Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული და ნათქვამია, რომ მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".

მონიტორინგის შედეგების დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან მოშიმშილე პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ წერია შემდეგი:

მიმდინარე სტატუსი - კრიტიკული

რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები:

  1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება
  2. ვერნიკეს ენცეფალოპათია
  3. პერსისტენტული ჰიპოკალემია - 08.11.2021 იდან
  4. ანემია - თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა
  5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა
  6. მაღალი სტრესული გარემო

მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში:

  1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება - კომით, ეპილეფსიური სტატუსით
  2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა
  3. გასტრო ინტესტინალური სისხლდენა
  4. ჰემოლიზი - თალასემია + ჰიპოფოსფატემია
  5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)
  6. გულის უკმარისობა
  7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი.

აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

  1. შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა
  2. მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი
  3. რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება
  4. პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა.

პაციენტის განთავსების სამკურნალო დაწესებულების სიტუაციური ანალიზი:

  1. ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიწყო 3 კვირის წინ.
  2. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილი არ არის ადგილზე (მაგ. MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია), რის გამოც დახურული ციკლის შეკვრა შეუძლებელია (იგულისხმება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დამძიმებისას მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მოხსნა).
  3. სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24-საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება.

მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი. მაგალითად:

- ჩვენ მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო.

- შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა.

- ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა - კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო.

4. დაწესებულებაში მუდმივად მორიგე რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ქმნის უსაფრთხოების განცდას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია, რეანიმაციული ღონისძიებები, მათი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით არაეფექტური იქნება.

5. ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკავშირდებოდა დაკარგულ დროს, რაც თავის მხრივ, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს.

6. პაციენტის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაუდებელი გადაყვანის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს სხვადასხვა რგოლებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციას.

დასკვნა

პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

საქართველოს სახალხო დამცველის 16 ნოემბრის ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

16 ნოემბერს ექსპერტები იმყოფებოდნენ მე-18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლ ხურციძე, გიორგი გრიგოლია, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, გაეცნენ მე-18 დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს, ესაუბრნენ მთავარ ექიმს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს.

ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა 17 ნოემბერს და განიხილა მონიტორინგის შედეგები. განხილვის პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

  • გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
  • გრიგოლ ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
  • გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი
  • გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი
  • აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
  • მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი
  • თენგო წულაძე - ნევროლოგი
  • ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძეს და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

XS
SM
MD
LG