Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა მახარაძე გაუჩინარების მიზეზზე: მთელი აღდგომის მარხვა მე ვიყავი მონასტერში


ზურა მახარაძე, "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი
ზურა მახარაძე, "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი

ჰომოფობიური და რუსეთის მიმართ სიმპათიების მქონე პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა, ზურა მახარაძემ "ალტ-ინფოს" ეთერში თქვა, რომ აღდგომის მარხვის პერიოდში ერთ-ერთ მონასტერში იყო. მან ასე ახსნა გაუჩინარების მიზეზი და უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

"მედიებმა აიტაცეს და ამბობდნენ მოსკოვში [წავიდაო]. ნუ, რავი, თუ გადავწყვეტთ მოსკოვში წასვლას, ვიტყვით - რავი, რა პრობლემაა?.. ფაქტია, რომ აქ ვარ და აქ ვიყავი, საზღვრის კვეთა შეუძლიათ გადაამოწმონ...

ვიცი, ჩვენს მხარდამჭერებსაც აინტერესებთ. მთელი აღდგომის მარხვა მე ვიყავი მონასტერში, რეალურად, ძალიან მჭირდებოდა ეგ თემა, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო პირადად ჩემთვის. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახი დამენგრა, რასაც ახლაც ძალიან ვნანობ. ამ რთული პერიოდის დროს ბიჭებს [თანაპარტიელებს] ვთხოვე, ფაქტობრივად, გადამეფარნენ, ძალიან მძიმე პერიოდში მეც მომიწია წასვლა..." - ამბობს ზურა მახარაძე.

არ ამბობს, რომელ მონასტერში იყო, რადგან ჟურნალისტებმა მამაოები არ შეაწუხონ.

დღევანდელი მოცემულობით მახარაძე აღარ არის "კონსერვატიული მოძრაობის" თავმჯდომარე. ის მისმა თანაგუნდელმა გიორგი ქარდავამ შეცვალა.

"კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.

"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ არხის დამფუძნებლები და სასულიერო პირები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები - ამ აქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

XS
SM
MD
LG