Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: არ უნდა გადავიდეთ ტრაგიკულ ფაზაში, მძიმედ დრამატულ ფაზაში ვართ


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გაავრცელეს და მოითხოვეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილ იქნას არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა, რასაც იუსტიციის სამინისტრო აპირებს, დაუშვებელია როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ისე უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით.

"იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულებდა სააკაშვილის ლიკვიდაციით" - თქვა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. ამ ბრიფინგს წინ უსწრებდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ ფეისბუქზე დაწერილი პოსტი იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ექიმი დეზინფორმაციას ავრცელებს.

"მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ" - დაწერა იუსტიციის მინისტრმა გუშინ გვიან ღამით მინისტრმა საკუთარ გვერდზე.

"იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოდგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას.

იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI, ე.წ. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც პირადაპირ წერია კონსილიუმის დასკვნაში.

გარდა ამისა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი, ამ კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი" - თქვა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

"ყოველდღიურად მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის გამართლებული. ყველას კარგად გვესმის რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა გლდანის საპატიმრო დაწესებულების ციხეში, პრეზიდენტის, რომელმაც ორგანიზებული დანაშაული დაამარცხა საქართველოში, არის ცალსახა პროვოკაცია" - უთხრა მედიას დღეს გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. მისი თქმით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მოშიმშილე პატიმრები იუსტიციის სამინისტროს უპრობლემოდ გადაუყვანია სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში", რომელსაც აქვს შესაბამისი კონტრაქტი პენიტენციურ დაწესებულებასთან.

სააკაშვილის ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტროს უარს და ორჭოფობას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად მიიჩნევენ და ითხოვენ:

  • უახლოეს საათებში იუსტიციის სამინისტრომ თქვას თანხმობა სააკაშვილის მრავალპროფილიან სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე;
  • მიხეილ სააკაშვილის ჯანდაცვაზე ზრუნვის პროცესში პირად ექიმთან
  • ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსიროს პოზიცია იმის შესახებ, არის თუ არა ციხის სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირმა სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება მიიღოს.
  • სახალხო დამცველმა შეისწავლოს ციხის კლინიკის მდგომარეობა და მონიტინგი განახორციელოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესასწავლად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორც ადვოკატები ამბობენ, დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან ამ დრომდე შიმშილობს. მისი მდგომარეობა კი მძიმდება.

XS
SM
MD
LG