15 წლის ლიზი ღვედაშვილი, მეგობრებთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში სოფლის საჯარო სკოლაში მაკულატურას იმისთვის აგროვებდა, რომ გაეყიდა და აღებული ფულით თავის სოფელში სკვერი მოეწყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მცხოვრებ 10-მდე მოზარდს სკვერის მოწყობის იდეა მას მერე გაუჩნდა, მათ სკოლაში პროექტში "ნიკო კეცხოველის პრემია“ მიიღეს მონაწილეობა. ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გარემოს დაცვა და ეკოაქტივიზმის როლის გაზრდა იყო.
მოსწავლეებმა სოფელში მიტოვებული ადგილი შეარჩიეს, სადაც წლების განმავლობაში სამშენებლო მასალები ეყარა და სკვერის მოწყობაც იქ გადაწყდა.
„როგორც გავარკვიეთ, 10 წლის წინ, სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ ადგილობრივს ეკლესიის აშენება სდომებია. მოუტანია ქვები და მიწა, რომელიც ადგილზე დაუყრია. წლებია ეს მასალები აქ ეყარა და ყურადღებას არავინ აქცევდა. საბოლოოდ, ეკლესია ვერ აშენდა. ჩვენ კი სოფლის რწმუნებულს ვთხოვეთ ამ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის ნებართვა მოეცა და ისიც დაგვთანხმდა“, -მოგვითხრობს ლიზი ღვედაშვილი.
თანხმობის მიღების შემდეგ მოსწავლეებმა სკვერის სამშენებლო მასალებისგან გაწმენდა დაიწყეს. ტექნიკით დახმარება სთხოვეს სოფლის სკოლის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს. ისინი დაჰპირდნენ, რომ ნარჩენებს გაატანინებდნენ, თუმცა როგორც ლიზი ღვედაშვილი ამბობს, სკვერის მოწყობის შესახებ სოფლის მოქმედი ეკლესიის სასულიერო პირმა რომ გაიგო, განაწყენდა და მალევე მოსწავლეებს, მუშებს, სოფლის გამგებელსა და სასულიერო პირს შორის შეხვედრა დაიგეგმა.
ბავშვებს უთხრეს, რომ ტერიტორია, სადაც მათ სკვერის აშენება სურდათ, ეკლესიისთვის იყო განკუთვნილი.
„შეხვედრაზე მამაომ მუშებს უთხრა, რომ თუ ისინი ტერიტორიიდან სამშენებლო მასალებს გაიტანდნენ, ეს ცოდვაში ჩაეთვლებოდათ. ამ სიტყვების შემდეგ მუშებმა დახმარებაზე უარი გვითხრეს. სასულიერო პირი იმასაც ამბობდა, რომ ეკლესიის აშენება კარგი იქნებოდა, მაგრამ ამის ფინანსები არ იყოო. ლაპარაკი დაიწყო იმაზეც, რომ თუ ხალხი შეაგროვებს ფულს, ეკლესია უპრობლემოდ აშენდებაო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლიზი ღვედაშვილი.
საბოლოოდ, სასულიერო პირის მოთხოვნით, ადრე ეკლესიისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის უფლებას სოფლის ახალგაზრდებს იმ შემთხვევაში მისცემდნენ, თუ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს მათ დაუჭერდა.
„ჩვენ მაშინვე დავიწყეთ გამოკითხვა. 150 ადამიანი გამოვკითხეთ, და 147 ჩვენ დაგვიდგა მხარში. 3 იყო წინააღმდეგი. მომხრეები ამბობდნენ, რომ სოფელში ერთი ეკლესია უკვე არის და მეორე არ არის საჭიროო“.
ლიზი ღვედაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვის ამ შედეგების შემდეგ მათ სასულიერო პირისგან სკვერის მოწყობაზე თანხმობა მიიღეს, თუმცა იმ პირობით, რომ სკვერი მხოლოდ ერთ ნაწილზე მოეწყობოდა და მეორე ნაწილი კვლავ ეკლესიის ასაშენებლად დატოვებდნენ.სკვერის მოწყობაც ასე დაიწყო.
"სულ 210 ლარი გვქონდა. შემდეგ თანასოფლელმა 100 ლარი გვაჩუქა. ამ ფულით საღებავები ვიყიდეთ. ცემენტის კედლები შევღებეთ და მოვხატეთ. ერთმა მეგობარმა ხის „პადონები“ გვაჩუქა, რომლითაც სკამები და მაგიდები გავაკეთეთ. ასევე საქანელების მოწყობას ვგეგმავთო“ - ამბობს ლიზი ღვედაშვილი.
ძველ ანაგელი ახალგაზრდები საკუთარი ძალებით სკვერის მოწყობას ამ დრომდე აგრძელებენ. ახლა მათი მთავარი საზრუნავი სკვერის შემოღობვა და განათების მოწყობაა.