"უპასუხო კითხვები", "მოსალოდნელი პასუხისმგებლობა" და "პოლიტიკურად მოტივირებული", - ეს იყო მთავარი გზავნილები, რომელსაც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გაცნობის შემდეგ ავრცელებენ მმართველი პარტიის წევრები. კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ თქვა, რომ ის კრიტიკულ ფაზაშია. გარდა ამისა, ექიმების ამავე ჯგუფმა აღნიშნა, რომ საჭიროა მოშიმშილე ექსპრეზიდენტის დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, კონსილიუმმა იმ მთავარ კითხვას ვერ გასცა პასუხი, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ექიმების შეკრების მიზანი, ანუ იყო თუ არა რაიმე სახის საჭირო სამედიცინო მომსახურება, რომელიც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღო. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს სახალხო დამცველი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და ექიმების სავარაუდო პოლიტიკურ მიკერძოებაზეც ისაუბრა.
"შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებული. მაგალითად, იმიტომ რომ ლომჯარიამ დამალა ორი ფაქტის შესახებ - ის, რომ ვისაც მადლობას უხდიდა სოციალურ ქსელში, ერთი, როგორც მე ვიცი, მისი მამიდაშვილი იყო, თუ არ ვცდები და ის იყო "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი. ამ ადამიანის დახმარებით შეიკრიბა ასევე აქტიური მხარდამჭერები, შეიძლება ყველა არა, ძირითადად, უმრავლესობა იმ კონსილიუმისა, რომელიც მან შექმნა. შესაძლებელია, ეს იყოს პოლიტიკური მიკერძოება, ძალიან სამწუხაროა თუ ეს არის, მაგრამ ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში", - თქვა მდინარაძემ.
პოლიტიკურ მიკერძოებასთან ერთად მისმა თანაპარტიელმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექიმების დასკვნას "ფეიკი" უწოდა და სახალხო დამცველისა თუ ამ დასკვნის შექმნაში ჩართული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
"როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნა დაიწუნა "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმაც.
"ამ ჯგუფმა ნაცვლად იმისა, რომ შეესწავლა შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის შესაძლებლობა როგორია, საუბრობენ იმაზე, მოშიმშილე პატიმარი როგორ მართონ და ამისთვის რომ საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. არადა თვითონ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რა მომენტშიც მოხდება მისი გადასვლა სამოქალაქო კლინიკაში, ის შეწყვეტს შიმშილობას", - თქვა პაპუაშვილმა.
კონსილიუმის დასკვნის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის შიმშილობის შემდეგ მკურნალობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. კითხვაზე პასუხად ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ეს საკითხი არ შეუსწავლიათ, რადგან პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი უარს აცხადებს იმ დაწესებულებაში მკურნალობაზე.
სახალხო დამცველი აგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს და სტრასბურის სასამართლოს, სადაც სააკაშვილის საქმის განხილვა უნდა დაიწყოს, მესამე მხარედ ჩართვას სთხოვს.