Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინასა და საქართველოსთვის


2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინისა და საქართველოსთვის - თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, რომ არ იქნება მეორე ნაბიჯი?” - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატოს ზოგიერთი ქვეყანა წინააღმდეგია, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან, 2008 წელს ბუქარესტში მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ გარანტიები არ არსებობს.

„შეერთებული შტატები ადვილად ამბობს უარს ნებისმიერ შეთანხმებაზე, ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს მოაწერს. მაგრამ მაინც, რაღაც უნდა იყოს ქაღალდზე დაფიქსირებული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტით მიღებული. დღეს ამაზეც ვერ ვთანხმდებით", - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს.

შეიარაღებული კონფლიქტი დონბასელ სეპარატისტებსა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის 2014 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი დევნილად იქცა.

ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში კვლავ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG