Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი იმყოფება მულტიფუნქციურ კლინიკაში


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„რა სამედიცინო საჭიროება არსებობს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში? - კითხულობს მდინარაძე და განაგრძობს, - დღეს გვესმოდა განცხადებები, „გადაიყვანეთ საავადმყოფოში“, საავადმყოფოშია. გვესმის მოწოდებები, რომ „გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში“, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში“.

მამუკა მდინარაძემ დაამატა: „ისე ხმოვანდება ოპოზიციის „ფეიკ-მესიჯები“, რომ თითქოს ის არ არის საავადმყოფოში, თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა. რა სერვისის საჭიროებაა, რომელიც არ ეწევა პატიმარ სააკაშვილს? CT [კომპიუტერული ტომოგრაფია] თუ სჭირდება, ის არის, მაგრამ თუ შესაძლოა, დაჭირდეს, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანიზაცია“.

რაც შეეხება კონსილიუმს, მდინარაძის თქმით, ის საჭირო გახდა იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო დაწესებულება. დღეს, როგორც უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის მედპერსონალი და არაერთი ექიმი. მდინარაძის თქმით, სხვადასხვა ბრიგადებიდან არიან მივლინებული სხვადასხვა პროფილის ექიმები, შესაბამისად, თუკი სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება, მათ შორის, პირობითად, რეანიმაციის, მას გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

XS
SM
MD
LG