Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფო" რეგიონებში მიდის - რადიკალური ჯგუფის პროგრამების გადაცემა ქვემო-ქართლის TV4-მა დაიწყო


"ალტ-ინფოს" გადაცემა ქვემო ქართლის TV4-ის ეთერში
"ალტ-ინფოს" გადაცემა ქვემო ქართლის TV4-ის ეთერში

17 მაისიდან ქვემო ქართლის ტელევიზია TV4 რადიკალური  ჯგუფის მომზადებულ ახალ ამბებს გადასცემს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში მაუწყებელ არხზე "ალტ-ინფოს" საინფორმაციო გამოშვებებისა და "დღის კომენტარის" ტრანსლირება დაიწყო.

"ყველა რეგიონში და ძალიან ბევრ არხზე იქნება "ალტ-ინფო", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანტიდასავლური ტელევიზიის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

"მათ ხედვებს არ ვიზიარებთ და არც ვემხრობით. უბრალოდ… ეს არის ტელევიზია, რომელიც ყველა საეთერო სივრცეში ჩვეულებრივად მაუწყებლობს. მარეგულირებელი კომისია არ ზღუდავს, შესაბამისად, კანონი არ გვიზღუდავს ჩვენს ეთერში მათი გადაცემების განთავსებას. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ გვქონდა, სამწუხაროდ", - TV4-ის დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, რომ "ალტ-ინფოსთან" თანამშრომლობის გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად მიიღო.

მგალობლიშვილი არ ამხელს შემოსავალს, რომელიც "ალტ-ინფოსთან" გარიგებით ტელეკომპანიას გაუჩნდა. "ორ მხარეს შორის დადებულ ხელშეკრულების დეტალებზე მესამე მხარესთან ვერ ვისაუბრებთ", - გვითხრა მან.

ელექტრონული შესყიდვების საიტიდან ირკვევა, რომ არხის ძირითადი შემოსავალი ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოცხადებული ტენდერებია. 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე კომპანიას ტენდერებში მილიონ ლარზე მეტი აქვს მოგებული და ასევე, 30 გამარტივებული შესყიდვა ანუ კიდევ დამატებით 400 000-მდე ლარი.

ჩემთვის მიუღებელია, პრორუსული გადაცემები გადიოდეს არხზე, რომელსაც წარმოვადგენ, ამიტომ წამოვედი სამსახურიდან.
ნინია ზოდელავა

მხოლოდ წელს არხმა რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან 110 000 ლარი მიიღო მომსახურებისთვის. ტელეკომპანიამ მუნიციპალიტეტებს სარეკლამო ვიდეოები და სხვა მედიაპროდუქტი დაუმზადა.

"გაყავით 12 თვეზე ეს თანხა, შემდეგ 20 თანამშრომელზე, რომელიც ტელე-რადიოშია დასაქმებული. თან ეს ღია ტენდერია, სადაც სხვა მედიებსაც შეუძლიათ მონაწილეობა. ჩვენთან არ არის გრანტები, არ გვყავს რეკლამის დამკვეთები ამ ეტაპზე. იმიტომ, რომ სახელმწიფომ ტოტალიზატორებისა და კაზინოების რეკლამა აგვიკრძალა, რაც ძირითადი შემოსავალი იყო. ამან ტელევიზია დახურვის პირას მიიყვანა", - გვეუბნება გიორგი მგალობლიშვილი.

არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო 18 მაისს სამსახური დატოვა ჟურნალისტმა ნინია ზოდელავამ.

"ჩემთვის მიუღებელია, პრორუსული გადაცემები გადიოდეს არხზე, რომელსაც წარმოვადგენ, ამიტომ წამოვედი სამსახურიდან. როცა ხელმძღვანელს ["ალტ-ინფოს" გადაცემის განთავსების] მიზეზი ვკითხე, მითხრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ნინია ზოდელავა, რომელმაც TV4-ში 2 წელი იმუშავა.

ქვემო ქართლის ტელეკომპანია, რომელიც 1998 წელს დაარსდა, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მაუწყებლობს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის თანახმად, TV4 ხელისუფლებისადმი მიკერძოებული რეგიონული ტელემაუწყებელია.

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალურ არჩევნებში TV4 ადგილობრივ მთავრობას დადებითად აშუქებდა.
ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალურ არჩევნებში TV4 ადგილობრივ მთავრობას დადებითად აშუქებდა.

"ხშირად ვხვდებით სიუჟეტებს ადგილობრივი მთავრობის აქტივობების შესახებ და თითქმის არ გვხვდება კრიტიკული სიუჟეტები მთავრობისა და მათ შორის ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის შესახებ. მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ ინფორმაციისა და წყაროების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ხშირად დაცული არ არის მიუკერძოებლობის სტანდარტი. არხზე ძირითადად გადის სიუჟეტები, რომლებიც ადგილობრივ მთავრობას დადებითად წარმოაჩენენ. გარდა ამისა, ხშირია ცენტრალური მთავრობის სხვადასხვა აქტივობის შესახებ მომზადებული სიუჟეტებიც", - წერია ანგარიშში.

TV4-ც სილქნეტზე მაუწყებლობს და მაყურებლებს ჩვენი გადაცემების ამ ტელევიზიის მეშვეობით ნახვა შეუძლიათ. კანონთან თანხვედრაშია. ნახევარსაათიანი დაგვიანებით გადის ჩანაწერი...
კონსტანტინე მორგოშია

"ჩვენ ვართ ეროვნული მაუწყებელი და ისედაც ყველგან ვმაუწყებლობთ. მათ შორის სილქნეტზეც, მაგრამ სილქნეტმა არაკანონიერად შეგვიქმნა პრობლემა, რაღაც ტექნიკური ხარვეზიო, რომელიც გრძელდება ორი თვე. TV4-ც სილქნეტზე მაუწყებლობს და მაყურებლებს ჩვენი გადაცემების ამ ტელევიზიის მეშვეობით ნახვა შეუძლიათ. კანონთან თანხვედრაშია. ნახევარსაათიანი დაგვიანებით გადის ჩანაწერი, მაგრამ ჩვენს მხარდამჭერებს და მომხრეებს აქვთ საშუალება, რომ გვიყურონ. ბევრ არხზე, რომელიც სილქნეტზე და მაგთიზეა, იქნება ალტ-ინფო. სილქნეტზე თუ ვინმეს აქვს ერთი არხი, ჩვენ რამდენიმე არხზე ვიქნებით", - ამბობს მორგოშია.

მორგოშია ამბობს, რომ "ალტ-ინფო" იმ რეგიონულ მაუწყებლებთან, რომლებსაც სილქნეტი ავრცელებს, პირდაპირ ითანამშრომლებს.

შემოთავაზება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მიღების შემთხვევაში "ალტ-ინფოსთან" თანამშრომლობას არ აპირებს ტელეკომპანია "ბორჯომი", რომლის მაუწყებლობა ასევე სილქნეტით ვრცელდება.

"არცერთ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ რეგიონალურ მედიას აქვს", - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომის" დირექტორი, ეკა ნოზაძე.

"ალტ-ინფოსთან" თანამშრომლობას არ აპირებენ ზუგდიდში მაუწყებელი "ოდიში" და ახალციხის მეცხრე არხიც.

"მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა და არც მგონია, იყოს, რადგან ჩვენი ტელევიზიის კურსი მკაფიოდ გასაგებია", - ამბობს ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხის დირექტორი მაია იველაშვილი.

"ალტ-ინფო" ანტიდასავლური გზავნილებითა და მოსახლეობაში სკეპტიციზმის გაღვივებით გამოირჩევა. ამ არხის დამფუძნებლები 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები არიან, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG