რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ, ფედერაციის საბჭომ, ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ. ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე - დონბასში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
კენჭისყრა გაიმართა პარლამენტის ზედა პალატაში, საღამოს სესიაზე რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა თხოვნას, ნება დაერთოთ შეიარაღებული ძალებისთვის, იმოქმედონ რუსეთის ფარგლებს გარეთ.
გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული და მას მხარი დაუჭირა 153-მა სენატორმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პაკოვმა განაცხადა სხდომაზე, რომ ვითარება დონბასში იძაბება და რუსეთმა უნდა დაიცვას მოსახლეობა. ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მხარდაჭერა მიზნად ისახავს „თავიდან იქნეს აცილებული ომი“.
დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტის წინადადება ეფუძნებოდა რუსეთის კონსტიტუციას და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის მიერ 21 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებებს მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ.
21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკები“ დამოუკიდებლად. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებდა. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.
22 თებერვალს პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმება, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, "აღარ არსებობს" და კიევი დაადანაშაულა მის მოსპობაში.
21 თებერვლის განკარგულებაში, როცა პუტინმა ცნო სეპარატისტული რეგიონები, მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა საზღვრებში აღიარებს ის ამ ტერიტორიებს, მაგრამ 22 თებერვალს, პრესკონფერენციაზე სიცხადე შეიტანა საკითხში: პუტინის თქმით, რუსეთმა აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში, იმ ტერიტორიის ჩათვლით, რომელსაც კიევი აკონტროლებს. "ჩვენ ვაღიარებთ მათი იმ დამფუძნებელი დოკუმენტების და კონსტიტუციის შესაბამისად, რომელთა თანახმად, მათი საზღვრები ემთხვევა ლუგანკის და დონეცკის რეგიონების საზღვრებს, სანამ ისინი უკრაინის შემადგენლობაში იყვნენ".