"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" [GDI] თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მოითხოვა, კომისიამ საქმე დაჩქარებულად, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მიიჩნევს, რომ "ალტ-ინფოს" განცხადებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამართლებასა და კრიმინალის გაიდეალებას ემსახურება, რაც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითაა აკრძალული.
განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს, ნათქვამია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ, "ალტ-ინფო" მიმდინარე მოვლენებს წარმოაჩენს, როგორც უკრაინის შეცდომების შედეგს.
„ალტ-ინფო“ არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. მსგავსი განცხადებებით, “ალტ-ინფო“ ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით. ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას",- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მარეგულირებელ კომისიას სთხოვს გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტები:
- "2022 წლის 2 მარტს დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 37-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოძიების დასაწყებად. ამდენად, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საქართველოს სუვერენული პოზიციაა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და სჩადის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
- რუსეთის ფედერაციის ქმედება დანაშაულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404-413-ე მუხლების მიხედვითაც, რომელიც გულისხმობს დანაშაულებს კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროების წინააღმდეგ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს".
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.
"ალტ-ინფო" პრორუსული განწყობებით და სიძულვილის ენის გამოყენებით დაკავებული მედიაპლატფორმაა. მისი დამფუძნებლები 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული. ამ აქციაზე დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორებიც. 2021 წლის დეკემბერში "ალტ-ინფოს" დამფუძნებლებმა ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტია დააფუძნეს, რომელმაც ამ დრომდე მთელი საქართველოს მასშტაბით ათობით ოფისი გახსნა.