2021 წელს კახა კალაძე კვლავ არჩევნებში მონაწილეობს - ამჯერად თანამდებობის კიდევ 4 წლით შესანარჩუნებლად. ჯერჯერობით ახალი პროგრამა არ გამოუქვეყნებია.
22 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას, კახა კალაძემ თქვა: „ჩვენი მომდევნო დაპირება, ხედვა, საარჩევნო სლოგანი, რა თქმა უნდა გამომდინარეობს "სიცოცხლით სავსე ქალაქიდან". ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელიც შეიქმნა და განხორციელდა სხვადასხვა პროექტების სახით. გვინდა მეტი, გვინდა მეტი მწვანე სივრცე, მეტი რეკრეაციული სივრცეები, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვინდა მეტი სოციალური და ჯანმრთელობის მიმართულებით პროექტები და გვინდა მეტი საბავშვო ბაღი იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში აღიზარდონ. შესაბამისად, ჩვენი მომდევნო ოთხი წლის დაპირება იქნება - "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში".
- მეტი სიცოცხლის შეტანამდე ყველა უბანში, არის თუ არა ქალაქი სიცოცხლით სავსე?
- მოახერხა თუ არა თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა ქალაქის მერმა?
- რა შესრულდა 2017 წელს გაცემული დაპირებებიდან?
2017 წლის საარჩევნო პროგრამაში არ ეწერა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის განახლება, გლდანში ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების გზის საფარის და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ფილების აყრა და დიზაინის განახლება და სხვა მრავალთვიანი და ძვირადღირებული პროექტები. ის რაც ეწერა, მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.
კახა კალაძის მერობის დროს გარდატეხა არ მომხდარა ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროცესში. ქალაქის მთავრობა კვლავ აგრძელებს თბილისის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არ ამცირებს საკუთარ ავტოპარკს და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობას.
მიუხედავად ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არსებობისა, კვლავ ქაოტურად მიმდინარეობს თბილისის განაშენიანება.
ნაწილობრივ, განხორციელებული პროექტების ნაწილი განწირული აღმოჩნდა წარუმატებლობისთვის - მაგალითად, ღამის ეკონომიკის პროექტი. ახალი გზა კი, რომელსაც ვაშლიჯვარში მოძრაობა უნდა განეტვირთა, ლისის ფერდზე მეწყრული პროცესების გააქტიურების ტრიგერი აღმოჩნდა, მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით - ამ ტერიტორიის უსაფრთხოების საკითხი კვლავ სათუოა.
დაპირებების ცხრილში პირობითი აღნიშვნები შემდეგი შინაარსისაა:
✅ - შესრულდა
❌ - არ შესრულდა
🔵 - ნაწილობროვ შესრულდა
დაპირება | ✅ | ❌ | 🔵 |
უახლოესი 4 წლის მანძილზე, თანმიმდევრულად განხორციელდება ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების, მშრალი ხიდის, 9 მარტის და დედაენის ბაღის, გუდიაშვილის მოედნის, ქვემო კალას, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის, ზემო კალას, ფიროსმანის, კარგარეთელისა და კონსტიტუციის ქუჩების, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, აგრეთვე აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ არსებული ისტორიული ბაღების კომპლექსის აღდგენა და ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე საფეხმავლო-სამუზეუმო მარშრუტის განვითარება. | 🔵 | ||
განხორციელდება სოფელ დიღმის კანალიზაციის მოწყობის მასშტაბური პროექტი. | 🔵 | ||
შეიქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა და უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური სინქრონიზაცია. მერია უზრუნველყოფს მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების ერთმანეთთან ადაპტირებას. | 🔵 | ||
ავტობუსები აღიჭურვება თანამედროვე, განახლებული GPS სისტემით, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ახალი ინტერაქტიული მონიტორები და შეიქმნება მუნიციპალური ტრანსპორტის აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს სრული ინფორმაცია სატრანსპორტო გადაადგილების შესახებ. | ✅ | ||
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი მოდული მგზავრს საშუალებს მისცემს, მგზავრობის საფასური გადაიხადოს როგორც სამგზავრო, ისე ყველა ტიპის პლასტიკური ბარათის, აგრეთვე მობილური აპლიკაციის საშუალებით. | 🔵 | ||
მეტროპოლიტენს დაემატება ახალი ვაგონები, რაც გაზრდის მგზავრთა გადაყვანას და შეამცირებს მოცდის ინტერვალებს. განახლდება 23 მეტროსადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით. | ❌ | ||
დაიწყება მეტროს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლება სამგორი-აეროპორტისა და დიდუბე-დიდი დიღმის ხაზების შექმნის შესაძლებლობა. | ❌ | ||
განხორციელდება პროექტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან მეტროს ინტეგრირების უზრუნველსაყოფად. | ❌ | ||
მეტროსადგურებში მოეწყობა შესაბამისი ადაპტირების ზონები და ინფრასტრუქტურა შშმ პირებისათვის. | ❌ | ||
არსებული მოძველებული ავტობუსები ჩანაცვლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული და ინტერნეტით აღჭურვილი ავტობუსებით. სამარშრუტო სქემის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ქალაქს მოემსახურება 700-ზე მეტი ერთეული თანამედროვე ტიპის 8-10-მეტრიანი ავტობუსი. | 🔵 | ||
მერია შეისწავლის ახალ დერეფნებს და შექმნის ახალ პრიორიტეტულ საავტობუსე ხაზებს. | 🔵 | ||
კონტრაქტორ კომპანიებთან თანამშრომლობით, მერია უზრუნველყოფს მიკროავტობუსების პარკის ეტაპობრივ განახლებას ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ახალი მიკროავტობუსებით. | 🔵 | ||
მოწესრიგდება ტაქსების სექტორი იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეიქმნას ტაქსის მძღოლებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტების დაცვამ. | 🔵 | ||
განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი და უზრუნველყოფილი იქნება მისი ინტეგრირება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის მეტროსთან. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები. | 🔵 | ||
დაინერგება პარკირების გამართული სისტემა. ერთიანი გეგმის შესაბამისად, განვითარდება ახალი საპარკინგე სივრცეები და მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების ინფრასტრუქტურა. შეიზღუდება პარკირება ტროტუარებზე. | 🔵 | ||
ცენტრალურ უბნებში შემოღებული იქნება საათობრივი პარკირება კომერციული ავტომობილების მფლობელებისა და გასართობი დაწესებულებების სტუმრებისათვის. | ✅ | ||
მტკვარზე აშენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას. ახალი ხიდი გააუმჯობესებს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს შორის კავშირს, განტვირთავს საგზაო მოძრაობას. | ❌ | ||
აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა; | ✅ | ||
უნივერსიტეტი-თამარაშვილის კვანძის განსატვირთად, მდინარე ვერეზე აშენდება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, აგრეთვე აშენდება ესტაკადა უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე; | ❌ | ||
აშენდება სატრანსპორტო პანდუსი გალაკტიონის ხიდის მარცხენა სანაპიროზე; | ❌ | ||
მოეწყობა კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე. | ✅ | ||
აშენდება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და გვირაბი; | ✅ | ||
აშენდება ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზა. | ❌ | ||
მოეწყობა კვანძი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე. | ❌ | ||
ჩატარდება ხიდებისა და გვირაბების რეაბილიტაცია. | ❌ | ||
მერია იზრუნებს მტკვრის და მისი შენაერთების დაბინძურების პრევენციაზე. მოეწყობა გამწმენდი ნაგებობები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე. | ❌ | ||
შეიქმნება კომფორტული პირობები ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისთვის; შეიქმნება ახალი ველობილიკები და მოხდება მათი ინტეგრირება ერთიან საატრანსპორტო სისტემასთან. მოეწყობა ველოსადგურები ისეთი ტიპის ობიექტებთან, როგორიცაა უნივერსიტეტები, სავაჭრო და საოფისე ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები და სხვ. | ❌ | ||
განახლდება ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის და ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრე-9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი. | 🔵 | ||
გამწვანდება ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძისა და მოსკოვის გამზირები და აეროპორტის გზა. | 🔵 | ||
ძველი თბილისის ტერიტორიაზე შეიქმნება საფეხმავლო რეკრეაციული ზონები. | 🔵 | ||
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი. | 🔵 | ||
განახლდება მზიურის პარკი, რომელსაც შეუერთდება ძველი ზოოპარკის ტერიტორია. | 🔵 | ||
უზრუნველყოფილი იქნება თბილისის შემოგარენის დაავადებული ტყეების აღდგენა და განახლება. დაავადებულ ტყის მასივებში განხორციელდება სანიტარული ღონისძიებები. | 🔵 | ||
ტყეების მიმდებარედ მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები და საპიკნიკე ადგილები. ჩატარდება სამუშაოები თბილისის ქარსაცავი ზოლების აღსადგენად. | ❌ | ||
შემუშავდება ღამის ეკონომიკის სტრატეგია, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას და ახალი უბნების განვითარებას, მიტოვებული სივრცეების ათვისებას, მდინარისპირა ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ინვესტორების მოზიდვას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნას. | 🔵 | ||
აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები ქალაქის ათივე რაიონში | 🔵 | ||
დასრულდება 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა და აშენდება 20 ახალი საბავშვო ბაღი. | 🔵 | ||
აშენდება 30-ზე მეტი სკოლა და გაუმჯობესდება 70-ზე მეტი სკოლის ინფრასტრუქტურა. | 🔵 | ||
თბილისში დაფუძნდება 5 ახალი მასშტაბური სპეციალიზებული სკოლა უფროსკლასელებისათვის: ევროპული სკოლა ევროკავშირის ჩართულობით, „HTH საქართველო“ ამერიკული High Tech High-ის ლიცენზიით, „სახელობო“ სკოლა ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელოვნებო სკოლა და STEM-სკოლა. არ დარჩება არც ერთი ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც ვერ მიიღებს მაღალი ხარისხის განათლებას ტექნოლოგიური, სახელოვნებო თუ სხვა მიმართულებით. | ❌ | ||
შემუშავდება და განხორციელდება მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრებისა და სახელოვნებო სკოლების მოდერნიზაციისა და მართვის სისტემის რეფორმირების კონცეფცია. განხორციელდება მუზეუმების რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს ქალაქის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდას. ქალაქის ბიბლიოთეკებში დაინერგება თანამედროვე სერვისები და ტექნოლოგიები. | ❌ | ||
განახლდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის ავტოპარკი 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ასამდე ავტომობილი აღიჭურვება პორტატული კომპიუტერებითა და ახალი საკომუნიკაციო სისტემებით. გამოძახებების გაფილტვრისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 112-თან თანამრომლობით, დაინერგება დისპეტჩერიზაციის ახალი პროტოკოლები. | 🔵 | ||
გაგრძელდება დაავადებათა სკრინინგის პროგრამა, რომლითაც წელიწადში 50 ათასამდე პირი სარგებლობს. აღნიშნულ პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის კომპონენტი. | ✅ | ||
გაგრძელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციური თერაპიის პროგრამა, რომელშიც 700 ბავშვია ჩართული. | ✅ | ||
გაგრძელდება C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის პროგრამების დაფინანსება, რომლითაც დღემდე უკვე 20 ათასამდე პაციენტმა ისარგებლა. | ✅ | ||
გაგრძელდება მუნიციპალური თავშესაფრის დაფინანსება | ✅ | ||
გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსება არაფორმალური განათლების ცენტრებში | ✅ | ||
გაგრძელდება უფასო სასადილოების ფუნქციონირება და გაუმჯობესდება კვების რაციონი. | 🔵 | ||
გაგრძელდება დანგრეული სახლების საკომპენსაციო თანხებით და ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება. | ✅ | ||
მუნიციპალიტეტი იზრუნებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკითხის მოწესრიგებაზე. | 🔵 | ||
თბილისის მერია უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას. ყოველწლიურად, 7-8 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან იხარჯება სოციალურად დაუცველი ან ავარიული სახლების მცხოვრებლების ბინის ქირით უზრუნველყოფაზე. | ❌ | ||
უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი დამოუკიდებელი გადაადგილების პროცესი შშმ პირთათვის; | ❌ | ||
მერია იზრუნებს შშმ პირთათვის საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, სახოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, პარკებისა და რეკრეაციული ობიექტების ადაპტირებაზე; | 🔵 | ||
შემუშავდება მერიაში კორუფციის პრევენციის სტრატეგია და დაინერგება კონტროლისა და მონიტორინგის ქმედითი სისტემა. | ❌ | ||
შეიქმნება მუნიციპალიტეტის ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც გაერთიანებული იქნება დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები. აღნიშნული მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს სტრატეგიულ და საბიუჯეტო დაგეგმვას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას. შეიქმნება თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელზეც დატანილი იქნება ინფრასტრუქტურული მონაცემები, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, მუზეუმები, კულტურული ღონისძიებების კალენდარი, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები, ეკოლოგიური მონაცემები და სხვ. | ❌ | ||
უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა როგორც საკუთარი შემოსავლების, ისე სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე და ქალაქის ბიუჯეტი, პირველად მის ისტორიაში, 1 მილიარდს გადააჭარბებს. სიღრმისეული გათვლების საფუძველზე, გადაისინჯება ქალაქის საბიუჯეტო პრიორიტეტები და შემუშავდება მუნიციპალიტეტის ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგია. | ✅ | ||
ქალაქის თითოეულ რაიონში შეიქმნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობისთვის ათეულობით მომსახურების გაწევა ერთი ფანჯრის პრინციპით. | ❌ |
კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში არ ეწერა, მაგრამ საარჩევნო ვიდეორგოლში ირიბად იკითხებოდა კიდევ ერთი დაპირება - ლაგუნა ვერესთვის სიცოცხლის დაბრუნება.
ლაგუნა ვერე 2021 წლის არჩევნების წინ კახა კალაძეს ბილბორდიდან შეახსენა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
წელს ლაგუნა ვერეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, თავად კახა კალაძე არ ახსენებს, მისი განახლების და ქალაქისთვის დაბრუნების პირობას ამჯერად პარტია „ლელო“ დებს.