მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია ლიდერობს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილი ხმების 99,26 პროცენტის მიხედვით მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას ამომრჩეველთა 52, 44 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე გასულ „კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევნო ბლოკს“, რომელსაც მოლლდოვის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები ვლადიმირ ვორონინი და იგორ დოდონი მეთაურობენ, ამ დროისათვის ამომრჩეველთა ხმების 27, 42 პროცენტი აქვს, ხოლო მესამე ადგილს იკავებს პარტია „შორი“, რომელსაც ბიზნესმენი ილან შორი ხელმძღვანელობს. მას ხმა ამომრჩეველთა 5, 79 პროცენტმა მისცა.
კვირას ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში სამი პარტია გავიდა. მოლდოვის 101-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 11 ივლისის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობდა 20 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 48.1% შეადგინა.
ხმის უფლების მქონე მოლდოვის მოქალაქეებმა პირველად აირჩიეს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მთლიანად პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით იქნება დაკომპლექტებული.
საარჩევნო ბლოკებისათვის გამსვლელი ბარიერი 7 %-იყო, ხოლო პარტიებისათვის - 5 %.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში დაინიშნა პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ძალთა დაახლოებით თანაბარი განაწილებით სახელმწიფო სტრუქტურებში, პრორუსული კურსის მომხრეებსა და მათ ოპონენტებს შორის, მაია სანდუს მეთაურობით, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა.