ნადეჟდა, სერჰი და ლიუბა მარიუპოლიდან, ხარკოვიდან და კიევიდან არიან. მათ უკვე კარგად იციან, რა არის ნამდვილი ომი, შიში და სიკვდილი, მაგრამ კარგად იციან გამარჯვების ფასიც და სჯერათ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისა, განსაკუთრებით ახლა, როცა მაგალითად ხარკოვში, ნამდვილი გაზაფხული დადგა. ნადეჟდა, სერჰი და ლიუბა თავიანთ განცდებს, ყოველდღიურ ამბებს თუ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და ასე ცდილობენ მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა დაბომბილი ქალაქების ქუჩებიდან თუ თავშესაფრებიდან.
როგორ ცხოვრობენ ადამიანები უკრაინის იმ ქალაქებში, რომლებსაც რუსული საოკუპაციო არმია ბომბავს, სადაც საჰაერო განგაშის ხმა ყოველდღიურობად იქცა, სადაც თავშესაფრიდან გამოსვლა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს, სადაც დაღუპულებს კორპუსების ეზოებში მარხავენ.
ნადეჟდა სუხორუკოვა, ჟურნალისტი მარიუპოლიდან
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის 80-90% გაანადგურეს. ეს ინფორმაცია ორიოდ დღის წინ გაავრცელა მარიუპოლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მარიუპოლის მერის მოადგილე, სერგეი ორლოვი ამბობს, რომ ქალაქში, რომელსაც ომამდე 450 ათასი მკვიდრი ჰყავდა, დაღუპულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლი გაცილებით დიდი იყოს.
რუსული არმიის მიერ მარიუპოლის ალყის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დატოვება შესთავაზეს, თუმცა უკრაინულმა მხარემ უარით უპასუხა. მარიუპოლი დანებებას არ აპირებს. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, 21 მარტს რუსი სამხედროები ნელი ტემპით წინ მიიწევდნენ მარიუპოლში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცხრილვას განაგრძობდნენ.
24 თებერვლამდე, უკრაინაში ომის დაწყებამდე, 51 წლის ტელეჟურნალისტი ნადეჟდა სუხორუკოვა, მარიუპოლის მკვიდრი, სოციალურ ქსელში ძირითადად მისი საყვარელი ძაღლისა და კატის შესახებ წერდა. წერდა სხვა ყოველდღიურ ამბებზეც, მაგალითად, იმაზე, რომ მარიუპოლში მოთოვა, ეგვიპტეში იმოგზაურა, საინტერესო სიუჟეტი მოამზადა მარიუპოლელ კარდიოქირურგზე, დისშვილი მოენატრა, 2 თებერვალს დაბადების დღის მილოცვებსაც გამოეხმაურა... თითქოს არაფერი განსაკუთრებული, არავისგან გამორჩეული ფეისბუკის გვერდი.
ნადეჟდას ცხოვრება და მასთან ერთად მისი ფეისბუკის გვერდიც, ომმა ამოატრიალა. ბოლო ორი დღეა, ჟურნალისტის ონლაინ-დღიური, წამყვანი საერთაშორისო მედისაშუალებების განსაკუთრებული ინტერესის ეპიცენტრში მოექცა. ნადეჟდამ თავისი მძაფრი დღიურებით, საოკუპაციო ძალების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ხალხის ხმა გამოიტანა.
51 წლის ჟურნალისტმა მარიუპოლის დატოვება რამდენიმე დღის წინ მოახერხა. 19 მარტს, ნადეჟდა სუხორუკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ რომ ამ დილით არ წამოვსულიყავით, ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“.
ახლა ის, სავარაუდოდ, უსაფრთხო ადგილასაა. ონლაინ-დღიურებში, რომლებიც 2 მარტს წყდება და 18 მარტიდან ახლდება სიტყვებით "მეგობრებო, ცოცხალი ვარ", ჟურნალისტი დეტალურად აღწერს, როგორ ცხოვრობენ მარიუპოლში ადამიანები ბოლო სამი კვირაა. როგორც იხოცებიან მისი მეგობრები, მშვიდობიანი მოქალაქეები მარიუპოლოს ქუჩებში, საკუთარ სახლებში და რომ ახლა იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს.
თავის პოსტებს კი ასრულებს თხოვნით, რომ გავაგებინოთ ადამიანებს მისი ქალაქისა და იქ დარჩენილი ადამიანების შესახებ.
ერთ-ერთი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში ნადეჟდამ 20 მარტს გამოაქვეყნა:
"იცით, როგორი საშიშია ახლა თუნდაც რამდენიმე წუთით განშორება? გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ თავს, რომ ჯოჯოხეთში აღარ ვარ, მაგრამ მაინც სულ მესმის თვითმფრინავების ზუზუნი, მაინც ვხტები ყველა ხმაურზე და თავს მხრებში ვმალავ. მეშინია, როცა ვინმე მიდის. იქ, ჯოჯოხეთში, ყველა ვერ ბრუნდებოდა.
სიფრიფანა ანია თხუთმეტსართულიანიდან, ყოველ დღე მოდიოდა. მისი მშობლები სკოლის გვერდზე, კიროვის ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ძალიან ღელავდა მათზე. თავისთან გადმოყვანა ვერ მოახერხა. ორი გაჩერების მანძილის ოდენა დაშორებაც კი მათთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. მისი ბინა პირდაპირ კორპუსის სახურავის ქვეშაა. თვითმფრინავები, რომლებიც ბომბავდნენ ქალაქს, გეგონა, რომ სწორედ მისი სხვენის თავზე ტრიალებდნენ.
ანია ყოველ დღე, ტყვიების წვიმაში მიდიოდა მშობლების სანახავად. მის გარშემო ბომბები ფეთქდებოდნენ. ის წვებოდა მიწაზე და თავზე ხელებს იფარებდა. ძალიან ეშინოდა. მშვიდობის დროს გზა არც ისე გრძელი იყო, მაგრამ დაბომბვისას, ეს გზა, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა. ანია ამ გზას ორჯერ გადიოდა - იქით და აქეთ და ხედავდა, როგორც იცვლებოდა ყველაფერი თვალსა და ხელს შუა. ჯერ კიდევ გუშინ საღი სახლები, ერთ ღამეში ნანგრევებად იყო ქცეული - ამობუგული ფანჯრებიდან მომზირალი შავი თვალებით.
მას გმირად ვთვლიდი. ის მიდიოდა მშობლების სანახავად, შემდეგ მოდიოდა ოსიპენკოს ქუჩაზე მდგარ სახლში, ცოტა რომ ამოესუნთქა და მერე თავის ბინაში ბრუნდებოდა. სვამდა წყალს, დგებოდა კარის ზღურბლზე და დუმდა. ხანდახან მოჰქონდა ასე ძვირფასი საფენები და საცხი ახალდაბადებული ნიკიტასთვის. ბავშვი ამ სახლის სარდაფში დაბადებიდან ცხოვრობდა. ყვითელ წიწილას ჰგავდა. ძალიან აკლდა მზე.
ანია ყოველ დღე იცვლებოდა, ზუსტად ისე, როგორც ქალაქი. თვითონ უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდებოდა, შავი ხაზები მისი თვალების გარშემო კი უფრო მუქი და მუქი. ანია არაფერს ჭამდა. ამბობდა: „არ შემიძლია ლუკმის ჩადება, არ გადამდის ყელში“. იმის შესახებ, თუ რას ხედავდა ქუჩაში, არ ლაპარაკობდა. ჩვენთან ბევრი ბავშვი იყო და არ უნდოდა, ვინმე შეეშინებინა.
როდესაც ჩვენს რაიონის დაბომბვა ლამის შეუჩერებლად დაიწყეს, ანიამ მშობლებთან სიარულს უკლო. რამდენიმე დღეში ერთხელ მიდიოდა. ვფიქრობდი, რომ ანია იმდენად სიფრიფანა და გამჭვირვალე იყო, რომ ბომბების ნატეხები ვერ ხედავდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენი ახლობლების სახლს რაკეტა დაეცა და სხვა სარდაფში გადავედით, ანია აღარ გვინახავს. ის ახლაც მარიუპოლშია. მას არ ჰყავს მანქანა. მხოლოდ მოხუცი მშობლები და რამდენიმე კატა ჰყავს.
11 მარტს ჩემი მეგობრის ქმარი დაიღუპა. ერთი დღით ადრე, ჩვენთან იყვნენ მოსულები და ჩემი მეგობარი ოცნებობდა, რომ ომის შემდეგ შევხვდებოდით. ვიტიამ, მისმა ქმარმა, რომელიც ჩუმი ადამიანი იყო, ამჯერად მტკიცე პირობა დადო, რომ გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად შევხვდებოდით. მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა.
მომდევნო დღეს, როცა გარშემო ყველაფერს ზანზარი გაუდიოდა, თითქოს გიგანტურ შუშას ჭრიდნენ რკინის ხერხით, ბავშვები სარდაფში იყუჟებოდნენ, უფროსები კი ვისხედით გრძელ ტახტზე და თავებზე ბალიშებს ვიფარებდით, თითქოს ბალიში გვიშველიდა, სარდაფში 13 წლის საშა შემოვარდა და დაიყვირა: „მე საშა ვარ. ჩვენ სახლში ის... შემოფრინდა“. ჩვენ ვკითხეთ: „დედა სადაა, ყველანი ცოცხლები ხართ?“ გვიპასუხა, ყველანი ცოცხლები ვართ, მაგრამ მამა მოყვა ნანგრევებში, დედა თხრის.
შემდეგ გაირკვა, რომ საშას მამა სამუდამოდ შთანთქა ნანგრევებმა. საუკეთესო ოპერატორი, ძალიან კარგი ადამიანი, მოსიყვარულე მამა და ქმარი, წყნარი, კეთილი, იწვა საკუთარი ბინის იატაკზე, მეცხრე სართულზე, გაჩეჩქვილი თავით და არაბუნებრივად ამოტრიალებული ფეხით. ვერც დაკრძალვა მოვახერხეთ, ვერც ჩამოყვანა. რამდენიმე დღეში, მთელი სადარბაზო დაიწვა ვიტიასთან ერთად. სახლს დამიზნებით ესროლეს.
იქ, მარიუპოლში, საერთო თეფშით ვჭამდით, რომ ზედმეტი წყალი არ დაგვეხარჯა ჭურჭლის დასარეცხად. ერთ "მატრასზე" ვიწექით, ასე უფრო თბილად ვიყავით. გარეთ გამოსულები ყველა შემხვედრს მივდევდით, რომ გაგვეგო, რა ხდებოდა მეზობელ ეზოებში. დავივიწყეთ, რომ არსებობდა მაღაზიები, ტელევიზორი, სოციალური ქსელები, ცხელი შხაპი და ნამდვილი საწოლი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბლოკადის განმავლობაში, ქალაქიდან 40 ათასამდე ადამიანი გავიდა. ჯოჯოხეთში ისევ რჩება ათასობით ადამიანი. მათ დღითიდღე უფრო უჭირთ გადარჩენისთვის ბრძოლა. მოუყევით ადამიანებს სიმართლე ჩემი ქალაქის შესახებ".
სერჰი ჟადანი, მწერალი და მთარგმნელი ხარკოვიდან
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა პირველად 28 თებერვალს დაბომბეს. მომდევნო დღეს, პირველ მარტს კი ქალაქის ცენტრსა და საცხოვრებელ რაიონებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა „გრადის“ და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.
ომის დაწყებიდან დღემდე, ისევე როგორც მარიუპოლი, ხარკოვიც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის მონაცემებით, ქალაქში განადგურებულია 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაბომბილია რამდენიმე ათეული სკოლა, საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები.
48 წლის სერჰი ჟადანი, მწერალი და მთარგმნელი ხარკოვიდან ახლა მოხალისედ მუშაობს. ცნობებს ხარკოვში მიმდინარე ამბებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
„მედიკამენტები მივიტანე საავადმყოფოში. აქ ისეთი სიმშვიდეა“, - წერს სერჰი 22 მარტს სოციალურ ქსელში და თან ფოტოსაც ურთავს.
ბოლო დღეების ჩანაწერებში სერჰი სახეცვლილი, მაგრამ მტკიცედ მდგარი ხარკოვისა და ხარკოველების შესახებ წერს:
19 მარტი:
"ხარკოვს კვლავ ესვრიან, მაგრამ ქალაქი დგას. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქალაქია. ჩვენ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი სახლია და მას დავიცავთ. ღამე მშვიდობის, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო. ხვალ გავიღვიძებთ და კიდევ ერთი დღით მივუახლოვდებით ჩვენს გამარჯვებას".
20 მარტი:
"ხარკოვში თან ყინავს და თან მზიანი დღეა. ქუჩაში ბევრი ხალხია. თითქოს ხალხს სახლში ჯდომა მობეზრდა და სასეირნოდ გამოვიდნენ. თუმცა, სინამდვილეში, ყველა რაღაცას აკეთებს - ვიღაც აფთიაქში მიდის, ვიღაც პროდუქტის საყიდლად, ვიღაც ახლობლის მოსანახულებლად. შუქნიშნები არ მუშაობს, მაგრამ მძღოლები ზრდილობიანად უთმობენ გზას ფეხით მოსიარულეებს. ჩნდება განცდა, რომ სულ მალე ნამდვილი გაზაფხული დადგება... მოხალისეები შეკეთებულ მანქანაზე, მედიკამენტებზე, დაწყვეტილ წყალსა და იმაზე ლაპარაკობენ, სად უნდა გაანაწილონ ჰუმანიტარული ტვირთი. ყველა ტელეფონზე ლაპარაკობს - ვიღაც დახმარებას სთავაზობს, ვიღაც დახმარებას ითხოვს. მერე რა, რომ ქალაქი გაყინულია, ის ამაყად დგას. ქალაქის თავზე ჩვენი დროშები ფრიალებენ".
21 მარტი:
"ხარკოვში ნამდვილი გაზაფხული დადგა. მზეა და თბილა. ჩიტები უფრო ხმამაღლა ჭიკჭიკებენ. ერთი შეხედვით, ადამიანები ერთმანეთს თითქოს იჭვნარევად უმზერენ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთს არ ენდობიან, არა, ეს უფრო იმედის თვალით ყურებას ჰგავს. ყველანი უფრო ყურადღებიანები გახდნენ. ქალაქის ცენტრი ცოცხლობს - აქეთ ჰუმანიტარულ ტვირთს არიგებენ, იქით მეზობლები იკრიბებიან, ისე, უბრალოდ, სალაპარაკოდ. აფეთქებების ხმას, რომელიც შემოგარენიდან ისმის, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მიეჩვივნენ. ქალაქში სიარულისას და მეგობრებთან საუბრისას, აცნობიერებ, რომ ხარკოვი ახლა ერთი დიდი მოხალისეობრივი ცენტრია. ქალაქი დიდი გულითა და ადამიანობით სავსე.
ქალაქში ახალი ხმა გაჩნდა: ქუჩას რომ მიუყვები, ფეხებქვეშ ბასრი შუშის ნამსხვრევები ხრაშუნობენ. ქალაქის ცენტრში, ძველ კონსტრუქციასთან, დანგრეულ შენობებს შლიან. მაღაზიების ვიტრინები ღიაა, მომსახურების სფერო მუშაობს. წინ ბევრი საქმე გვაქვს. მაგრამ ეს პატიოსანი, სამართლიანი საქმეა და ამიტომ არ გვეშინია. ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ხელახლა ავაშენებთ.
დღეს მოხალისეების ერთ-ერთ ცენტრში შევედი, სადაც ახალგაზრდები მუშაობენ, მართლა ძალიან ახალგაზრდები და ერთი რამ შევნიშნე - რამდენად მნიშვნელოვანია და ბუნებრივი დღეს მათთვის უკრაინულად ლაპარაკი. დღეს, ისინი თავიანთ განსხვავებას ამტკიცებენ. ეს ახლა მათი ნიშანია და ეს ნიშანი მათთან სამუდამოდ დარჩება. სხვა ყველაფერთან ერთად, რუსების უკუღმართობა ისიცაა, რომ მათ არასდროს უცდიათ ცოტა მეტი შეეტყოთ ჩვენს შესახებ. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ისინი ჩვენს სუსტ წერტილებად თვლიდნენ, ჩვენს უპირატესობად და ჩვენს ძალად გარდაიქმნა. დაე, სულ ასე იყოს".
ლიუბა იაკიმჩუკი, პოეტი კიევიდან
„პირველი აფეთქებების ხმა რომ გაისმა კიევში, ყველანი დერეფანში შევიყუჟეთ. სიჩუმემ რომ დაისადგურა, ჩემი ქმარი გაიქცა და სახლის ფანჯრებს რკინის ჟალუზები ჩამოაფარა. ყველას არ აქვს ასეთი ჟალუზები და ამიტომ მეზობლები, რომელთა ფანჯრებსაც აფეთქებების ხმაზე საშინელი ზრიალი გაუდიოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენთან აფარებდნენ თავს“, - აი ასე აღწერს და იხსენებს 37 წლის პოეტი, სცენარისტი და მთარგმნელი, ლიუბა იაკიმჩუკი, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქის, კიევის დაბომბვის პირველ დღეს.
საჰაერო განგაშის ხმა კიევში ყოველდღიურად ისმის. რუსული არმიის საოკუპაციო ძალები, პერიოდულად საარტილერიო ცეცხლს უხსნიან საცხოვრებელ რაიონებს. ერთ-ერთი ბოლო მსგავსი თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაიჭრა 19 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის, 4 ბავშვი.
ლიუბამ მცირეწლოვანი შვილი კიევიდან უსაფრთხო ადგილას, მეგობრების დახმარებით გაიყვანა.
ახლა ის ქმართან ერთად კიევში რჩება და მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად მოხალისეობრივ საქმეშია ჩართული.
„ეს მე ვარ და ჩემი რკინის ჟალუზები“ - რამდენიმე დღის წინ ლიუბამ ომისა და საკუთარი შეგრძნებების შესახებ ბლოგი დაწერა.
„შეხედეთ ჩემს სახეს. შეგიძლიათ ის შეადაროთ იმ ფოტოებს, რომლებიც რამდენიმე თვის ან კვირის წინ მაქვს გადაღებული. შემომხედეთ. პირველი სამი ღამის განმავლობაში თვალი არ მომიხუჭავს, შემდეგ აბები დავლიე, რომლებიც ჩემთვის არ იყო გამოწერილი და ჩაძინება შევძელი. ყოველთვის მაკანკალებს, ცუდ ამბებს რომ ვკითხულობ, მაგრამ როდესაც ჩემი შვილის ნივთებს ვაგროვებდი, რომელიც ჩემმა მამაცმა მეგობარმა კიევიდან წაიყვანა, ჯოჯოხეთურმა ცახცახმა ამიტანა.
სარაკეტო დარტყმების პირველ დღეს ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა, პარალიზებული ვიყავი. შემდეგ დამიკავშირდნენ ჟურნალისტები შვედეთიდან, კანადიდან, ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ინტერვიუები ჩამომართვეს და თითქოს რაღაცნაირად მხნეობა მომემატა. შვედურ რადიოს ველაპარაკებოდი, როდესაც სარაკეტო იერიში დაიწყო: „გვბომბავენ“ - ვიყვირე, დავტაცე ხელი ლეპტოპს და დერეფანში გავიქეცი, თან ისევ ჟურნალისტის კითხვებს ვპასუხობდი. ამ დროს საშინელმა ცახცახმა ამიტანა. რაღაც მომენტში ლაპარაკის გაგრძელება ვეღარ შევძელი, ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ დამთავრდა... და ინტერვიუ დამთავრდა.
ახლა შეხედეთ ადამიანებს საზღვრებთან, რომლებიც როგორც ვიღაცები წერენ, ვეღარ ითმენენ, რომ გაიქცნენ და დატოვონ აქაურობა. ეს კომენტარები იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებსაც, საბედნიეროდ, არ გამოუცდიათ ეს ყველაფერი...
...ვიღაცას აქვს ჟალუზები, ვიღაცას არ აქვს. ვიღაცას აქვს ბინა ქალაქში, რომელიც არ დაუნგრევიათ და ვიღაცას აღარ. ჩვენ ყველას სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს და სანამ დასკვნებს გავაკეთებთ, გავუზიაროთ ჩვენი დადებითი გამოცდილება მათ, ვინც ახლა ცუდადაა - იქნებ ეს ადამიანები აღარ დაწვნენ იატაკზე შეშინებულები, როცა გარეთ ვიღაც მანქანის კარს მიაჯახუნებს. იქნებ მათმა შვილებმა აღარ იკითხონ: „რა მოხდება, თუკი მესვრიან“? იქნებ აღარ იტირონ ძილში ისე, როგორც ბებიაჩემი ტიროდა, როცა დონბასიდან კიევში ჩამოვიყვანეთ და ამის ნაცვლად გაიცინონ? უბრალოდ ვცადოთ.
მე ჟალუზები დავხურე და მესმის: ის გვიახლოვდება“.
21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა:
„რუსებს სურთ, რომ უკრაინას მათთვის "გადაეცა" ქალაქები: კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი, მაგრამ ვერც უკრაინელი ხალხი და "ვერც მე, როგორც პრეზიდენტი, ამას ვერ გავაკეთებთ... უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმებს. ჯერ ჩვენ უნდა გაგვანადგუროთ და მერე იქნება მათი ულტიმატუმი შესრულებული“.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 21 მარტის მონაცემებით, უკრაინა 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ლტოლვილები ძირითადად გადადიან დასავლეთით, მეზობელ ქვეყნებში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში.
გაეროს მიერ დადასტურებული მონაცემებითვე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დაღუპულია 902 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 75 ბავშვი. ამასთანავე, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია, თუმცა, ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება ისეთი ქალაქებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, იზიუმი და სხვა.
გაეროს თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევების და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით, უკრაინაში დაღუპულია 112 ბავშვი და დაჭრილია 140.