Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კონსერვატიულ მოძრაობას” 41 შემომწირველი ჰყავს - ვინ სწირავს პრორუსულ პარტიას ფულს?


პარტიის ოფისი ჭიათურაში
პარტიის ოფისი ჭიათურაში

ღიად პრორურუსულ პარტია “კონსერვატიულ მოძრაობას” 2022 წლის 10 მარტამდე 41-მა ადამიანმა შესწირა ფული. ყველა მათგანისთვის ეს პირველი პოლიტიკური შემოწირულობაა. ოფიციალური რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ პარტიას ამ გზით  36 675 ლარი აქვს მიღებული. 

კონსერვატიული მოძრაობა, როგორც პარტია 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, მისი თავმჯდომარე სიძულვილის ენით და ფაქტების მანიპულაციით გამორჩეული “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი “ალტ-ინფოს” კიდევ ერთი წამყვანი, გიორგი ქარდავა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში კი შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. არც ერთს მათგან პარტიის სასარგებლოდ ამ დრომდე შემოწირულება არ გაუკეთებიათ.

პარტიის შემომწირველებს შორის იძებნებიან რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები ახმეტიდან, ახალციხიდან, ბორჯომიდან, ახალქალაქიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან, თეთრიწყაროდან, ყვარელიდან, გარდაბნიდან, ჩხოროწყუდან, ვანიდან, კასპიდან, ქარელიდან, ცაგერიდან და დუშეთიდან. დუშეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, მარინე ლაფანაშვილი გარდა იმისა, რომ კონსერვატიული პარტიის შემომწირველია, 2020 წელს “პატრიოტთა ალიანსის” პარტიულ სიაშიც იძებნება.

პარტიის მოქმედი სტრატეგია საქართველოს თითქმის ყველა დიდ და საშუალო ქალაქში ოფისის გახსნაა: პირველი გეგმით კონსერვატიულ პარტიას 85 ოფისი უნდა გაეხსნა საქართველოს რეგიონებში. ამ ოფისების მიზანი მოქალაქეებთან შეხვედრა და მათი “იდეოლოგიური მომზადებაა”. კონსერვატიული, ჰომოფობიური და ქსენოგოფიური განწყობების მქონე პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უმცირესობების შეზღუდვა და რუსეთთან „პირდაპირი, უპირობო“ დიალოგია ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებზე უარის თქმის სანაცვლოდ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ რეგიონებში ოფისებს პარტია პროტესტის ფონზე ხსნის. მაგალითად, 28 თებერვალს ხმაური მოჰყვა ამბროლაურში პარტიის ოფისის გახსნას, 6 მარტს, ახალციხის უკვე გახნილი ოფისის კედლეზე უცენზურო სიტყვების შემცველი წარწერები გაჩნდა. გასული ერთი კვირის განმავლობაში დაიხურა პარტიის ოფისები ხულოსა და შუახევში. ხულოში ფართის მეპატრონემ პრორუსული და აგრესიული რიტორიკის მქონე პარტიას უარი უთხრა შენობის მიქირავებაზე, პარტიის პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა შუახევის ოფისის შენობის მფლობელისთვისაც. ფართის დაქირავების პრობლემები ჰქონდა პარტიას ლანჩხუთშიც, წინააღმდეგობა აქვს ოფისის გახსნაზე ოზურგეთშიც.

პარტიის შემომწირველთა შორის ორი - დმანისისა და მესტიის ოფისის ხელმძღვანელები ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან. გიორგი არღვლიანი, დმანისის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო 2013 წელს. მესტიაში კი პრორუსული პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი რატიანია, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომელი იყო. ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მესტიის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. არღვლიანმა “კონსერვატიულ მოძრაობას” 2022 წლის თებერვალში 800 ლარი შეწირა, რატიანმა 500.

კონსერვატიული პარტიის ყველაზე გულუხვი შემომწირველი, შორენა კობიძეა. მან პარტიას 2 500 ლარი გადაურიცხა. შორენა კობიძე ილია მეგრელიშვილთან ერთად ბორჯომის ოფისის ხელმძღვანელია. ილია მეგრელიშვილი, გარდა იმისა, რომ ასევე პარტიის შემომწირველია, იურიდიულ დახმარებას უწევდა 5 ივლისს ჩადენილი ძალადობისთვის ბრალდებულ პირებს.

კონსერვატიული მოძრაობა დაკავშირებულია როგორც ონლაინ პლატფორმა "ალტ ინფოსთან", ასევე 5 ივლისის ძალადობრივ აქციასთან. ამ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა. მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ბრალი წარდგენოდა აქციის ორ მონაწილეს, ზურაბ მახარაძესა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, გამოძიებას 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არ გამოუვლენია.

XS
SM
MD
LG