უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაშა ზარივნამ უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ქალაქ მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის გათავისუფლების საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ ფიოდოროვის სანაცვლოდ რუსეთის არმიას გადასცა ცხრა დატყვევებული წვევამდელი, 2002-2003 წლებში დაბადებულები.
„ესენი ფაქტობრივად ბავშვები არიან, წვევამდელები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში „არ იმყოფებიან", - თქვა მან.
ზარივნას თქმით, ფიოდოროვი ხუთ დღეზე მეტ ხანს ჰყავდათ ოკუპანტებს და ცდილობდნენ თანამშრომლობაზე დათანხმებას, თუმცა მერმა უარი თქვა.
გათავისუფლების შემდეგ მერი ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის.
თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ მელიტოპოლის მერი სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლდა.