გლდანში, მე-18 დაწესებულებაში მოინახულეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა. როგორც სააკაშვილის ინტერესების დამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, დღეს, 15 ნოემბერს, რამდენჯერმე იყვნენ სააკაშვილთან შესულები, იმის გამო, რომ ვერ ახერხებდა წამოდგომას.
როგორც ადვოკატმა თქვა, აღსანიშნავია, რომ დღესაც არ ყოფილა ექიმთა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას.
რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის შთაბეჭდილების ქვეშ, 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით. საძაგლიშვილის თქმით, ეს ეხება, როგორც ამ აქციის მშვიდობიან ფორმას, ასევე, ეფექტიანობას.
„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რეალური მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა. მისი შიმშილობა და გათავისუფლება არის ამის მისაღწევად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი და ამიტომ არ უნდა გაიბლაროს ძირითადი მიზანი საშუალებისგან“, - თქვა ადვოკატმა.
დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის დასუსტებული და დღევანდელი ეფექტიანი პროტესტის შემდეგ, სწორედ იმიტომ ვერ გაბედა ხელისუფლებამ ძალის გამოყენება.
ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი მიესალმება საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტს და იმედს გამოთქვამს, რომ მიეცემა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
საქართველოში იმყოფება უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის მიხედვითაც, აპირებს ციხეში მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.