Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ველოსიპედის ქარხანა თბილისში და კუნძული ბათუმში - პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები


თვითმმართველობის არჩევნებამდე არასრული  2 კვირა რჩება.  პოლიტიკოსები წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ და დაპირებებს იძლევიან. რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა პოლიტიკურ აღთქმებს, რომელთა ნაწილი წინა არჩევნებზეც მოგისმენიათ, ნაწილი კი არარეალური და პოპულისტურია. 

მმართველი პარტია “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნება” ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც 9 წელიწადში ვერ მოასწრო და ძველ დაპირებებს ახლებსაც უმატებს.

მმართველმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩევლის გულის მოგება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სცადა. პრემიერ-მინისტრმა წამოიწყო “რეგიონების განახლების პროგრამა”, რომლის ბიუჯეტიც 500 მილიონი ლარია. გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარებისთვის თითქმის ამდენი თანხა ყოველწლიურად ისედაც იხარჯებოდა ბიუჯეტიდან და ეს პროექტი თვისობრივად ახალს არაფერს ნიშნავს რეგიონებისთვის, იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ხელისუფლება წარმოაჩენს, ეწინააღმდეგება თვითმმართველობის პრინციპებსაც და არის მაგალითი იმის, რა ხდება, როცა პერიფერიებს ცენტრი მართავს.

სიღარიბე, უმუშევრობა და ინფრასტრუქტურული პროექტები - ესაა მთავარი, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ. გაკეთებული და დაგეგმილი ხიდები, სკოლები, რომლების რეაბილიტაციაც დაწყებულია, საავადმყოფოები, რომლებმაც გაუძლო პანდემიას, მაგრამ გაუმჯობესებაც შესაძლებელია, გზა, გაზი, წყალი, ინტერნეტი ყველა ქალაქს და სოფელს, მეტი საწარმო, მეტი ადგილობრივი წარმოება, მეტი დამუშავებული მიწა და ხელოვნური კუნძულიც კი ბათუმის სიახლოვეს.

პრობლემები, რომელსაც ქართული ოცნება აღიარებს, სიღარიე და უმუშევრობაა. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხელისუფლების ფორმულა ასეთია:

  • 2,5 მილიარდი ლარი ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ჯამში უნდა შეიქმნას 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და დაფინანსდეს 1300-მდე ახალი საწარმო;
  • 7 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს სოფლის მეურნეობაზე;
  • 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს იქნება წყალი 24-საათის განმავლობაში;
  • მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიგება 1500 კმ-მდე გზა;
  • იმპორტირებული საქონელი ნელ-ნელა (ვადა არ არის დაზუსტებული) სრულად ჩანაცვლდება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით.

“ქართულ ოცნებას” ქალაქებისთვისაც აქვს დაპირებები.

  • ქუთაისის “ტორპედო” გაიმარჯვებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში
  • ჩოხატაური გახდება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი;
  • ბათუმში აშენდება პალმის ფორმის ახალი, ხელოვნური კუნძული;
  • გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით;
  • ზესტაფონის სამრეწველო პოტენციალს დაემატება ყავის კომპონენტი;

2021 წლის არჩევნებისთვის ახალ იდეებად და შესრულებულ სიტყვად წარმოაჩინა ხელისუფლებამ ის დაპირებები, რომლებსაც წინა არჩევნების წინ იძლეოდა და მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, ან საერთოდ დაივიწყა.

მაგალითად, ონის მუზეუმს ახალ შენობას ჯერ კიდევ 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ დაპირდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ეს დაპირება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გაიხსენა. შენობა ამ დრომდე არ დასრულებულა, თუმცა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, რომელიც ამ პროექტზე 2016 წლიდან საუბრობს, ამომრჩევლებს 2021 წლის სექტემბერში დარწმუნებით უთხრა, რომ მუზეუმი მალე აშენდება და ამის შემდეგ ონი“ტურისტული მიზიდულობის ცენტრი” გახდება.

ახალგაზრდული სოფლი კოჯორში, ციფრული ჰაბები და ახლადგაშენებული ტყის 300 ჰექტარი - ეს მერის და მერობის კანდიდატის კახა კალაძის დაპირებებია. შეუსრულებელი დაპირებები 4 წლიანი მმართველობის დროს მასაც მრავლად დარჩა და თანაგუნდელების მსგავსად კახა კალაძეც ამბობს, რომ ყველაფერს მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში გააკეთებს.

გაერთიანებული ოპოზიცია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება

ეს ოპოზიციური პარტიები 2 ოქტომბრის არჩევნებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეფერენდუმად მიიჩნევენ და შეთანხმებულად მოქმედებენ. დაპირებებს შედარებით ნაკლებად გასცემენ. მათი მთავარი დაპირება მართვის სტილის შეცვლა და რეფორმებია. გაერთიანებული ძალისხმევით პარტიები ცდილობენ ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ საკმარისია ხელისუფლება კოალიციური მმართველობის ხელში გადავიდეს, მერე ყველაფერი უკეთ იქნება.

ამ პარტიების მიზანია “ქართულმა ოცნებამ” 43%-ზე ნაკლები ხმები მიიღოს, შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში კონკრეტული ქალაქებისა და რეგიონებისთვის შედგენილი გეგმები და ხედვებით არ მონაწილეობენ, ამომრჩეველს მხოლოდ ზოგადად ესაუბრებიან საჭირო ცვლილებებსა და ქვეყნის უკეთ მართვის პრინციპებზე.

მათ გეგმებში შედის:

  • კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება
  • გადასახადების შემცირება
  • მთავრობისა და ადმინისტრაციული რესურსის შემცირება
  • ქვეყნის დასავლური კურსის განმტკიცება
  • სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან
  • ძალოვანი უწყებების რეფორმა
  • კორუფციასთან ბრძოლა

“ლელო” და “მოქალაქეები”

პარტიები რომლებიც ოპოზიციური გაერთიანებისგან დამოუკიდებლად ცდილობენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ძირითადად თბილისელებს ელაპარაკებიან და მათი საარჩევნო პროგრამაც შესაბამისია.

“ლელომ” მთელი ქვეყნისთვის “მარშალის გეგმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეადგინა, თვითმმარველობის არჩევნების წინ კი ამ ტიპის დოკუმენტი თბილისისთვისაც შექმნა. “ქალაქი ქალაქში: 21 საუკუნის თბილისი” - ამ კონცეფციის მიხედვით თბილისს შეუძლია ერთდოულად იყოს:

  • სამუზეუმო და საფესტივალო ქალაქი
  • საქმიან ქალაქი
  • განათლებისა და ინოვაციების ქალაქი
  • სამედიცინო ქალაქი
  • კინო ქალაქი

თბილისის მწვანე ქალაქად გადასაქცევად “ლელო” სამი ახალი ცენტრალური პარკის გაშენებას და მტკვრის ქალაქისთვის “დაბრუნებას” გეგმავს. პარტია ფიქრობს, რომ შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარამდე გაზრდა და მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა, რომელიც დამატებით 100 000 სამუშაო ადგილს შექმნის.

ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ საკრებულოს კანდიდატებით მონაწილეობს. ვინც არ უნდა გახდეს თბილისის მერი, მოსვენებას არ მისცემს - ეს მისი მთავარი დაპირებაა. მის ახალ ლოგოზე კოდალაა გამოსახული. საარჩევნო ბანერებზე კი ალეკო ელისაშვილი კითხვებს უსვამს მერობის კანდიდატებს ნიკა მელიასა და კახა კალაძეს.

თბილისის განვითარებას, მისი ხედვა ასეთია:

  • მტკვარი, რომელიც ქალაქის მთავარი გამნიავებელია, უნდა გაიწმინდოს.
  • უნდა შემუშავდეს თბილისის ზღვის განვითარების გეგმა და აღარ შეიცვალოს თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის მიღებიდან ამ დრომდე ქალაქის მთავრ დოკუმენტში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა.
  • საბოლოოდ გადაიჭრას საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების პრობლემა და გამაგრდეს თბილისის ძველი შენობები.
  • გაიხსნას ვაზისუბნის მეტრო, მეტრო ახმეტელის მეორე ამოსასვლელი, მეტრო მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელი, ამუშავდეს სადგური გოცირიძე.
  • გაკეთდეს ტრავმაის ხაზი დიდი დიღომი - ვაშლიჯვარი - მეტრო დიდუბე.
  • განახლდეს ფიროსმანის ქუჩა, ძველი თბილისი შევიდეს UNESCO-ს სიაში.
  • არსენალის მთაზე გაშენდეს პარკი, ნაძალადევში რკინიგზის სახელოსნოს შენობაში გაკეთდეს მუზეუმი, დიდუბეში აღდგეს გერმანული სოფელი.

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი

ეს პოლიტიკური ორგანიზაცია თვითმმართველობის არჩევნებში “მესამე ძალის” სახელით მონაწილეობს, ამბობს, რომ არა მხოლოდ თბილისისთვის, ყველა ქალაქისთვის აქვს “განვითარების ინოვაციური და კომპლექსური” გეგმა, თუმცა დოკუმენტის სახით ეს გეგმები ამომრჩევლისთვის არ წარუდგენია. გიორგი ვაშაძის პარტია ამომრჩეველს პირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში დასრულდება ორპოლუსიანობა, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს უკეთესი მომავალი ექნებათ.

ლეიბორისტული პარტია

“დასაქმების სახალხო გეგმას” სთავაზობს ამომრჩეველს ლეიბორისტული პარტია, რომლის სამიზნეც არა მსხვილი ბიზნესი, არამედ წვრილი მეწარმეები და სტარტაპები იქნებიან. მათ მხარდასაჭერად პარტია 30 მილიონიანი ფონდის შექმნას აპირებს.

ლეიბორისტული პარტია გეგმავს ასევე საბიუჯეტო შესყიდვების დროს მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის შეძენას და ფიქრობს, რომ ადგილობრივი წარმოების ნერგების, საბავშვო ბაღებისთვის საკვების და სამშენებლო მასალის შეძენა სრულიად რეალისტური დაპირებაა.

კიდევ ერთი გეგმა, თბილისის ბიუჯეტით ველოსიპედების მწარმოებელი ქარხნის აშენებაა, რომელიც სააქციო საზოგადოება იქნება რომლის აქციები სამ და მეტშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.

პატრიოტთა ალიანსი

“ჩვენი საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენების” გულის მოგებაზე ფიქრობს “პატრიოტთა ალიანსი.” ირმა ინაშვილი “ყველაზე გაჭირვებულ ფენებს” პირდება უფასო საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს კვირის გარკვეულ დღეებში, სოციალურად დაუცველებს კი - საკვების, მკურნალობისა და ჩაცმის ფულს მუნიციპალიტეტები გადაუხდის.

“სკოლებში არ უნდა არსებობდეს ე.წ. ნისიების რვეული” - ეს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი დაპირებაა. პრორუსული განწყობებით გამორჩეული პარტიის მთავარი დაპირებების ჩამონათვალი ასეთია:

  • უფასო სასადილოები ადგილზე მიტანის სერვისით;
  • უფასო მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები სოციალურად დაუცველებისთვის;
  • უფასო საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი სოციალურად დაუცველებისთვის კვირის კონკრეტულ დღეებში;
  • მუნიციპალური საავადმყოფოები, რომლებიც უფასოდ მოემსახურება მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც დაზღვევა არ აქვს;
  • ფიქსირებული გადასახადი წვრილი და საშუალო მეწარმეებისთვის;
  • საზღვრისპირა სოფლებიში მცხოვრებთათვის “ჯამაგირის” შემოღება საზღვრის დაცვისთვის, ასევე უფასო მომარაგება საკვებით და , მედიკამენტებით;
  • გადასახადების გაზრდა იმპორტირებულ საქონელზე;
  • სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ბიუჯეტიდან;
  • მეექვსე კლასიდან ზემოთ მოსწავლეების გაშვება ევროპასა და იაპონიაში საზაფხულო სკოლებსა და ბანაკებში.

პარტიების დაპირებების ნაწილი ერთმანეთს გავს - ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და სოფლის მეურნეობის განვითარება, სოციალური დახმარებების პაკეტების მრავალფეროვნება თითქმის ყველასთან თვალშისაცემია.

სასოფლო სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას აუცილებლად მიიჩნევენ “ქართული ოცნება”, “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი.” ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და იმპორტირებული საქონლის მაქსიმალურად შემცირებას გვპირდებიან “ქართული ოცნება”, “ლეიბორისტული პარტია” და “პატრიოტთა ალიანსი.” სასამართლო რეფორმის და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმების აუცილებლობაზე მმართველი პარტიის გარდა თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება.

მწირია დისკუსია იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის დეცენტრალიზაცია და თვითმმმართველობების გაძლიერება. ნიშანდობლივია ისიც, რომ დაპირებების უმეტესობა არ არის გამყარებული გარანტიებით და მათი განხორციელების გზებზე არც პოლიტიკოსები საუბრობენ და არც ამომრჩევლები სვამენ კითხვებს.

XS
SM
MD
LG