"განტოლებაში შეცდომაა, ციხის საავადმყოფოში ექიმების რეკომენდაციები ვერ შესრულდება" - ეუბნება რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და მიიჩნია, რომ მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მართებული არ იქნება.
რატომ ფიქრობს სახალხო დამცველი, რომ გლდანის მე-8 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია როგორც სამედიცინო, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით სახიფათოა?
ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გვეუბნება, რომ როდესაც ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი შეიქმნა, იუსტიციის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რასაც ეს ჯგუფი ჩათვლიდა საჭიროდ.
კონსილიუმმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ დაასკვნა, რომ შიმშილობის გამო, შესაძლოა, მალე სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობის და ლაბორატორიული მაჩვენებლების გაუარესდეს და დაწერა: თუ დღის წესრიგში დადგებოდა, დროის მცირე მონაკვეთში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება, მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო ტიპი C შერეულ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სრული სამედიცინო სერვისის ჩატარება, აქ ჩამოთვლილი იყო მაგნიტურ-რეზონანსური გამოსახვა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლერ სკანირება, ლაბორატორია, ექიმ-სპეციალისტების რესურსი.
სახალხო დამცველის წინაშე დადგა ამოცანა - ამოეხსნა განტოლება და გაეცა პასუხი კითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა ციხის საავადმყოფო ამ პირობებს?
რადიო თავისუფლება: და თქვენ დაწერეთ, რომ არ აკმაყოფილებს. ისიც დაწერეთ, რომ ციხეს რეანიმატოლოგიც არ ჰყავს, თუმც კი ამ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრმა უწოდა უზუსტობა.
გიორგი ბურჯანაძე: ჩვენ მივედით და შევამოწმეთ რა ხდება დგილზე. წინასწარაც ვიცოდით,, რომ ამ დაწესებულებაშო, რომ ე.წ. "კატეს" და "ემერტეს" აპარატები, დუპლერ სკანირების შესაძლებლობა არ იყო. ლაბორატორია არის, ექიმ-სპეციალისტების საშუალება არის. ჩვენ გასული წლის დეკემბერში ვიყავით იქ და მონიტორინგის ანგარიშშიც იგივე გვიწერია. რაც შეეხება რეანიმატოლოგს, ჩვენ გუშინ ვესაუბრეთ დირექტორის მოადგილეს, მთავარ ექიმს და მკურნალს ექიმს და არც ერთმა იცოდა, რომ რეანიმატოლოგი ჰყავთ. "უახლოეს დღეებში იგეგმებაო" - აი, ასე გვიპასუხეს და ჩვენც ასე დავწერეთ. რაც შეეხეაბა აპარატურას, წლების განმავლობაში ასეა, რომ ეგეთი კვლევებისთვის ნებისმიერი პატიმარი გაჰყავთ გარეთ და გარეთ უტარებენ ამ გამოკვლევებს. რომ შევაჯამოთ, ამ განტოლებაში შეცდომაა, რადგან რაც სამედიცინო ჯგუფის წევრებმა დაწერეს, იმას მე-18 დაწესებულებაში ვერ შეასრულებ.
რადიო თავისუფლება: უსაფრთხოების ნაწილზე რას იტყვით? ეს მე-18 საავადმყოფო არის გლდანის ციხის ტერიტორიაზე ხომ?
გიორგი ბურჯანაძე: კი, ასეა და ჩვენ ამ ნაწილსაც ვაფასებთ. კითხვას ასე ვსვამთ, რატომ გვაქვს საქარველოში ეს #12 ციხე? იმიტომ, რომ იქ მოთავსებულია პატიმრების განსაკუთრებული კატეგორია, ყოფილი პოლიციელები, პოლიტიკოსები და ა.აშ. პატიმარი რომ ხარ და ვინც დაგიჭირა მასთან ერთად არ უნდა ჩაგსვან ერთ ციხეში და ერთ საკანში არ უნდა მოგათავსონ, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? ამას მოჰყვება დიდი არეულობა და დეზორგანიზაცია, ამიტომ ამ ციხეში მოთავსებულ პატიმარს აქვს განსაკუთრებული უსაფრთხოების საჭიროება. თან გვაქვს უკვე ერთ მაგალითი - ახლა მე-12 დაწესებულებაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა, 2015 წელს ჰყავდათ გლდანის მე-8 დაწესებულებაში და იქ ყოველდღე იყო დაძაბულობა, ისმოდა გინება, იყო ხშირი დეზორგანიზება და ა.შ. ეს მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, რეალურად, არის გლდანის მერვე დაწესებულების ეზოში.
რადიო თავისუფლება: ანუ იქ მისასვლელად ციხის მთელი ეზო უნდა გადაჭრა.
გიორგი ბურჯანაძე: კი, მაგალითად, იქ რომ შევიდეს ადვოკატი, ოჯახის წევრი, პოლიტიკოსები, მეგობრები, მათ ყველამ უნდა გაიაროს გლდანის ციხეს ეზო, უნდა ჩაიარონ ფანჯრებიდან ათმეტრიან დისტანციაზე. მე რომ მერვე დაწესებულების დირექტორი ვიყო, პირველ რიგში, მე არ მენდომებოდა ეგ, რადგან ჩვენი აზრით, გაჩნდება უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები. ამ ეზოში მე-18 დაწესებულება არის სულ ბოლო შენობა, იქამდე ორი ბლოკი უნდა გაიარო.
25 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ რადგან კითხვების მაინც არსებობს, თუ რომელი სამედიცინო დაწერესებულების კატეგორიას განეკუთვნება სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მისი ხელახალი მონიტორინგს დაევალება.
ხოლო იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე თავის მხრივ, აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მას გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც პატიმრებს მკურნალობენ და რომ ციხის საავადმყოფო მზად არის სააკაშვილის მისაღებად.
ამ დროისთვის ბოლო და სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გუშინ ღამით გართულდა. მისი თქმით, ამის გამო საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევაც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.