Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დასავლეთს "ელვისებური დარტყმებით" დაემუქრა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუკი ვინმე „გარედან“ ჩაერევა უკრაინის სიტუაციაში და რუსეთს შეუქმნის სტრატეგიული ხასიათის მიუღებელ საფრთეხეს, რუსეთი „ელვისებურ დარტყმებს“ განახორციელებს.

სანქტ-პეტერბურგში კანონმდებელთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული მუქარის შემთხვევაში ელვისებური დარტყმის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია.

პუტინმა დარტყმებს უწოდა „საპასუხო-შემხვედრი“. ეს ტერმინი სამხედრო დოქტრინებში იხმარება ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. საპასუხო-შემხვედრი არის ისეთი დარტყმა, რომელსაც ახორციელებენ მაშინ, როცა მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმა დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ამას ჯერ არ მიუყენებია დამცველი მხარისთვის არსებითი ზარალი (მაგალითად, მოწინააღმდეგის მიერ სტრატეგიული რაკეტების გაშვების შემთხვევაში, მაგრამ მანამდე, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ).

რუსეთის პრეზიდენტს არ უთქვამს, კონკრეტულად რა სამიზნეებზე შეიძლება განახორციელონ დარტყმა და რა იარაღით. უშუალოდ ბირთვულ იარაღზე მას არ ულაპარაკია, მაგრამ ახსენა რაღაც იარაღი, რომელიც არ მოეპოვებათ რუსეთის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს. პუტინმა ასევე ახსენა თავისი 24 თებერვლის გამოსვლა, რომელშიც გამოაცხადა უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების შესახებ. მაშინ მან თქვა, რომ თუკი უცხოეთის ქვეყნები ჩაერევიან სიტუაციაში, ისინი აღმოჩნდებიან ისეთი შედეგების წინაშე, როგორებიც ისტორიაში ჯერ არ არის ცნობილი.

პუტინს არც ის უთქვამს, რას ნიშნავს სტრატეგიული ხასიათის მიუღებელი მუქარა. რუსეთის სამხედრო დოქტრინით გათვალისწინებულია, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება პირველმა გამოიყენოს მის წინააღმდეგ ისეთი აგრესიის შემთხვევაში, რომელიც თავად სახელმწიფოს არსებობას უქმის საფრთხეს.

დასავლეთის ქვეყნები ზრდიან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბებს და რუსეთს სანქციებს უწესებენ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლას.

XS
SM
MD
LG