Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატი წვერავაზე ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი: წვერავა შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს ბრალდებული


"თავად ახდენდა პროვოცირებას და აქციის მონაწილეებს ეძახდა პუტინის მონებს, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა და თავადვე ძალადობდა ის. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო წვერავას ჩვენებას, რომელიც არის დაზარალებული ამ საქმეზე და გითხრათ, რომ წვერავა მიეჭრა მეუფეს, მიტროპოლიტს, რომელიც იყო რუსთაველის გამზირზე, მას უთხრეს რომ თავი შეეკავებინა და არ იყო იქ ინტერვიუს მიცემის დრო, ის გადავიდა ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე, პუტინის მონებოო, რა დროსაც შეეცადნენ ის გაერიდებინათ იქიდან და ამ მოეცმულობაში, ამ ჯიკაობაში განხორციელდა შესაბამისად ქმედება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ ჩაუდენია. წვერავას იმ დროს მკერდზე, სამაჯურსა და ტანზე შემოკრული ჰქონდა LGBT სიმბოლიკა, ეს იმისათვის, რომ პროვოცირება მოეხდინა კონკრეტულ ჟურნალისტს. მან იცოდა, რა შედეგი დადგებოდა და სურდა პროვოცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა რაიმე ჩაიდინა" - თქვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავაზე ძალადობაში ბრალდებულის, რომეო კეკუტიას ადვოკატმა. გარდა იმისა, რომ ის ამტკიცებს, ძალადობა დაზარალებულის პროვოცირებული იყო, რატი წვერავას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშულებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედებას არ ვგმობ იმიტომ, რომ არ განუხორციელებია, რაც აქ წერია... ბოლოს Არაფერი შეიძლება აღარაგწრი დარჩეს და წვერავა აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე ცრუ ჩვენებისთვის" - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

ადვოკატის ვერსია რატი წვერავაზე ძალადობის შესახებ მსგავსია ქუთაისელ-გაენათელი მიტროპოლიტის მიერ რამდენიმე დღის წინ მოყოლილი ვერსიისა. მეუფე იაონე ამტკიცებდა, რომ 5 ივლისს “ფორმულას” ჟურნალისტმა, რატი წვერავამ “საროჩკა” თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

“საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმარო ძმა, გინდა შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი?!” – თქვა მიტროპოლიტმა.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესი. რომეო კეკუტიას გარდა ბრალდებულის სკამზე სხედან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე თავდამსხმელი გიორგი კახიანი, ფორმულას ფოტორეპორტიორზე თავდამსხმელი თედო ბურდული და იმედის ოპერატორზე, შოთა კერვალიშვილზე თავდამსხმელი გიორგი ნასყიდაშვილი. ოთხივე პირის დაკავების შესახებ ცნობილი დღეს დილას გახდა. ძალადობის ოთხივე შემთხვევაში არაერთი სხვა პირი მონაწილეობდა, რომლებიც პოლიციას ჯერ ნაპოვნი არ ჰყავს. გამოძიება 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ეპიზოდებს ცალ-ცალკე იძიებს და ორგანიზებულ დანაშაულზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

XS
SM
MD
LG