Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხალხის „თვითწმენდა“ გამოაცხადეს - არავინ უნდა დაინახოს ომი


რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლი კიევში. 17 მარტი, 2022 წელი.
რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლი კიევში. 17 მარტი, 2022 წელი.

რუსეთში „საზოგადოების თვითწმენდაა“ გამოაცხადებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ კანონები იმგვარად შეცვალა, რომ ახლა ყველა დამნაშავეა, ვინც - ზუსტად ისე არ იფიქრებს და ილაპარაკებს, როგორც ამას სამხედრო ცენზურა განსაზღვრავს.

დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროების საგულდაგულოდ დახშობის მიუხედავად, რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე ხვდება, რომ კრემლმა უკრაინაში დაიწყო ნამდვილი სისხლისმღვრელი ომი და არა „სპეცოპერაცია“, როგორც ამას კრემლი უწოდებს. სხვა საკითხია, ვინ როგორ (ვერ) ემიჯნება პუტინის პოლიტიკას და ვინ როგორ (ვერ) ბედავს პროტესტს.

წავიდნენ თუ გაუშვეს?

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, არკადი დვორკოვიჩმა თავად მოინდომა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და კომერციალიზაციის ფონდ „სკოლკოვოს“ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა. მაგრამ მოვლენების ჯაჭვი საწინააღმდეგო ეჭვებსაც აღძრავს.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი (FIDE) არკადი დვორკოვიჩი, რომლის კარიერის 10 წელი კრემლს უკავშირდება, რუსეთის ხელისუფლებამ იოლად მოიკვეთა მას შემდეგ, რაც მან ამერიკულ გამოცემა Mother Jones-თან ინტერვიუში რუსეთში აკრძალული სიტყვა - ომიც ახსენა და ომის დამანგრეველ შედეგებზეც ილაპარაკა.

„ომები ყველაზე უარესია, რაც ადამიანს ცხოვრების მანძილზე შეიძლება გადახდეს... ამ ომის ჩათვლით... ჩემი ფიქრები უკრაინის მოქალაქეებთან არის... ომები არა მხოლოდ სპობენ შეუფასებელ სიცოცხლეებს, ომები კლავენ იმედებს და შთაგონებებს, ისინი ყინავენ ანდა ანადგურებენ ურთიერთობებსა და კავშირებს“, - უთხრა კრემლის, უკვე ყოფილმა, ჩინოვნიკმა ამერიკულ გამოცემას 14 მარტს.

ამის შემდეგ ატყდა ხმაური და 17 მარტს დუმის დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ ფონდის თავმჯდომარის პოსტიდან დვორკოვიჩი „სამარცხვინოდ“ გაეძევებინათ. რუსეთის მედიის ცნობით, პუტინის პარტიის „ერთიანი რუსეთის“ («Единая Россия») გენერალური საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი ტურჩაკმა დვორკოვიჩის ქმედებას „ეროვნული ღალატი“ და „მეხუთე კოლონის ქმედება“ უწოდა. „რახან ასეა, მაშინ საზოგადოების თვითწმენდა უნდა დავიწყოთ, მათ შორის ფონდ „სკოლკოვოდან“, რომელსაც ხელმძღვანელობს დვორკოვიჩი. მან თავისი არჩევანი გააკეთა“, - თქვა ტურჩაკმა.

ფონდის თავმჯდომარეობის შემდეგ, დვორკოვიჩს შესაძლოა „Россельхозбанк“-ის დატოვებაც მოუხდეს. 18 მარტს პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა თქვა, რომ კრემლს დვორკოვიჩის საკითხი არ აინტერესებს და მისი ბედი ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს. ჯერჯერობით უცნობია, გაასამართლებენ თუ არა დვორკოვიჩს, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ პუტინის ხელისუფლების მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც სასჯელი შესაძლოა 15-წლიან პატიმრობასაც მისწვდეს.

კრემლმა მტრების ძიება დაიწყო და 17 მარტს „მეხუთე კოლონა“ პრეზიდენტმა პუტინმაც ახსენა.

ის ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი შეეცდება, დაეყრდნოს სწორედ „მეხუთე კოლონასა“ და „ეროვნულ მოღალატეებს“, რომლებიც ფულს რუსეთში შოულობენ, ხოლო სინამდვილეში დასავლეთის თანამოაზრეები არიან და თავს „უმაღლეს კასტად“ თვლიან. „ასეთები მზად არიან, მშობელი დედაც კი გაყიდონ, ოღონდ მათ მისცენ ნება, რომ უმაღლესი კასტის შემოსასვლელში ისხდნენ“, – ასეთია პუტინის მუქარანარევი განცხადება.

18 მარტს კი რუსეთის მედიამ გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის სახელმწიფო „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინ ერნსტმა МТС-ის დირექტორთა საბჭო დატოვა. МТС რუსეთში მობილური კავშირის უმსხვილესი ოპერატორი კომპანიაა, რომლის მთავარი აქციონერი, რუსეთის მედიის ცნობით, მილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვის კომპანია „სისტემაა“ (АФК "Система").

ვრცელდება ცნობები, რომ პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება ერნსტმაც ნებაყოფლობით მიიღო, მაგრამ მოვლენათა ჯაჭვი აქაც სხვა ეჭვების საფუძველს იძლევა.

ორ ცეცხლს შუა?

გარე თვალისთვის ისე ჩანს, რომ კონსტანტინ ერნსტი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. ერთი მხრივ, კრემლის სხვა პროპაგანდისტების მსგავსად, დასავლეთმა მას სანქციები დაუწესა - კანადამ, ევროკავშირმა, შვეიცარიამ თუ დიდმა ბრიტანეთმა; მეორე მხრივ კი, მასზე გულისწყრომის მიზეზები კრემლსაც ჰქონდა.

მარტის პირველ დღეებში რუსეთის მედიაში ხმაური კონსტანტინ ერნსტის მეუღლის, მსახიობ სოფია ერნსტის ინსტაგრამის პოსტის გამო ატყდა, როემლიც მან უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გამოაქვეყნა.

„წარმოდგენისაც კი მეშინია, როგორ ხართ ახლა თქვენ... მტკივა, მეშინია, სულ იმაზე ვფიქრობ - როდის დასრულდება ეს ყველაფერი. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ. უკრაინა... როგორი მწუხარებაა ეს ჩვენთვის. ყოველდღე ვტირით შენ გამო და ჩვენ გამო“, - წერდა მსახიობი 2 მარტს და იქვე დასძენდა, რომ მისმა თეატრმა „მშვდობიანი დროისთვის“ გადაიტანა სპექტაკლ „ანა კარენინას“ პრემიერა.

კრემლისტური მედია მაშინ ამტკიცებდა, რომ მსახიობმა სოფია ერნსტმა ეს ნაბიჯი თაყვანისმცემლების წნეხის შედეგად გადადგა.

კიდევ ერთი პრობლემა კონსტანტინ ერნსტს 15 მარტს დაეწია, როცა „პირველი არხის“ რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში მოულოდნელად გამოჩნდა პლაკატით ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ოვსიანიკოვამ დაჭერამდე გაავრცელა ვიდეომიმართვაც, სადაც ის ნანობს, რომ წლების განმავლობაში სიცრუეს ემსახურებოდა.

14-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ოვსიანიკოვა გაათავისუფლეს და საბოლოოდ მხოლოდ 30 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრეს; თუმცა როგორც მან 16 მარტს უთხრა გერმანულ „შპიგელს“ (Der Spiegel) - ძალიან ეშინია და მეგობრებთან იმალება, რადგან გრძელდება კვლევა და, მისი ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ. ლაპარაკია გამკაცრებული კანონით დადგენილ ახალ დანაშაულზე „წინასწარი შეცნობით ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე“, რაც 3-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ოვსიანიკოვას თქმით, მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და მხარდაჭერას ვერც საკუთარი ოჯახის წევრებისგან გრძნობს. ამასთან, ის არც მკვლელობის ორგანიზებას გამორიცხავს, მაგრამ მაინც უარს ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ თავშესაფარზე, რადგან თავს „პატრიოტად“ თვლის.

ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა კონსტანტინ ერნსტი „პირველი არხის“ გენდირექტორის პოსტსაც. ვრცელდებოდა ხმები, რომ ამ პოსტისთვის ამზადებენ ულტრამემარჯვენე, ანტიგლობალისტ ფილოსოფოსს, კრემლის მეხოტბე იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს. ეს ცნობები ჯერჯერობით არ დასტურდება.

„დოიჩე ველე“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობაზე დაყრდნობით, წერს, რომ - „ნაციონალისტურმა იდეებმა, რომლებსაც დუგინი უწევდა პროპაგანდას, შექმნეს საფუძველი რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის“ და დადგენილია ქსელი, რომელიც გერმანიაში მოქმედებდა.

დუგინის ევრაზიულ თეორიებსა და მრავალპოლუსიანი მსოფლიოსთვის ბრძოლის აუცილებლობას საქართველოში აქტიურად ქადაგებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა ტელევიზია „ალტ-ინფო“ და მის ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა“. ბოლო პერიოდში მათ საკუთარი მხარდამჭერებიც კი აკრიტიკებენ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების ღია მხარდაჭერის გამო.

რუსეთის ხელისუფლების ხმამაღალ კრიტიკასა და „სპეცოპერაციისთვის“ ომის დაძახებას რუსეთში ცოტა ვინმე თუ ბედავს. ამ წრეში შედიან ძირითადად საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობები, მომღერლები, აქტივისტები, ჟურნალისტები თუ ანალიტიკოსები, რომელთა ნაწილი ახლა რუსეთში აღარ იმყოფება.

რუსეთის ქალაქებში მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები იმართება, მაგრამ სხვადასხვა დროს დაკავებულთა რიცხვი, რუსი უფლებადამცველების ინფორმაციით, უკვე 15 ათასს აღემატება. აღძრულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის არაერთი საქმე.

"ОВД-Инфо"-ს ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე დააჯარიმეს იმის გამო, რომ ის „უხმოდ ეთანხმებოდა“ ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. ტომსკის მკვიდრს, სტანისლავ კარმაკსკიხს 45 ათასი რუბლი მხოლოდ იმიტომ გამოუწერეს, რომ ადამიანების ჯგუფთან ერთად იდგა იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც აქცია იმართებოდა. მისთვის წაყენებული ბრალია „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“.

საქმის მასალების თანახმად, კაცი მონაწილეობდა აქციაში, რომელიც მიზნად ისახავდა „გარშემომყოფთა და ტომსკის მკვიდრთა შორის ნეგატიური აზრის ჩამოყალიბებას სპეციალური საბრძოლო ოპერაციის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ატარებს“.

მღვდლების წინააღმდეგაც

კოსტრომის რაიონულმა სასამართლომ 10 მარტს გაასამართლა რუსი მღვდელი, იოან ბურდინი - „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის“ და „არმიის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული მოწოდებებისთვის“. როგორც მედია იუწყება, ეკლესიაში შეკრებილებს მღვდელმა ქადაგებისას უთხრა, რომ „ძმათამკვლელი ომი“ მიუღებელია მისთვის.

იოან ბურდინი ცოტა ხნით იყო დაკავებული და სასამართლომ საბოლოოდ 35 ათასი რუბლი (დაახლოებით 200 დოლარი) დააკისრა. ფული მას მრევლმა შეუგროვა.

არ იძებნება ინფორმაცია სხვა 285 სასულიერო პირის შესახებ, რომლებმაც, ბურდინის მსგავსად, ომი პეტიციაზე ხელმოწერითაც დაგმეს. მოელოდნენ, რომ ყველას მიაკითხავდა პოლიცია.

გმობენ, მაგრამ...

ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებს ისეთი ადამიანებიც გმობენ, რომელთაგანაც ეს ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

მაგალითად, სისხლისღვრის გამო მწუხარებას გამოხატავს რუსი ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტიკოსი მაქსიმ შევჩენკო და იმასაც ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიზნები გაუგებარია მისთვის. თუმცა „ოსობოე მნენიეს“ ეთერში ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ - შევჩენკო მიმდინარე მოვლენებს საბჭოთა პრიზმაში განიხილავს. ის ამბობს, რომ თავს დღემდე საბჭოთა კავშირის მოქალაქედ თვლის და რუსეთ-უკრაინის ომი არა სამამულო, არამედ სამოქალაქო ომია.

დახშული საინფორმაციო არხების მიუხედავად, როგორც ჩანს, თანდათან სულ უფრო მეტს იგებენ იმ რუს სამხედროთა ოჯახები, რომლებიც უკრაინაში მოტყუებით შეიყვანეს.

უკრაინული ტელეგრამარხი "მოძებნე შენები" ხშირად აქვეყნებს ჯარისკაცებსა და მათ მშობლებს შორის სატელეფონო საუბრების ამსახველ ვიდეოებს. მათ შორის ბევრი წვევამდელია.

ჯარისკაცები უხსნიან ოჯახის წევრებს, რომ უკრაინაში დაუნდობელი ომია და არა მსუბუქი „სპეცოპერაცია“, როგორც ამას რუსეთის მიკერძოებული მედია აშუქებს.

"დედა, აქ მშვიდობიან ხალხს კლავენ რუსები... ბომბები ცვივა ყველგან", - ეუბნება ერთ-ერთი წვევამდელი დედას და სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს ყველას, რათა ეს ყველაფერი შეწყდეს.

„კი, კი, ყველაფერი გასაგებია, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ... მე მხოლოდ მშვიდობა მინდა, მშვიდობისკენ ვარ, ომს ვეწინააღმდეგები - შენ ეს მშვენივრად იცი... არ მინდა, რომ მანდ კლავდეთ ბავშვებს, ადამიანებს... ვერ დავიჯერებ, რომ შენ მოკალი ვინმე... ყველაფერი ვიცით აქ უკვე, გავიგეთ [რაც უკრაინაში ხდება]“, - პასუხობს დედა.

სხვა ჯარისკაცი მამას ეუბნება, რომ ნაცნობი ბიჭები გააფრთხილოს, არ წავიდნენ უკრაინაში საომრად. მამა პასუხობს, რომ არც აპირებენ ომში წასვლას.

ომში წაყვანილი სამხედროების მშობლებისა და ახლობლების საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში არ დაწყებულა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და უკვე 23 დღეა ცდილობს უკრაინის მსხვილი ქალაქების, მათ შორის, დედაქალაქის აღებას და ბომბავს საცხოვრებელ რაიონებს, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის - სამშობიაროებს. ომს უკვე შეეწირა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG