ჩვენ გვინდა გავაჩინოთ ახალი, მძლავრი მესამე მიზიდულობის ცენტრი, "მესამე ძალა", რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის პრობლემებისა და საჭიროებების გადაჭრაზე, განაცხადა რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. გადაცემაში მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვის იხილავს საზოგადოება ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება პროდასავლური, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ღირებულებებით შეკრული პროფესიონალების გაერთიანება:
"თითქმის ყველა რაიონში გვყავს ჩვენი კანდიდატები წარდგენილი და ვფიქრობთ, რომ სწორედ "მესამე ძალის" ფორმირებამ ხელი შეგვიწყო იმაში, რომ ველი გაგვეხსნა. ძალიან ადამიანურად რომ ვთქვათ, ზოგს არ უნდა, რომ პარტიული იყოს, ზოგს ეს პარტია მოსწონს, ზოგს ის პარტია მოსწონს, ზოგს უნდა, რომ თავისი დამოუკიდებელი სტატუსი შეინარჩუნოს, შესაბამისად, ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით იმისთვის, რომ ყველას მორგებოდა. ოღონდ, რა თქმა უნდა, მთავარი განმსაზღვრელი არის საერთო ღირებულებები, რომლებზეც ყველა უნდა ვიდგეთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, „მესამე ძალა“ არის იდეა, რომელიც საზოგადოებას თავისი გზის სისწორეში დაარწმუნებს და ქვეყანაში არსებულ ორპოლუსიანობას დაასრულებს:
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა გარკვეული პლატფორმა ამ არჩევნებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალების, საზოგადოებრივ ჯგუფების თუ ცალკეული პირების, ვისაც უნდა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და მივეცით მათ შესაძლებლობა "მესამე ძალის" იდეის გარშემო გაერთიანების. მართლა ვფიქრობთ, რომ ეს ორპოლუსიანობა არ არის ის, რაც სჭირდება ქვეყნის განვითარებას და მნიშვნელოვანია, რომ ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ საქმის კეთების, ქვეყნის განვითარების იდეის გარშემო“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ „დღის საუბრებში“. მისი თქმით, „მესამე ძალა“ პრიორიტეტულად წამოსწევს ისეთ თემებს, როგორებიცაა ეკონომიკური პრობლემები, სამუშაო ადგილები, ურბანული განვითარება, სოფლისა და ქალაქის განვითარება, ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი რთული ვითარება და სხვა.
გიორგი ვაშაძემ „დღის საუბრებში“ აღნიშნა ასევე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „მესამე ძალის“ ფორმირების პირველ ფაზად განიხილება და მომავალში შესაძლოა იგი კიდევ უფრო გაფართოვდეს.
პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" პრეზენტაცია დღეს, 30 აგვისტოს, 21:00 საათზეა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან ის პარტიები თუ ცალკეული სუბიექტები, რომლებსაც პლატფორმა აერთიანებს. უკვე ცნობილია, რომ პლატფორმას უერთდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე.
"მესამე ძალა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველ ნომრად წარდგება. კანდიდატებს "მესამე ძალა" პირველ სექტემბერს დაასახელებს.