Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ქალბატონი სალომე იმეორებს ოპოზიციის, მტრების განცხადებებს


ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილმა 10 ივნისს ევროინტეგრაციაზე საუბრის დროს თქვა, რომ "არ შეუძლია მარტომ გადაარჩინოს მთლიანად მთავრობის უმოქმედობა".

"სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივებში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში", - თქვა ღარიბაშვილმა.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მეორედ თქვა, რომ მას საქართველოს მთავრობამ უფლება არ მისცა, გაემართა საერთაშორისო ვიზიტები. ამის შესახებ მან ბრიუსელიდან ისაუბრა, საიდანაც, როგორც თქვა, გეგმავდა სხვა ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებას, რათა ხელი შეეწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

"მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და კიდევაც უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა ეს დაჩქარების პროცესი. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", - ამბობდა საქართველოს პრეზიდენტი.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს უარს ეუბნება საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვაზე. პირველად ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუწია.

"ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია", - თქვა 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

XS
SM
MD
LG