Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გამოაქვეყნა იმ პირებისა და კომპანიების სია, ვისაც ახალი სანქციები შეეხება


რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი მოხვდნენ ევროკავშირის სანქციების სიაში. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრასთან დაკავშირებით მიღებული სანქციების მეოთხე წყება ეხება 15 ფიზიკურ პირსა და ცხრა კომპანიას. სია გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

მთლიანობაში ევროკავშირის მიერ დღემდე დაწესებული სანქციები რუსეთის 877 მოქალაქესა და 62 კომპანიას შეეხო.

სიაში მოხვედრილი პირების აქტივები გაიყინება. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ სანქციებში შესულ პირებთან და კომპანიებთან გარიგებები. ფიზიკურ პირებზე დამატებით ვრცელდება ასევე მგზავრობის შეზღუდვაც. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტული გზით მისი გავლა.

ევროკავშირმა რუსეთისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან და მისი სუვერენიტეტი აღიაროს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„გამომდინარე იქიდან, რომ გრძელდება პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, იზრდება ჩვენი სიმტკიცეც, დავუჭიროთ მხარი უკრაინას და მივაყენოთ დარტყმა კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსებას. სანქციათა მეოთხე პაკეტი წარმოადგენს სერიოზულ დარტყმას იმ ეკონომიკურ და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელსაც უკრაინაში ინტერვენციის დროს ეყრდნობა რუსეთი. სანქციების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

ახალი სანქციების მიხედვით აიკრძალება:
• კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიწოდება, აგრეთვე ნებისმიერი სააბონენტო მომსახურების ხელმისაწვდომობა სარეიტინგო საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი რუსული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის;
• გაფართოვდება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებიც ექვემდებარებიან ორმაგი დანიშნულების საქონლის და მომსახურებისა და ტექნოლოგიების მკაცრ საექსპორტო შეზღუდვებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას;
• აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში, ასევე შემოიღებენ ყოვლისმომცველ შეზღუდვებს ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის აღჭურვილობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების ექსპორტზე;
• დამატებითი შეზღუდვები დაუწესდება რკინისა და ფოლადის ვაჭრობას, ასევე ფუფუნების საქონელს.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს. შეზღუდვები შეეხო ცენტრალურ ბანკს და მსხვილ რუსულ ბანკებს, საავიაციო ინდუსტრიას, ასევე რუსეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პირადად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბიზნესმენებსა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამართლებენ რუსეთის ქმედებებს.

XS
SM
MD
LG