Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე მოძალადე ვარ და ეს ანგელოზი?“ – 5 ივლისს ნაცემი ჟურნალისტების საქმის ხმაურიანი სასამართლო გადაიდო


2021 წლის 5 ივლისს ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული პირებისათვის საბოლოო განაჩენის გამოსატანად თვეზე ცოტა მეტი რჩება - ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული დარბევების და ჟურნალისტებზე თავდასხმების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 თებერვალსაც გაიმართა.

ამჯერად სასამართლოს უნდა მოესმინა 5 ივლისს ნაცემი „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავასთვის, თუმცა მის სიტყვას ბრალდებულების მხრიდან ხმაური და მუქარა მოჰყვა. სხდომა გადაიდო.

კადრი სასამართლო სხდომიდან 5 ივლისის საქმეზე
კადრი სასამართლო სხდომიდან 5 ივლისის საქმეზე

„ხელისუფლების სირცხვილია ის, რაც 5 ივლისს ხდებოდა“, - თქვა „ფორმულას“ ჟურნალისტმა რატი წვერავამ ერთი წლის წინანდელი მოვლენების გახსენებისას და თავდამსხმელებს არაკაცები უწოდა.

დაზარალებულ ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა კი პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი საერთოდ დატოვა.

„არაკაცები არიან და ამას გავიმეორებ სხდომათა დარბაზშიც და ყველგან“, - განაცხადა მოგვიანებით რატი წვერავამ.

22 თებერვლის სასამართლო პროცესზე, ბრალდებული და მისი ადვოკატები რატი წვერავას დაკითხვის სწორედ ამ ფრაგმენტმა გააღიზიანა, სადაც ჟურნალისტი ძალადობრივი განცხადებების ავტორებს „არაკაცებად“ მოიხსენიებდა.

„გამოუშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდე, მიმიშვით ამ არაკაცთან. ამ ვიგინდარას შემოვარტყამ და მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი. მოდის და არაკაცს გვიწოდებს“, - თქვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა.

- 8 თვეა ციხეში ვზივარ და კიდევ არაკაცს მიწოდებს? შენ ახლა ჟურნალისტი ხარ?

- მე დაზარალებული ვარ და ვსაუბრობ როგორც დაზარალებული ადამიანი, - უპასუხა მას რატი წვერავამ.

- აი, ამ ვიგინდარას რომ შემოარტყამ ერთ-ორ ცალს, მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი?

- შეიკავეთ თავი შეურაცხყოფისგან. არაკაცი არ არის ნამდვლად ის სიტყვა... კორექტულად მოუთხრეთ სასამართლოს ამბავი და შეიკავეთ ემოცია, - მოუწოდა რატო წვერავას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

თუმცა რატი წვერავამ ვეღარ შეძლო ჩვენების ბოლომდე მიცემა, რადგან ბრალდებულების ადვოკატის დარბაზიდან გასვლის შემდეგ, დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება ბრალდებულებმაც მიიღეს.

„სიცხე მაქვს. თუ გნებავთ, გავიზომავ“, - თქვა ერთ-ერთმა.

ჟურნალისტის ცემისთვის (რომელსაც გასული წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ადამიანების ჯგუფი ათი წუთის განმავლობაში უწყვეტად ურტყამდა) მხოლოდ ერთი ადამიანი, რომან კეკუტიაა დაპატიმრებული.

რატი წვერავა გამოძიებას არ ენდობა და ამბობს, რომ ვიდეოკადრებში, რომელიც მთელმა საქართველომ იხილა, ჩანს, რეალურად რამდენი ადამიანი უსწორდებოდა მას და როგორც მისდევდნენ პარლამენტის კიბეებიდან თაბუკაშვილის ქუჩამდე. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ძალიან მარტივი ამოსაცნობი იყო, ვინ ძალადობდა მასზე, თუმც კი დღემდე მასზე ძალადობისთვის პასუხისგებაში მხოლოდ ერთი პირი მისცეს.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დაცვის მხარის ადვოკატების მიზანი პროცესის გაჭიანურებაა, რაზეც სასამართლო დარბაზში მათი ქცევაც მიუთითებს:

„ფაქტია, რომ დაცვის მხარის მიზანი არ არის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დატოვა პროცესი, ამას კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს. ის მოსამართლემ დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმა“.

რატი წვერავა ერთ-ერთია იმ 53 ჟურნალისტს შორის, ვინც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ ორგანიზებული ძალადობის დროს დაშავდა.

2021 წლის 30 ივლისს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებული იყო 31 პირი. მათგან 27 - ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე,

3 პირი - „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე და კიდევ 1 პირი, რომელიც პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. შსს-ს ცნობით, ეს არის 5 ივლისის საქმეზე დაკავებულების ბოლო მონაცემი - მას შემდეგ არავინ დაუკავებიათ.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

რატი წვერავას საქმეზე სასამართლო სხდომა კი 2 მარტისთვის გადაიდო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG