვის, ექვს პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ვინაიდან 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და დოკუმენტების გაყალბების საეჭვო ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია მის წარსულ საქმიანობასთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს. განაჩენი, რომელიც საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც მოქმედი ხელისუფლების კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა და საქმე, რომელიც კრიტიკულად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2019 წელს;
  • ვინაიდან შერჩევითი გამოძიება და მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფების დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას არა მხოლოდ სასამართლო ინსტიტუტების, არამედ ხელისუფლების მიმართ, ხოლო მსგავსი შემთხვევების გამეორება ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიის მფლობელების წინააღმდეგ ძირს უთხრის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდისკენ;
  • ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობაც გამუდმებით უარესდება, კვლავ ციხეშია, მიუხედავად დამოუკიდებელი ექიმების მოსაზრებებისა, რომ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, სანამ სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ;
  • ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რეფორმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) ანიჭებს უფლებას, თავად დანიშნოს სატელეკომუნიკაციო კომპანიებში სპეციალური მენეჯერები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებებს აღასრულებენ; ვინაიდან სასამართლოში საქმეები აღიძრა სხვა კრიტიკულად განწყობილი მედიამფლობელების ან მათი ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ, დავით კეზერაშვილი „ფორმულიდან“ და ვახტანგ წერეთელი „ტვ პირველიდან“; ვინაიდან იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა TBC ბანკის და პარტია „ლელოს“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და დამოუკიდებელი ტელეარხის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთელს. თუმცა, მათი განაჩენი შეიცვალა თაღლითობის საქმის ხანდაზმულობის გამო;
  • ვინაიდან საქართველო წინა წლებში განიცდიდა რუსული დეზინფორმაციისა და ანტიევროპულ პროპაგანდას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიმართულს, მათ შორის ქალების და ლგბტქი+ თემის უფლებადამცველი აქტივისტების და ეთნიკური უმცირესობების მიმართ;
  • ვინაიდან დადასტურდა, რომ ბევრი ჟურნალისტი იყო ქართული საზოგადოების იმ წევრებს შორის, რომელთა საუბრები უკანონოდ და მასობრივად იქნა ჩაწერილი, როგორც 2021 წლის ოქტომბერში გავრცელებულმა უკანონო მოსმენების ჩანაწერებმა აჩვენა;
  • ვინაიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას, რომელიც 2017 წლის მაისში გაიტაცეს საქართველოდან და უკანონოდ გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე ბაქოში სასამართლო პროცესის გასამართად, სავარაუდოდ, საქართველოს უშიშროების ჩინოვნიკებთან შეთანხმებით, ჯერ არ მოჰყოლია რაიმე ხელშესახები შედეგები;
  • [ევროპარლამენტი] გამოხატავს შეშფოთებას უკანასკნელ წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობის და ჟურნალისტების უსაფრთხოების საგრძნობი გაუარესების გამო, მიუხედავად ქვეყანაში არსებული გამოხატვისა და მედიის თავისუფლების გარანტიების მყარი სამართლებრივი ბაზისა;
  • გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები. ჟურნალისტებზე და მედიის სხვა წარმომადგენლებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის და ამით ამგვარ დანაშაულებზე დაუსჯელობის შთაბეჭდილების გასაქარწყლებლად, მოუწოდებს საქართველოს, შეზღუდოს სტრატეგიული სარჩელების გამოყენება საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ (SLAPP), რომლებიც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლებისკენ, მათი კრიტიკული და დამოუკიდებელი მუშაობის შესაფერხებლად;
  • მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც უნდა მოიცავდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიამფლობელობის გამჭვირვალობას, პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების პროგრამებში, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში; ასევე, უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაუბრკოლებელი წვდომა და ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცულობა და გაძლიერება;
  • გმობს მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის, „მთავარი არხის“ მთავარი რედაქტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილ განაჩენს, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას. ემხრობა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ [ორგანიზაციის] მოწოდებას, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვაზე; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მთავრობამ ნამდვილად განახორციელოს სასამართლო რეფორმა ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საჯარო განცხადებებში მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.
  • მკაცრად გმობს 2021 წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მარშის დროს, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გულმოდგინე გამოძიების და დევნის მუდმივ ნაკლებობას. მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ისინი არღვევენ საქართველოს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. ევროპული ვალდებულებები საერთოა და მოუწოდებს, ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის 5 ივლისის ინციდენტები; გმობს ლგბტქი+ პირთა დისკრიმინაციას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა პრაქტიკაში.
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობის სათანადო მექანიზმები.
  • ხაზს უსვამს ჟურნალისტების, მედიის თანამშრომლების და მედიასაშუალებების უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს გარანტირების აუცილებლობას როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში. მათ შორის, მათთვის, ვინც რუსეთის, ბელარუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან ეძებს თავშესაფარს; ამასთან მოუწოდებს საქართველოს, გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობა მედიის კანონმდებლობისა და გარემოს გასაუმჯობესებლად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
  • აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით მოქმედებებისთვის, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმებისა.
  • აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედიალანდშაფტს, მაგრამ წუხს მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და პროსახელისუფლებო მედიას შორის; სიღრმისეულად გმობს მედიალანდშაფტის პოლარიზაციას, რომელიც ასახავს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და საზიანო პოლარიზაციას;
  • კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების, ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების აღძვრისგან.
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საფუძვლით, რათა ნება მიეცეს გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ.
  • გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აქტიური ნაბიჯები გადადგას, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური თუ ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის, დაუცველი ჯგუფებისა თუ პირების წინააღმდეგ. მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები პირების მიმართ. ან პოლიტიკურმა პარტიებმა, განავითარონ მედიაწიგნიერების განათლების პროგრამები თავიანთი მოქალაქეებისთვის და მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში;
  • მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის მცდელობების გამოყენებისაგან მათი შესაბამისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას;
  • მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.
  • მიესალმება საქართველოს მონაწილეობას შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში 2021-2027 წლებში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ ახალი ამბების მედიის სექტორის ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ურყევად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი სტანდარტები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში და ამით ცალსახად წარმოაჩინოს 2022 წლის 3 მარტს წარდგენილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადით, საქართველოს ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფების რეალიზაციის პოლიტიკური მზაობა. გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG