მალევე გაირკვა, რომ სტატიები სათაურებით "რუსეთის არმია აღმოჩნდა ქურდებისა და მძარცველების არმია" ან "ვლადიმირ პუტინი გადაიქცა პათეტიკურ დიქტატორად და პარანოიდად", - საინფორმაციო არხის საიტზე თავად „ლენტა.რუ“-ს ორმა თანამშრომელმა, ეგორ პოლიაკოვმა და ალექსანდრა მიროშნიკოვამ, კარგა ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ 9 მაისს განათავსა.
„მე მჯერა, რომ ომის ყველა მოწინააღმდეგე ახლა უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა. ხელმომწერები ჩვენ ვართ, ჩემთან უკვე შედგა საუბარი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ ვმუშაობთ „ლენტაში“, - წერს პოლიაკოვი.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 24 თებერვალს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ „სპეცოპერაციად“ მონათლული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებულ მედიაში სხვა ანტისაომარი აქციაც მოეწყო.
ყველაზე გახმაურებულია რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია პირველ არხში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ტელეკომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მარინა ოვსიანიკოვამ, საინფორმაციო გადაცემა „ვრემიას“ პირდაპირი ეთერის დროს, გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.
დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული პროტესტის ანატომია
"რუსეთის არმია აღმოჩნდა ქურდებისა და მძარცველების არმია", "ვლადიმირ პუტინი გადაიქცა პათეტიკურ დიქტატორად და პარანოიდად" და სხვა მსგავის სტატიები "ლენტა-რუ"-ს საიტიდან მალევე აიღეს. ვებარქივში დარჩა რამდენიმე ტექსტი და საიტის მთავარი გვერდის ეკრანიზაცია (სქრინშოთი). ისინი "ლენტა.რუ"-ს თანამშრომლების სახელებითაა ხელმოწერილი. კერძოდ, სტატიის - "ომი ვერ ფარავს ეკონომიკაში ჩავარდნებს. პუტინი უნდა წავიდეს" - გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა აიღეს "ეკონომიკის" და "საყოფაცხოვრებო სფეროს" განყოფილებების ხელმძღვანელმა და რედაქტორმა, ეგორ პოლიაკოვმა და ალექსანდრა მიროშნიკოვამ.
გამოცემა "მედიაზონას" ერთ-ერთმა წყარომ "ლენტა.რუ"-ში დაუდასტურა, რომ მათმა თანამშრომლებმა სხვა ადრე გამოქვეყნებულ ამბებში თვითნებურად შეცვალეს ტექსტი.
როგორც „ლენტა.რუ“-ს ანონიმმა კორესპონდენტმა უთხრა გამოცემა The Insider-ს, ამ სტატიების გამოქვეყნების შემდეგ გამოცემის „ჩათებში“ ნამდვილი პანიკა და „ძიებასთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა დაიწყო“. 9 მაისის დილიდან საინფორმაციო ინტერნეტგამოცემის საძიებელში თუ პრეზიდენტ პუტინის გვარს ჩაწერდით, ჩნდებოდა სათაურები „რუსეთმა სრულად გაანადგურა მარიუპოლი“ და „ვლადიმირ პუტინმა იცრუა უკრაინაში რუსეთის გეგმების შესახებ“. ხოლო საიტის სპორტულ განყოფილებაში მკითხველი ნახავდა მასალას „გენოციდზე, რომელიც მშვიდობიანი მარიუპოლის წინააღმდეგ ტერორისტი პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის არმიამ მოაწყო“.
როგორც გამოცემა The Insider-ი წერს, საინფორმაციო ინტერნეტგამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ვლადიმირ თოდოროვმა, თავის ერთ-ერთ სამუშაო ჩათში მომხდარს „უსიამოვნო ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ იძულებულია დროებით დახუროს ჩათში წერის შესაძლებლობა.
ამასთან, „ლენტა.რუ“-ს ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი ჰაკერების მიერ საიტის „გატეხვასთან“ დაკავშირებით, როგორც ეს ვარაუდის სახით თავდაპირველად გავრცელდა. საქმე ისაა, რომ ჰაკერული თავდასხმის ვერსიამ აქტუალობა მას შემდეგ დაკარგა, რაც „ლენტა.რუ“-ს ერთ ერთი განყოფილების რედაქტორმა აღიარა თავისი და კოლეგის „სინდისის კარნახით“ გადადგმული საქციელი.
„ეს არ არის არანაირი „ჰაკერების მიერ მოწყობილი გატეხვა“, არამედ ჩემი და საშას შეგნებული გადაწყვეტილებაა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ მივიღეთ, მაგრამ მისი რეალიზება სწრაფად არ გამოვიდა... ჩვენი მთავარი მოტივი - სინდისია. ჩვენ შევარჩიეთ 40-45 ძირითადი კეისი/ახალი ამბავი/ ფაქტი, რომლის მიჩქმალვაც ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, მაქსიმალურად დაწვრილებით გავწერეთ ისინი და შევეცადეთ არ ჩავვარდნილიყავით საპირისპირო პროპაგანდაში“, - განუცხადა პოლიაკოვმა გამოცემა „მედიზონას“.
ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებენ თუ არა ეგორ პოლიაკოვი და ალექსანდრა მიროშნიკოვა, პროგრამა „ვრემიას“ რედაქტორის, მარია ოვსიანიკოვას ბედს, თუ მათ კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი ელოდებათ.
რა ღირს რუსეთში სიმართლის თქმა?
"შეაჩერე ომი. არ დაიჯეროთ პროპაგანდის. აქ ისინი გატყუებენ", - 14 მარტს პროგრამა "ვრემიას“ რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ ამ შინაარსის პლაკატი იმ დროს გაშალა პირდაპირ ეთერში, როდესაც „ვრემიას“ წამყვანი ეკატერინა ანდრეევა დასავლეთის სანქციების შედეგების შესამსუბუქებლად მიმართულ რუსეთის მთავრობის გეგმებზე საუბრობდა.
და სანამ პირდაპირ ეთერს გათიშავდნენ, მარინა ოვსიანიკოვამ რამდენიმე სიტყვის - „შეაჩერე ომი!" და "არა ომს!" - წარმოთქმაც მოასწრო.
თუმცა, აქციის ორგანიზებამდე მან ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც უკრაინაში შეჭრას უწოდა დანაშაული, რუსეთს - აგრესორი ქვეყანა, ხოლო ვლადიმირ პუტინს - ამ აგრესიაზე პასუხისმგებელი.
ამ საპროტესტო აქციიდან ორ დღეში, 15 მარტს, მოსკოვის ოსტანკინოს რაიონის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - „შეუთანხმებელი საჯარო აქციის გამართვისთვის“. ამასთან, ჟურნალისტს რუსეთში ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის საფუძველზე ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
ანტისაომარი აქციის მოწყობისთვის, მარია ოვისანნიკოვა რუსეთის სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდაც იქცა. კრემლის მიერ კონტროლირებული "პირველი არხის" ყოფილი თანამშრომელი თავისუფლებისთვის გერმანიის მედიის ჯილდოს (Freiheitspreis der Medien) მფლობელი გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვიატლანა ციხანოუსკაიასთან ერთად.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელმაც ოვსიანნიკოვას ხმამაღლა გადაუხადა მადლობა მას პირდაპირ ეთერში გამოხატული პროტესტისთვის.
„მე მადლიერი ვარ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც არ წყვეტენ მცდელობას სიმართლის გასავრცელებლად; მათი, ვინც იბრძვის დეზინფორმაციასთან და ჰყვება სიმართლეს, მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს უამბობს რეალურ ფაქტებს; პირადად იმ გოგოს [მადლიერი ვარ], რომელიც შევიდა „პირველი არხის" სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით; მათი, ვისაც არ ეშინია პროტესტის გამოხატვის. ჯერ კიდევ, სანამ თქვენი ქვეყანა საბოლოოდ არ დაუხურავთ დანარჩენი მსოფლიოსგან, რომელიც ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად იქცევა, თქვენ უნდა იბრძოლოთ, არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი", - მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არ ეშინიათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაპროტესტებისა.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
როგორც ეგორ პოლიაკოვი წერს, მათთან უკვე გაიმართა საუბარი. „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ ვმუშაობთ. ჩვენ ვეძებთ სამუშაოს, იურისტებს და ალბათ პოლიტიკურ თავშესაფარს!", - ნათქვამია ეგორ პოლიაკოვისა და ალექსანდრა მიროშნიკოვას მიერ საინტერნეტო გამოცემის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად გამოქვეყნებული ერთ-ერთი ანტისაომარი სტატიის ბოლოს.