Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი მე-18 სამკურნალო დაწესებულების შესწავლას რეგულირების სააგენტოს ხელახლა დაავალებს


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვინაიდან არსებობს კითხვები, რომელი სამედიცინო დაწერესებულების კატეგორიას განეკუთვნება სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულება, ის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მის ხელახალ მონიტორინგს დაავალებს.

ეკატერინე ტიკარაძემ ეს კომენტარი ქუთაისში ყოფნისას გააკეთა, სადაც ის გამოეხმაურა სახალხო დამცველის იმ შეფასებასაც, რომლის თანახმად, „დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია ყველა დარჩეს თავის კომპეტენციის ფარგლებში.

„უსაფრთხოებაზე მე ვერ ვისაუბრებ, აქ სხვამ უნდა გააკეთოს კომენტარი, რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც არის გაცემული ექიმების მხრიდან, ეს არის დოპლერი, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ კლინიკას აქვს როგორც დოპლერის აპარატი და, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღეში თვითონ ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან ეს არის მობილური დანადგარი, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, კომპიუტერული ტომოგრაფი გააჩნია კლინიკას და გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან მაღალი ინტერესი საზოგადოებრივი, თუ რომელ ტიპს შეესაბამება ეს კლინიკა, რა ხარისხის არის ეს კლინიკა, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს, რომ მოახდინოს განმეორებითი შესწავლა კლინიკის და დადოს შესაბამისი დასკვნა კლინიკის მზაობის შესახებ და უკვე ეს გასაჯაროვდეს, იმისათვის, რომ აღარ იყოს კითხვები, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს. ვინაიდან, თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტის ინტერესი იყოს თანაბრად დაცული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სახალხო დამცველს 24 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს თხოვნით, შეემოწმებინა იმ საპატიმრო დაწესებულების მდგომარეობა, რომლის ჰოსპიტალშიც ფიქრობს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანონ არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა, რასაც იუსტიციის სამინისტრო აპირებს, დაუშვებელია როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ისე უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 25 ოქტომბერს თქვა, რომ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულება, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, მზად არის სააკაშვილის მისაღებად.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამედიცინო კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავა, ამბობს რომ კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებდეს "მრავალპროფილურ, მაღალი კვალიფიკაციის ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში". ზურაბ ფაღავამ სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფი ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG