მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცნო აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და თავისი ჯარები შეიყვანა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც პრორუსული ძალები აკონტროლებენ, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ომი „გარდაუვალია“. მეორე ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომი ორ ქვეყანას შორის 2014 წლიდან მოყოლებული გრძელდება, რუსეთმა შესაძლოა ვერ გაბედოს უკრაინასთან ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმა.
თუ რომელი მოსაზრება გადაწონის, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანომ სრული უფლება მიანიჭა, რომ გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
22 თებერვალს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ, ფედერაციის საბჭომ, ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ დონბასში შექმნილ ვითარებასთან კავშირში.
„150 000 ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან ამაოდ არ დგას“
იმ ექსპერტებს შორის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს გარდაუვალად მიიჩნევენ, ერთ-ერთი ლონდონში მდებარე ჩათემ ჰაუსის თანამშრომელი, ნიკოლაი პეტროვია.
„ვფიქრობ, რომ სამხედრო მოქმედება, ამა თუ იმ ფორმით, გარდაუვალია. 150 ათასი რუსი ჯარისკაცისგან შემდგარი არმია უკრაინის საზღვართან ამაოდ, ამ ორი ე.წ. სახალხო რესპუბლიკის აღიარების გამო, არ დგას. საკითხავი ისაა, თუ ეს ახალი ვითარება რამდენად მოახდენს გავლენას აშშ-ზე და რამდენად რეალისტურია შესაძლო კომპრომისი, რომელსაც შეუძლია სრულმასშტაბიანი კონფლიქტის პრევენცია“, - უთხრა პეტროვმა რადიო თავისუფლებას.
იანვარ-თებერვალში უკრაინის საზღვართან ბელარუსისა და ვორონეჟის მიმართულებაზე კონცენტრირებულმა რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ომის სცენარით გათვალისწინებული მასშტაბური წვრთნა გაიარეს. 19 თებერვალს კი რუსეთის სამხედრო ძალების დემონსტრირება ჰიპერბგერითი ბალისტიკური , ფრთოსანი და ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტების გამოცდით დაგვირგვინდა.
წვრთნებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-მა განაცხადა, რომ ახლა უკვე დარწმუნებულია მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონაში. რუსეთის პასუხად, რომ არ გეგმავს თავდასხმას მეზობელ ქვეყანაზე, ვაშინგტონში განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვრებთან დისლოცირებული რუსეთის 150,000-მდე სამხედროთი - რომლებიც, უკრაინის აღმოსავლეთში მყოფ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ერთად, 190,000-კაციან ძალას შეადგენენ - მოსკოვს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
ანდრეი პიონტკოვსკი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, ვაშინგტონიდან, ვარაუდობს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ვერ გაბედავს, ფართომასშტაბიან ინტერვენციას. „მაგრამ შესაძლოა მან გაიმეოროს ყირიმის ისტორია, რაც სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც დაუმტკიცოს თავის თავზეხელაღებულ გარემოცვას და საკუთარ თავს, პროპაგანდის საშუალებით კი შეეცდება, ხალხი დიდ მიღწევებში დაარწმუნოს“, - ამბობს პიონტკოვსკი.
2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ხელთ იგდო უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და მხარი დაუჭირა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მოქმედ სეპარატისტებს, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ვრცელ ტერიტორიაზე. ამჟამინდელი კრიზისი დაიწყო გასული წლის ბოლოს, როდესაც რუსეთმა დაიწყო ჯარების მასობრივი კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან. დასავლეთის კრიტიკის პასუხად, პუტინმა ნატოსგან შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმა და აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოითხოვა.
დამოუკიდებელი ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ ომი არათუ გარდაუვალი არ არის, არამედ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„ომი დაწყებულია. ის 2014 წლიდან მიმდინარეობს. ამ დღეებში საბრძოლო მოქმედებები და საარტილერიო იერიშები დონბასის რეგიონში 2014-2015 წლების დონემდე გაიზარდა. იმ პათოსით თუ ვიმსჯელებთ, რითაც პუტინი თავის სატელევიზიო მიმართვაში, ამ ანტიუკრაინულ და იმპერიალისტურ მიმართვაში, ცდილობდა გაემართლებინა სეპარატისტული რეგიონების ცნობა, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ პუტინი დონბასის ცნობით არ გაჩერდება“, - ამბობს ვოლოდიმირ ფესენკო, პოლიტიკური კვლევების ცენტრ „პენტას“ გენერალური დირექტორი.
პუტინის ულტიმატუმი: „შეწყვიტეთ ნატოში გაწევრიანება და განიარაღდით“
22 თებერვლის შუაღამით უშიშროების საბჭოსთან ხანგრძლივი თათბირის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებას მხოლოდ რუსეთის არმიის მიერ სრულმასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში აპირებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ არ იქნება ძლიერი ომი უკრაინის წინააღმდეგ და არ იქნება ფართო ესკალაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. თუ იქნება, საომარი მდგომარეობაც დაწესდება“, - ამის შესახებ ზელენსკიმ 22 თებერვალს კიევში ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანამდე გაკეთებულ საგანგებო მიმართვაში, უკრაინის მოქალაქეებს მან უთხრა, რომ ქვეყანა კრიზისს მშვიდად და თავდაჯერებულად გაუმკლავდება და დაჰპირდა, რომ უკრაინის საერთაშორისო საზღვრები უცვლელი დარჩება, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა და მუქარისა.
უკრაინის პრეზიდენტის ასეთი ოპტიმისტური განცხადების მიუხედავად, რუსეთი აპირებს, ხოლო ზოგიერთი ინფორმაციით, უკვე დაიწყო ჯარების შეყვანა რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნებად აღიარებულ „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ .
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ოკუპირებულ დონეცკში მცხოვრებ თვითმხილველებზე დაყრდნობით 22 თებერვლის შუაღამით იუწყებოდა ტანკებისა და ჯავშანტექნიკის დიდი კოლონების გადაადგილებაზე ქალაქ დონეცკიდან კონფლიქტის ზონის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით.
მომავალი ომის კონტექსტში ვლადიმირ პუტინის რამდენიმე განცხადებაა საყურადღებო.
21 თებერვალს, როდესაც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის“ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება“.
22 თებერვალს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის გრძელვადიანი მოწესრიგების მიზნით უკრაინამ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და „განიარაღდეს“.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „ლუგანკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები“ ცნო უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებში. ამ ოლქების დიდი ნაწილი ამჟამად უკრაინის ხელისუფლების და არა სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა სადავო საკითხი კიევის ხელისუფლებისა და რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკების პროცესში გადაწყდება“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა შეუძლებელია არ იცოდეს, რომ კიევი და დონბასელი სეპარატისტები ასეთ საკითხებს მოლაპარაკების მაგიდასთან ვერასოდეს გადაჭრიან.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ არ აპირებს „ტერორისტებთან“ მოლაპარაკებას. ტერორისტებს უკრაინის ხელისუფლება უწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეჟიმებს, რომლებიც ჯერ რუსეთის პრეზიდენტმა, შემდეგ კი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით, ერთსულოვნად ცნო დამოუკიდებელ და სუვერენულ რესპუბლიკებად.
ვლადიმირ პუტინს ომის გზა არჩეული აქვს, რათა, როგორც ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორი, სევგილ მუსაევა ვარაუდობს, მთელი უკრაინა გაანადგუროს.
„პუტინი მანამ არ დამშვიდდება, სანამ ჩვენ და უკრაინას არ გაგვანადგურებს. ამაში ხედავს თავის ისტორიულ მისიას თავზეხელაღებული ფიურერი“, - დაწერა სევგილ მუსაევამ თავის ფეისბუკგვერდზე.