Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ვინმეს გაუშვებენ გირაოთი? – 5 ივლისის ძალადობრივ საქმეებზე დაკავებულთა განაჩენის გამოტანის ვადა იწურება


თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროცესები 2021 წლის 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული დარბევების და ჟურნალისტებზე თავდასხმების საქმეებზე. 8 თებერვალს „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს, უშანგი დათუნაშვილს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდეს - 22 დეკემბრის შემდეგ ეს ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებულების გირაოთი გამოშვების მეორე შემთხვევაა. 2021 წლის მიწურულს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმელ სამ ადამიანს - გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვსა და გიორგი ელიზბარაშვილსაც.

დღეს, 9 თებერვალს, მორიგ სასამართლო პროცესზე ისევ დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, „პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი.

პროკურორ თამარ იაკობიძეს იმედი აქვს, რომ სასამართლო ჟურნალისტების ცემის ფაქტზე დაკავებულ ექვსივე ბრალდებულს გაამტყუნებს.

კადრი 9 თებერვლის სასამართლო სხდომიდან 5 ივლისის საქმეზე
კადრი 9 თებერვლის სასამართლო სხდომიდან 5 ივლისის საქმეზე

ჟურნალისტების ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულების დაცვა პროცესებზე აგრესიულია და სხდომაზე დამცინავ კომენტარებს არ ერიდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ეკა ქობესაშვილი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე სასამართლო მოწმეებსა და დაზარალებულებს უსმენს და წერილობით მტკიცებულებებს იკვლევს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ათამდე ჟურნალისტს იცავს.

ჟურნალისტების უფლებებს ასევე იცავენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. სასამართლო პროცესებს აკვირდება „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ (DRI).

8 თებერვლის სხდომაზე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გარდა, მომხდარი გაიხსენა რადიო თავისუფლების ორმა ჟურნალისტმა - თორნიკე მანდარიამ და დათო ქორიძემ - მათ 5 ივლისს, მრგვალ ბაღთან დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე თავიანთ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა.

8 თებერვლის სასამართლო პროცესი
8 თებერვლის სასამართლო პროცესი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტების ცემის ფაქტზე ერთი პირი - გიორგი კახიანია დაკავებული.

  • რა პოზიცია გაქვთ სასჯელთან დაკავშირებით, თუ ბრალდებულს ბრალი დაუმტკიცდა? - ჰკითხა პროცესზე პროკურორმა თორნიკე მანდარიას.
  • უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, - იყო პასუხი.
  • უმკაცრესი, - ასე უპასუხა დათო ქორიძემაც.

შედარებით განსხვავებული იყო „რუსთავი 2“-ის ოპერატორის ბექა ათაბეგაშვილის პასუხი, რომელმაც თქვა, რომ მას არა აქვს პრეტენზია დაკავებულთან, აპატიებს მას და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, იქნება თუ არა ის ციხეში.

რადიო თავისუფლების ოპერატორი დათო ქორიძე მიანიშნებს მასზე თავდამსხმელზე
რადიო თავისუფლების ოპერატორი დათო ქორიძე მიანიშნებს მასზე თავდამსხმელზე

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ დაზარალებულის ამ სიტყვამ გარკვეულწილად განსაზღვრა მოსამართლის გადაწყვეტილებაც გირაოს შეფარდებაზე, რასაც დაემატა ბრალდებულის ხანდაზმული ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

„ცოტა გაუგებარია, როცა დაზარალებული ხარ, ეს პოზიცია რატომ უნდა გქონდეს? მან თქვა, რომ საერთოდ არ იცოდა, რა აქციაზე მიდიოდა, რომ უბრალოდ იღებდა, საიდანღაც მოხვდა ჯოხი და არ არის დარწმუნებული, რომ განზრახ მოარტყეს. პირდაპირ თქვა, არც მეშინია, არც საფრთხეს ვგრძნობ და არც არავის დაჭერა მინდაო“, - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის პოზიცია უკვირს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელს“, მარი კაპანაძეს.

ამ დაკვირვებას ხაზს უსვამდა DRI-ც სასამართლო მონიტორინგის შედეგად მომზადებულ პირველად ანგარიშშიც.

ჟურნალისტების ადვოკატები ასევე გვეუბნებიან, რომ ბრალდებულების დამცველები პროცესებზე მაქსიმალურად ცდილობენ დაზარალებული ჟურნალისტების დისკრედიტაციას და სურათის ისე წარმოჩენას, თითქოს ძალადობის პროვოცირება მათი ბრალია და თავდამსხმელები მათ გამოიწვიეს.

დათო ქორიძეს, მაგალითად, პროცესზე რამდენჯერმე ჰკითხეს, ნამდვილად შეაგინა თუ არა მან ბრალდებულებს მას შემდეგ, რაც თორნიკე მანდარიას დაარტყეს, ცხვირი გაუტეხეს და კბილები ჩაულეწეს.

„თან, დაცვის მთელი სტრატეგია იმაზე აქვთ აგებული, რომ ეს ადამიანები თითქოსდა ეროვნულ იდეოლოგიას ინარჩუნებდნენ“, - გვეუბნება ეკა ქობესაშვილი.

თუმცა მთელ ამ პროცესში ეკა ქობესაშვილს ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნია ის, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობის ორგანიზატორები.

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„ჩემი შეფასებით, სახელმწიფომ, პროკურატურამ, ამ ადამიანების დაკავებით, უბრალოდ, სამოქალაქო პროტესტი ჩაახშო, მაგრამ არაფერი გააკეთა იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ეს ხალხი წააქეზა და ეს ყველაფერი დაგეგმა. პრობლემაა ისიც, რომ დაკავებულების ადვოკატები გამამართლებელი განაჩენისთვის იბრძვიან და ამბობენ, რომ ეს არ იყო მედიის მიმართ გამიზნული ძალადობა“, - უთხრა ეკა ქობესაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მარი კაპანაძეც ფიქრობს, რომ ბრალდებულების ადვოკატები ისრების მედიისკენ მიმართვას ცდილობენ და, რაც მთავარია, თავადაც იზიარებენ ბრალდებულების შეხედულებებსა და განწყობას ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ.

„პროკურატურის დამოკიდებულებაც უნდა ვახსენოთ. ყველა პროცესს მე არ დავსწრებივარ, მაგრამ, მაგალითად, „პრაიდის“ ნაწილზე როდესაც იყო სხდომა, ბრალდებულების ადვოკატები შეურაცხმყოფელ კითხვებსაც სვამდნენ, რაზეც პროკურორს არ ჰქონია ისეთი მკაცრი რეაგირება, როგორსაც ველოდით. როცა მთავარი ბრალმდებელი არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ეს არ არის კარგი ამბავი“.

5-6 ივლისის ოთხ საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომებს აკვირდებოდა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, რომელმაც მონიტორინგის პირველადი ანგარიში 3 თებერვალს გამოაქვეყნა. ამ ანგარიშის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს 31 პირის მიმართ, ხოლო დაზარალებულად ცნობილია 59 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი.

2021 წლის 30 ივლისს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებული იყო 31 პირი. მათგან 27 - ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე,

3 პირი - „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე და კიდევ 1 პირი, რომელიც პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

შსს-ში გვითხრეს, რომ ეს არის 5 ივლისის საქმეზე დაკავებულების ბოლო მონაცემი - მას შემდეგ არავინ დაუკავებიათ.

DRI-ის იურისტმა, მარიამ ჯიქიამ რადიო თავისუფლების ეთერშიც აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომებზე ხშირად გამოიყენება ქსენოფობიური ენა, რასაც რეაგირება არ მოსდევს ხოლმე.

ცრურწმენა და სიამაყე
please wait

No media source currently available

0:00 0:56:32 0:00

მოწმეების დაკითხვის პროცესი კი, მისი შეფასებით, „ძალიან მტრულ გარემოში“ მიმდინარეობს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მარიას ჯიქიას თქმით, 5-6 ივლისის საქმეებზე მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს გამოიკვეთა, არის სხდომების საჯაროობის საკითხიც.

მაგალითად, 8 თებერვლის პროცესს მხოლოდ „ალტ-ინფოს“ ჯგუფი იღებდა.

რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი პროცესს არ დაესწრო, დანარჩენ მედიებს შორის გამართული წილისყრით სასამართლოზე დასწრების უფლება ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილმა „ალტ-ინფომ“ მოიპოვა:

„ფაქტობრივად, „ალტ ინფო“, როგორც მხარე, ისე იყო პროცესზე შემოსული, ისინი ბრალდებულებს, მათ ადვოკატებს და ახლობლებს სტრატეგიაზე ესაუბრებოდნენ. ეს არ იყო მედიის მუშაობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ქობესაშვილმა.

მედიის დასწრების წესებს სასამართლო დარბაზში არეგულირებს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც ამბობს, რომ პროცესს იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ავრცელებს სხვა მედიებისთვისაც. ხოლო თუ ის არ შედის სხდომაზე, მაშინ დამსწრე მედიის საკითხი წყდება წილისყრით.

ამასობაში კი, თვეზე ცოტა მეტი რჩება 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე, რა პერიოდშიც 5-6 ივლისის საქმეებზე ბრალდებულების განაჩენი უნდა გამოცხადდეს. თუ ამ დროში დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ, ისინი საპატიმროს დატოვებენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG