Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არასდროს განხილულა


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულება, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, მზად არის სააკაშვილის მისაღებად.

"​ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, საუბარი არის, რომ თუ გახდება სააკაშვილის ჰოსპიტალიზება საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სამოქალაქო კლინიკაზე საუბარი არ ყოფილა... თუკი საჭირო გახდება პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენტიტენციური სამსახურის #18 სამკურნალო დაწესებულებაში... მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს აუცილებლად სამოქალაქო კლინიკას", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც ამავდროულად არის "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, ამბობს, რომ გლდანის ციხეში "იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით". ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო და გვარამია დაიბარა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება.

XS
SM
MD
LG