Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი "მშვიდობის დასაცავად" რუსეთის ჯარებს გზავნის ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში"


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, წინამდებარე განკარგულების მესამე პუნქტში ხსენებული შეთანხმების დადებამდე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობის დაცვის ფუნქციის განხორციელება ევალება“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ პუტინის ბრძანებულებაში. ზუსტად იგივე დავალება ეძლევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პუტინის მიერ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნობილი „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ შემთხვევაშიც.

უცნობია, თუ რა რაოდენობის ჯარი განლაგდება ორ სეპარატისტულ ტერიტორიაზე „მშვიდობის დასაცავად“, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება ოკუპირებულ დონეცკში მცხოვრებ თვითმხილველებზე დაყრდნობით, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის დიდი კოლონები მიემართებიან ქალაქ დონეცკიდან კონფლიქტის ზონის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურნენ ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობას და აღნიშნეს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა უხეშად ხელყო მინსკის შეთანხმებები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG