საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია სიმბოლურია და მას არ ექნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადამწყვეტი. მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან თავის პირველ კომენტარში "სიმბოლური" უწოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სატატუსის მინიჭებასაც.
"ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას სიმბოლური. შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით...
ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის გარე და შიდა მტრები, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა", - თქვა ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით, მან იგივე სიტყვა - "სიმბოლური" გამოიყენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე საუბრის დროს.
"ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რომლის დიდი იმედი მაქვს ჯერ კიდევ, ოპტიმიზსს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის და ჩვენს ინტერესებშია და არ იქნება რუსეთის ინტერესებში...
სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება გავიგო, რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ...
თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი", - თქვა მან.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.