რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ახალ გამარჯვებებებზე ვერ ისაუბრა და მიმართვაში დონბასის გარდა, უკრაინის სხვა რეგიონები არცკი ახსენა.
წითელ მოედანზე შეკრებილმა აუდიტორიამ ვერ იხილა ცაზე გამოსახული Z-ი - სიმბოლო, რომელსაც ბევრი "ნახევარ სვასტიკას" უწოდებს და რაც უკვე იქცა უკრაინაში რუსეთის ომის სისასტიკისა და დანაშაულების სიმბოლოდ.
- რა შედეგებით შეხვდა რუსეთი „გამარჯვების დღეს“?
- რატომ არ გამართლდა მოლოდინი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ?
- რჩება თუ არა დღის წესრიგში ბირთული ომის საფრთხე?
სწორება წარსულზე
„დიდება ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს! რუსეთისთვის! გამარჯვებისთვის“, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა პრეზიდენტმა პუტინმა, 9 მაისს, წითელ მოედანზე, აღლუმის დაწყების წინ.
ტექსტში, რომლითაც ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ღონისძიებაზე მიწვეული სხვა სტუმრების წინაშე წარსდგა - ექსპერტებმა თითქმის ვერანაირი აზრი ამოიკითხეს, გარდა “წარსულ დიდებაზე” საუბრისა.
ექსპერტებისთვის მოულოდნელი არ იყო, რომ პუტინი გამოსვლის დროს ახსენებდა დონბასსა და დონბასელებს, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთის არმიასთან ერთად იბრძვიან „სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ არავინ დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რათა მსოფლიოში არ იყოს ადგილი ჯალათებისთვის, დამსჯელებისთვის და ნაცისტებისთვის“.
მაგრამ პუტინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ე.წ. სპეცოპერაციის ფარგლებში, რუსეთი მხოლოდ დონბასზე არ აცხადებს პრეტენზიას და მისი რაკეტები ისევ უტევენ ოდესასა თუ ხარკოვის ოლქებს. მან არაფერი თქვა არც ხერსონზე, სადაც რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებასა და უკრაინის ამ ოლქის ლამის ანექსიასაც კი გეგმავს.
რატომ აარიდა თავი?
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ "დეტალებში ასეთი ჩხრეკით", უფრო უკეთესად გამოაშკარავდებოდა რუსეთის წარუმატებლობა; მით უფრო, რომ, მათი თქმით, რუსეთის მოქალაქეები იოლად არჩევენ ერთმანეთისგან მცირედ ტაქტიკურ მიღწევასა და ხელშესახებ სტრატეგიულ გამარჯვებას.
„[ხერსონს არ ახსენებს - რთ] იმიტომ, რომ - არ არის დარწმუნებული რომ მათი [დროებით დაკავებული ტერიტორიების - რთ] შენარჩუნება შესაძლებელი იქნება... ვხედავთ, რომ რუსეთის გრანდიოზული გეგმები უკვე 3-4-ჯერ შემცირდა - ყველამ დაივიწყა დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის ცნებები.
ვხედავთ, რომ დემილიტარიზაციის ნაცვლად, უკრაინის არმია ინტენსიურად მარაგდება თანამედროვე დასავლური იარაღით და რანაირად არის ეს დემილიტარიზაცია?! ასევეა დენაციფიკაციაზე... და ხერსონსა და ხარკოვზე მსჯელობა უადგილოა ასეთ სიტუაციაში... ხარკოვი ვერც აიღეს და ალბათ ვერც აიღებს“, - ამბობს პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი „Настоящее Время“-სთან ინტერვიუში.
რუსეთში აშკარად მეტს მოითხოვენ
მრავალი მედლით მკერდდამშვენებული ვეტერანი ქალი, რომელიც საზოგადოებას 9 მაისს რუსეთის ერთ-ერთმა ტელეარხმა წარუდგინა, ამბობს, რომ 100 წლის არის და უკრაინაში მეტი შეტევის მომხრეა.
“ყოველ წელს დავდივარ აღლუმზე და ყოველთვის მიხარია... მაგრამ უნდა დავცხოთ ამ უკრაინელ ბანდერებს; ისე უნდა დავცხოთ, რომ მათი ბუმბულები გაიფანტოს ჰაერში... ისე უნდა შევუტიოთ, როგორც ფაშისტებს ვუტევდით”, - თქვა საპატიო ტრიბუნაზე სხვებთან ერთად მჯდომმა ანტონინა პავლეს ასულმა, როგორც ის ჟურნალისტმა ამ კომენტარის შემდეგ წარადგინა.
რატომ არ გადააფრინეს თვითმფრინავები?
წითელ მოედანზე, აღლუმში სხვადასხვა ჩინის 11 ათასი სამხედრო და სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის 131 ერთეული მონაწილეობდა, ასეთია ოფიციალური მონაცემები
პუტინმა თქვა, რომ წითელ მოედანზე იდგნენ ასევე დონბასიდან „უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან“ ჩასული სამხედროები და ოფიცრებიც. რამდენი - არ დაუკონკრეტებია.
წითელ მოედანზე, ქვეითებს ჯავშანტექნიკა მიჰყვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ესტაფეტა ვეღარ გადაულოცა სამხედრო ავიაციას, რადგან საჰაერო შოუ, როგორც იუწყებიან, აღლუმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააუქმეს.
„ამინდის გამო“, „მეტეოროლოგიური პირობების გამო“ - ასეთი იყო რუსეთის მედიის მიერ დასახელებული მიზეზი, აშკარად მზიანი ამინდის პირობებში.
„თითქოს ცაც მოწმენდილი იყო... მაგრამ ეს ჩვენი თვალით იყო ასე, ასე ჩანდა მიწიდან, შეიძლება ითქვას... გადაწყვეტილებას მფრინავებისთვის იღებენ მეტეოროლოგები. რა თქმა უნდა, ისინი ეყრდნობიან უსაფრთხოების ასპექტებს, პირველ რიგში და, როგორც ჩანს, მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღლუმის საავიაციო ნაწილი წელს არ იქნება...“, - იტყობინებოდა ტელეარხ „360“-ის წამყვანი.
წინასწარი ინფორმაციით, წითელი მოედნის თავზე უნდა გადაეფრინა 77 თვითმფრინავსა და ვერტმფრენს და ცაზე ნიშანი Z-იც უნდა გამოსახულიყო.
„8 საბრძოლო თვითმფრინავი МИГ 29 გადაიფრენს ასო Z-ის სახით, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილე რუსი მებრძოლების მხარდასაჭერად“, - ასეთი მოლოდინი გააჩინა პროპაგანდისტულმა მედიამ.
სავარაუდოდ აღლუმის სწორედ ამ ეპიზოდზე ელაპარაკებოდა პუტინი თავდაცვის მინისტრ შოიგუს, როცა ისინი ფეხით მიუყვებოდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ გზას. უწყვეტ კადრში ხმა არ ისმის, მაგრამ ჩანს დაძაბული საუბარი და როგორ უთითებს შოიგუ ცისკენ.
შემდეგ, თანდათან გაირკვა, რომ საჰაერო შოუ მხოლოდ მოსკოვში არ გადაუდიათ.
რუსეთის მედია იტყობინება, რომ - აღლუმის საჰაერო ნაწილი გადაიდო ასევე: სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, სამარაში, კალინინგრადში და როსტოვში. მიზეზად ყველგან უამინდობა დასახელდა. ერთადერთი, სადაც ეს შოუ შედგა - ნიჟნი ნოვგოროდია.
„რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ ამ ქალაქში - „მაყურებლების განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია აღლუმის საავიაციო ნაწილმა - მაყურებლების თავზე გადაიფრინეს Миг-29-მ და Ил -76-მა“.
უკრაინულ მედიაში გავრცელდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ - უამინდობა მხოლოდ მოგონილი მიზეზია და რომ რუსეთში მოერიდნენ უკრაინის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისგან მომავალ საფრთხეს.
ასეთ ინფორმაციას უსაფრთხოების უწყება რუს ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ავრცელებს და არგუმენტად მოჰყავს გასული წლების მაგალითები, როდესაც რუსეთი არ იშურებდა თანხას - უამინდობისას ღრუბლებთან სპეციალური ტექნოლოგიებით საბრძოლველად და ახლაც შესაძლებელი იყო ეს.
იუწყებიან, რომ 2020 წელს „ღრუბლების გაფანტვაზე“ რუსეთმა - 540 მილიონი რუბლი, ხოლო 2021 წელს 417 მილიონი რუბლი დახარჯა.
მოლოდინი არ გამართლდა
სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, მისთვის საკრალურ დღეს, ხალხისთვის სათქმელი არაფერი ექნებოდა, ანალიტიკოსები პუტინისგან 2 სავარაუდო ნაბიჯის გადადგმას მოელოდნენ: საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასა და შედარებით ნაკლებად - ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.
რუსეთის პროპაგანდისტული მედია ცდილობდა, რომ ამ მხრივ შეექმნა ფონი.
„როსია 1“-ზე ზუსტად ზომავდნენ მანძილსაც თუ რა დროში მიაღწევს ჯერ კიდევ ექსპერიმენტული რაკეტა „სარმატი“ კალინინგრადიდან ევროპულ დედაქალაქებამდე: ლონდონი - 202 წამი; პარიზი - 200 წამი; ბერლინი - 106 წამი.
თუმცა ბოლო დღეებში რიტორიკა აშკარად შეიცვალა და რუსეთის ტელეარხების წამყვანები საგანგებოდ შეახსენებენ ბირთვული ომის მსურველ სტუმრებს, რომ თუკი რუსეთი ესვრის ატომურ ბომბს, რუსეთსაც ესვრიან და „პლანეტა განადგურდება“.
ანალიტიკოსები ლაპარაკობენ, რომ პუტინის „ბირთვული მუქარა გაცვდა“ და დასავლელი ელჩების დაბრუნება კიევში ცალსახად მიანიშნებს, რომ მოკავშირეები ტაქტიკური ბირთვული იარაღის სროლას არც კიევის შემთხვევაში მოელიან.
შიგადაშიგ კრემლი მაინც იმუქრება, მაგრამ ის პასუხსაც იღებს. მაგალითად დიდი ბრიტანეთი მას ნატოსთან შეუთანხმებლად განხორციელებული საპასუხო დარტყმითაც დაემუქრა.
ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა, ცნობილი რუსი სამხედრო ანალიტიკოსი, მიხაილ ხოდარიონოკი ასევე საყოველთაო მობილიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია.
„საყოველთაო მობილიზაცია ვერ გადაწყვეტს სპეცოპერაციის წინაშე არსებულ რეალურ ამოცანებს... 21-ე საუკუნის ომებში მასობრივი მობილიზაციით ვერ მოიგებ ომს. ამ საკითხის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ მაღალტექნოლოგიური იარაღით, წარმოებითა და მრეწველობით“, - განაცხადა მან ორიოდე დღის წინ „როსია 1“-ის ეთერში და მუდმივად მიანიშნებს იმის შესახებაც, რომ რუსეთისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა დასავლური შეიარაღების უკრაინისთვის მოწოდების აქტიური პროცესი.
რუსეთში კრემლის პოლიტიკის მომხრეებზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის განკუთვნილი ლენდ-ლიზის პროექტის ხელმოწერა სწორედ 9 მაისს დაამთხვია. ეს პროექტი უკრაინას ყველა ტიპის უახლესი შეიარაღების მიღების შესაძლებლობას აძლევს და, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ პერსპექტივას უკრაინის სასარგებლოდ ომის ბედის ძირეული შეცვლა შეუძლია.
პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის დიდი ნაწილი, 9 მაისს, სწორედ აშშ-სა და ნატოზე ლაპარაკს დაეთმო. რიტორიკა მისთვის ჩვეული იყო - თუ როგორ არ მოუსმინეს მოკავშირეებმა კრემლის მოწოდებებს უსაფრთხოებისკენ, როგორ უჭერს მხარს დასავლეთი უკრაინულ ნაციზმს.
პუტინმა ასევე თქვა, რომ ევროპასა და ამერიკაში "გააუქმეს" სულიერება, ტრადიციები, წინაპართა ადათ-წესები.
ეს ის დეზინფორმაციული აქცენტებია, რომლებსაც, მრავალი კვლევის თანახმად, რუსეთი ჰიბრიდული ომში უკვე წლებია, იყენებს და მათ შორის საქართველოშიც.