თავდაპირველი ვერსიით, იგორ დოდონი 72 საათით დააკავეს იმ დროს, როდესაც ანტიკორუფციული პროკურატურისა და სპეცსამსახურის თანამშრომლები მის საცხოვრებელ სახლსა და სხვადასხვა ოფისს ჩხრეკდნენ.
მოგვიანებით ეს ცნობა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურთან უარყო მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კერპეკმა. მისი თქმით, დოდონი არ არის დაკავებული, მაგრამ იმყოფება სამართალდამცველებთან ერთად, რომლებიც ჩხრეკას ატარებენ.
„შესაბამისად, ჩხრეკის დამთავრების შემდეგ პროკურორები მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი "პროცესუალური იძულების" შესახებ და ჩვენ სხვა ინფორმაციით დაგიბრუნდებით“, - აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.
მოგვიანებით პროკურატურამ დაადასტურა ცნობა იგორ დოდონის დაკავების შესახებ.
ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოს ღალატში, პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებასა და ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი, რაც საკმარისი საბაბია მის პასუხისგებაში მისაცემად იმ ფონზე, როდესაც მოლდოვის პროევროპული კურსის პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი პოლიტიკური გუნდის უმთავრეს მიზანს პოლიტიკური სისტემის კორუფციისგან გაწმენდა, ბიუჯეტიდან მოპარული ფულის უკან დაბრუნება და სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს.
მაია სანდუ თავის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს
მაღალი თანამდებობის პირების დაკავება მოლდოვაში არავის უკვირს. თავის დროზე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში, რის შემდეგაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2009-2013 წლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრი და პროევროპული კოალიციის ყოფილი ლიდერი, ვლად ფილატი, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უშუალოდ მონაწილეობდა საბანკო სისიტემიდან მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაქრობის საქმეში. პრემიერ-მინისტრის საქმიანობით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ბიზნესმენი ილან შორი პროკურატურაში გამოცხადდა აღიარებით, რომ მან ფილატს რამდენიმე წლის განმავლობაში, ქრთამის სახით, 250 მილიონი დოლარი გადაუხადა.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზად კი იქცა დეპუტატ იური რენიცეს მიერ 2020 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ვიდეოები. მათზე ასახულია 2019 წლის ივნისში მოლდოვის ყოფილ ლიდერსა და „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს შორის გამართული საიდუმლო შეხვედრა, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა დოდონს, სავარაუდოდ, ფულით სავსე პაკეტი გადასცა.
მაგრამ თავდაპირველად მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ უარი თქვა მამხილებელი ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რადგან, უწყების თანახმად, „შემოწმების შემდეგ არ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები“. მაგრამ ორი კვირის წინ კიშინიოვის სააპელაციო პალატამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და ასევე სასამართლოს დადგენილება, რომელმაც 2019 წელს უარი თქვა დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.
თუ რატომ მოიქცა მოლდოვის პროკურატურა და სასამართლო სამი წლის წინ ასე, ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. იმხანად იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი იყო და ძლიერი გავლენა ჰქონდა, როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ქვეყნის მთავარი პროკურორი კი ამ პოსტზე მის მიერ დანიშნული ალექსანდრ სტოიანოგლო იყო.
მაგრამ პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონის ერა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდა.
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2020 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ, რომელმაც პოლიტიკური და სასამართლო სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება და ქვეყანაში კანონის უზენაესობის აღდგენა დაისახა თავის მთავარ სამოქმედო პრინციპად.
„ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს - კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ“, - ჰპირდებოდა არჩევნების დროს მოქალაქეებს მაია სანდუ.
ხალხმა მას დაუჯერა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ 2021 წლის ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულ და პროდასავლურ, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას, ამომრჩეველთა 52,80-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
როდესაც მოლდოვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა მაია სანდუმ თავის ფეისბუკში ასეთი რამ დაწერა:
„იმედი მაქვს, რომ მოლდოვა დღეიდან დაასრულებს რთულ ეპოქას, მოლდოვაში ქურდების მმართველობის ეპოქას. წინ დიდი გამოწვევები გველის და ხალხს კი სურს იხილოს შედეგები. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ უპირატესობა სუფთა პარლამენტის და მთავრობისა, რომლებიც ხალხის პრობლემებზე ზრუნავენ“.
მართალია, მაია სანდუს ჰქონდა ხალხის ნდობის ძლიერი მანდატი, ხელთ ეპყრა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების ბერკეტები, მაგრამ მას წინ ეღობებოდა კორუმპირებული სასამართლო და პროკურატურა, სადაც მართვის სადავეებს ჯერ კიდევ დოდონ-პლაჰოტნიუკის მიერ დაწინაურებული პროკურორ-მოსამართლეები ფლობდნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო იგორ დოდონის მიერ დანიშნული მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო. პოლიტიკოსს, რომელსაც კანონიერებაზე ზედამხედველობა ევალებოდა, როგორც იტყვიან, კარადაში არაერთი ჩონჩხი ეწყო.
2012 წელს, როცა სტოიანოგლო პარლამენტის წევრი იყო და ეროვნული უშიშროების კომისიას ხელმძღვანელობდა, პარლამენტში შეიტანა კანონი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მოლდოვის საბანკო სისტემის გავლით 70 მილიარდი დოლარის გათეთრება. დეპუტატთა ნაწილი სტოიანოგლოს ადანაშაულებდა კორუფციულ კავშირშიც მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენ ვიაჩესლავ პლატონთან, რომელმაც 2021 წლის ზაფხულში ქვეყანა დატოვა და ამჟამად იძებნება.
მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, უფლებამოსილება შეუჩერეს და 72 საათით გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მას ბრალად ედება კორუფცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება.
ეს აშკარა სიგნალი იყო, რომ მაია სანდუ გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადა.
სოციალისტები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და ხალხს პროტესტისთვის ამზადებენ
მოლდოვის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ალექსანდრ სტოიანოგლომ, თავის დაკავებას ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაია სანდუს ანგარიშსწორება უწოდა.
24 მაისს მთელი დღის განმავლობაში იმავეს აცხადებდნენ ჩხრეკის შემდეგ დაკავებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პოლიტიკური მომხრეები.
ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციური საპარლამენტო „სოციალისტური პარტიის“ საპატიო თავმჯდომარეა, ყველაზე ხმამაღალ პროტესტს იგორ დოდონის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე სწორედ მოლდოველი სოციალისტები გამოხატავენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოციალისტმა, ვლად ბატრინჩმა, ყოფილი პრეზიდენტის დევნას „დემოკრატიასთან შეუთავსებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ცდილობს გაანადგუროს ქვეყანაში ოპოზიცია, რომელიც იცავს „მოლდოვის მუდმივი ნეიტრალიტეტის პრინციპს“ და არ სურს „მოლდოვის რესპუბლიკის ჩათრევა რეგიონულ კონფლიქტში“.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, მოლდოვის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობამ თავის მომხრეებს მოუწოდა, იყვნენ მზად პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლისთვის.
სოციალისტებს მხარდაჭერა აღუთქვეს მოლდოველმა კომუნისტებმაც, რომლებიც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არიან გაერთიანებულნი. მათმა ლიდერმა, ზინაიდა გრეჩანმა, „პოლიტიკური დევნა“ უწოდა მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის დაკავებას.
მაგრამ ასე არ ფიქრობენ მოლდოველი ექსპერტები, რომლებისთვისაც ყოფილი პრეზიდენტის დაკავება სულაც არ ყოფილ სიურპრიზი ქვეყანაში გამოცხადებული ანტიკორუფციული ბრძოლის ფონზე.
„უნდა ითქვას, რომ ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა და მისი შესაძლო დაკავება სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ერთი კვირის წინ აღიძრა. მეტიც, კიდევ უფრო ადრე, დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სხვა ეპიზოდების გამო აღიძრა, როდესაც იგი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იყო 2009 წლამდე. ამიტომ, ასე თუ ისე, ერთ-ერთ ადრე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ელოდებოდა განვითარება და ამიტომ დღევანდელი დღის ამბები სულ მთლად სიურპრიზი არავისთვის ყოფილა“, - უთხრა პოლიტოლოგმა ალესანდრუ ფლენკემ, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ მშვიდად მიიღო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება, იგორი დოდონის მიმართ მეგობრულად განწყობილ რუსეთის ხელისუფლებაში ამ ფაქტს „შეშფოთებით“ შეხვდნენ.
მოლდოვის სამართალდამცველი ორგანოების „პრეტენზიას“ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, კრემლი მოლდოვის შიდა საქმედ მიიჩნევს, მაგრამ, ამავე დროს, „რუსეთის ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მომხრეები დევნას განიცდიან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების პროცესში „დაცული იქნება დოდონის ყველა კანონიერი უფლება“.
ასეა თუ ისე, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად რუსეთ-მოლდოვის ბიზნესკავშირის თავმჯდომარე იგორ დოდონი, 72 საათით დაკავებულია და ეჭვმიტანილია საკმაოდ მძიმე სისხლის სამართლის 4 ეპიზოდში: პასიური კორუფცია, დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, სახელმწიფო ღალატი და უკანონო გამდიდრება.
შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში პროკურატურას იოლად შეუძლია, ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში უფრო ხანგრძლივი ვადით დატოვოს. მით უფრო, რომ, როგორც გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კერპეკმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი ხელშეუხებლობის უფლებით არ სარგებლობს.