სააგენტო Reuters-ი იტყობინება რუსეთის ტასს-ზე დაყრდნობით, რომ მოსკოვი თვლის, ბირთვული ომის საფრთხე მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ამის შესახებ განაცხადა შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის სიტყვები მოჰყავს სააგენტოს.
ვლადიმირ ერმაკოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის უწყების ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ყველა ბირთვული სახელმწიფო უნდა დაემორჩილოს ოფიციალურ დოკუმენტებში ასახულ ლოგიკას, რომელიც მიმართულია ბირთვული ომის თავიდან აცილებისკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთმა ნაკლები ყურადღება არ უნდა მიაქციოს უკრაინის გამო ბირთვული კონფლიქტის გაზრდილ საფრთხეს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მოსკოვის რიტორიკის ესკალაციის მიუხედავად, მას არ მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს.
სააგენტოს მოჰყავს ერმაკოვის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ წამყვანმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ის ლოგიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია დოკუმენტებში, რომლებიც მათ ერთობლივად შექმნეს. ის გულისხმობდა იანვარში რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ხუთი ქვეყანა - რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან - შეთანხმდა, რომ ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელება და ბირთვული ომი თავიდან უნდა აიცილონ.
"ბირთვული ომის საფრთხე არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ და უნდა იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი, განსაკუთრებით ბირთვულ სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების გზით", მოჰყავს ტას-ს ერმაკოვის სიტყვები. საგარეო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელი დასძენს, რომ "რუსეთი ცხადად მიჰყვება ამ გაგებას".